ჯანყი „ქართულ ოცნებაში“ – მარტვილის მერი დეპუტატს უპირისპირდება

მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა მარტვილის დეპუტატის ოთარ დანელიას უპირისპირდება და მტკნარ სიცრუეს უწოდებს ოთარ დანელიას განცხადებას, იმის შესახებ რომ  „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. მერი დაბნეულია და არ იცის „რა მიზნით და რა მიზეზით გააკეთა დანელიამ მსგავსი განცხადება, რადგან მსგავსი არაფერი ხდება“.

შეგახსენებთ: მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე ღიად საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტს „ქართული ოცნების“ წევრები ამწვავებენ. მარტვილის მაჟორიტარმა და ყოფილმა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მისივე თანაგუნდელები სიტუაციის ესკალაციაში დაადანაშაულა.
“მწიფდება პოლიტიკური კრიზისი და ბატონო ირაკლი მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, ჩაერიოთ სიტუაციის გარკვევაში. ფაქტია რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მე მაქვს ინფორმაცია რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ასევე ხელს უწყობს ამ პრობლემის კიდევ უფრო ესკალაციას”, – განაცხადა დანელიამ.

არადა, დანელიამ ხმამაღლა თქვა ის, რაც ისედაც ცნობილია და რაზედაც დიდი ხანია კულუარულად საუბრობენ „იქ“, „ზემოთ“ სხვადასხვა რანგის სავარძლებზე  მსხდომნი. დანელიამ პარლამენტის თავმჯდომარე და სხვები ჩააყენა ასე ვთქვათ  საქმის კურსში, ისე, ვითომ ეს მათ არ იცოდნენ და ვითომ ჩუმ-ჩუმად ახალი თავშესაფრისთვის გზებს არ ეძებდნენ.
პარლამენტი პარლამენტად, მაგრამ რეალურად ოთარ დანელიამ მარტვილისათვის არასასურველი მერის ლობისტებს დაანახა ძალა, სიტყვის ფასიც და ისიც, რომ თუ საჭირო გახდება კონკრეტული ფაქტებით უფრო ხმამაღლადაც შეუძლია სიტყვის თქმა.

ვინ ლობირებს ალექსანდრე გრიგალავას და ვის ვერ ერევა ჯერჯერობით ოთარ დანელია? 

გრიგალავა პარლამენტის თავმჯდომარის მამის გია კობახიძის მეგობარია და მათი ურთიერთობა წლებს ითვლის. ჯერ კიდევ, როდესაც მარტვილის მერი და გია კობახიძე რაგბს თამაშობდნენ. მარტვილში ერთმანეთს მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლევან სურმავა უპირისპირდებიან. დავის მიზეზი კი თანამდებობებია. დაპირისპირების გამო რამდენიმე თვეა, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ვერ ნიშნავენ.

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც ხელმძღვანელობს ალექსანდრე გაბისონია, ოთარ დანელიას კადრია. ხოლო ალექსანრე გრიგალავა, რომელიც მეორე ტურში გამარჯვებული მერია, არ არის დანელიას და არც ლევან შონიას კადრი. ის არის ირაკლი კობახიძის მამის მეგობარი. სწორედ ირაკლი კობახიძის მამის, გია კობახიძის დახმარებით მოხვდა ალექსანდრე გრიგალავა მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტურში.
რაც შეეხება საკრებულოსა და მარტვილის მერის ურთიერთობას – საკრებულოში 37 ადამიანია აქედან ცხრამეტი “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, რომელიც ოთხი ფრაქციისგან შედეგება, ხოლო 18 დეპუტატი ოპოზიციური პარტიებიდანაა, ანუ 19/ 18-ზე. როგორც ჩვენი წყარო საკრებულოდან გვიყვება, არ არის გამორიცხული პოლიტიკური თამაშები ისე წავიდეს, რომ სახელისუფლებო პარტიას დასჭირდეს ვინმეს გადაბირება ოპოზიციური პარტიიდან,რომ მეორე ტურში არჩეული ალექსანდრე გრიგალავას იმპიჩმენტი შეძლონ, რადგანაც, მათი აზრით ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ლევან სურმავა კენჭისყრისას, სავარაუდოდ, თავს შეიკავებს. ლევან სურმავას ძმა დავით სურმავა, რომელიც გრიგალავას პირველი მოადგილეა, გრიგალავას კადრად მოიაზრება.

თაიმერის” წყაროს ცნობით, უკვე დაიწყო ხელმოწერების შესაგროვებლად წინა საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობა. გრიგალავასა დანელიას შორის, საკრებულოსა და მერს შორის დაპირისპირების გამო რამდენიმე თვეა მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ვერ ნიშნავენ. დანელიას მხარს უჭერს მეუფე პეტრე, რომელიც დიდი ავტორიტეტის სარგებლობს მარტვილში. როგორც წყარო აცხადებს, დაპირისპირების კულმინაცია დანელიასა და გრიგალავას შორის საფეხბურთო აკადემიის გახსნის დღეს მოხდა, საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გამართულ ბანკეტზე – თამადად ოთარ დანელია დანიშვნას გრიგალავას დიდი უკმაყოფილება მოყვა, ამბობენ, რომ მას სუფრის დემონსტრაციულად დატოვებაც კი უნდოდა. თუმცა, ეს მიზეზი არასერიოზული ჩანს. სინამდვილეში, ამ დიდი დაპირისპირების საბაბი გრიგალავას დამოუკიდებელი თამაში გახდა – დანელიას გვერდით ავლით და მისი თანხმობის გარეშე მეორე ტურისთვის მზადება იმ დროს, როცა დანელიას კანდიდატურა უკვე შერჩეული ყავდა.

შეგახსენებთ, რომ მარტვილში მერის არჩევნებზე პირველ ტურში ალესანდრე გრიგალავამ მამუკა დანელიასთან, რომელიც კენჭს იყრიდა “ერთიანი ნაციონალური ” მოძრაობიდან, წააგო. ეს იყო ის ერთადერთი მერობის კანდიდატი, რომელიც მისი პარტიის გადაწყვეტილებას, მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” არ მონაწილეობის შესახებ აპროტესტებდა.
ფაქტი ერთია “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მეორე ტურში გამარჯვება ელოდა. ეს იცოდა ოთარ დანელიამ, მაგრამ გია კობახიძესთან მეგობრობით, დანელიას გვერდით ავლით, მისი კანდიდატურა დაამტკიცა “ქართულმა ოცნებამ”. ასევე შეგახსენებთ, რომ გრიგალავას არასწორი მოქმედების გამო, იმ რწმუნებულებისთვის, რომელიც მან უკანონოდ გაათავისუფლა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარტვილის გამგეობას კომპენსაციის სახით 350 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.

გრიგალავას ზურგს კახი კალაძე უმაგრებს. გრიგალავას ვაჟი  კალაძის საფეხბურთო გუნდში თამაშობს. გრიგალავას და მეუფეს შორის დიდი ომია. დანელიას კანდიდატურა მერობის სავრძელზე უცნობია, თუმცა როგორც მარტვილში ამბობენ მამუკა დანელიას უჭერდა მხარს, თუმცა ამას არ ახმოვანებდაო. ანუ გამოდის გრიგალავას მეტი ძალა აქვს ვიდრე მოქმედ მაჟორიტარს, რადგან გრიგალავას კანდიდატურები თანამდებობზე უფრო ხშირად ინიშნება. მოკლედ, აქაც ისეა, ნათქვამი რომ არის: ვის უჩივი და, – ბატონსო, ვისთან უჩივი და, – ბატონთანო.

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – გვინდა, რომ ანაკლიის განაშენიანებაში საზოგადოებაც ჩაერთოს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მწუხარებას გამოვთქვას ცხინვალში მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო