ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საკრუიზო გემზე „MV Hondius“ დაფიქსირებული ჰანტავირუსის ეპიდაფეთქება დასრულებულია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა ბოლო პირმა კარანტინი დაასრულა და მისი ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ 25 მაისის შემდეგ ვირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჯამში, ეპიდაფეთქების ფარგლებში ინფიცირების 13 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 3 ფატალურად დასრულდა. სპეციალისტებმა მსოფლიოს 33 ქვეყანაში 650-ზე მეტი კონტაქტი გამოავლინეს და მათზე მონიტორინგი განახორციელეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეპიდაფეთქება დასრულდა, ჯანმო გააგრძელებს მუშაობას მთავრობებთან და პარტნიორებთან, რათა უკეთ გავიგოთ ამ კონკრეტული შემთხვევის დეტალები და ზოგადად ჰანტავირუსის ბუნება“, — განაცხადა გებრეიესუსმა. მისივე თქმით, ორგანიზაცია 21 ქვეყნის მონაწილეობით კოორდინაციას უწევს კვლევას, რომელიც სამომავლოდ დიაგნოსტიკის, თერაპიისა და ვაქცინების შექმნას დაეხმარება.

















