ჯანი ბუკიკიო – საარჩევნო სისტემის შესაცვლელად შვიდი წელი ძალიან ბევრია, მაგრამ ვენეციის კომისიას ზეწოლის განსახორციელებლად არ აქვს არანაირი მექანიზმი

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად შვიდი წელი ძალიან ბევრია, მაგრამ ვენეციის კომისიას ზეწოლის განსახორციელებლად არ აქვს არანაირი მექანიზმი – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც დავიწყეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა, მიზნად დავსახეთ, რომ საქართველო ახალ საარჩევნო სისტემაზე მომავალი არჩევნებიდან გადასულიყო.

როგორც იცით, პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს და უმრავლესობამ პარტიაში მიაღწია კომპრომისულ ვარიანტს. ამ შეთანხმების თანახმად, ახალ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან დაიგეგმა. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრება და ამ მოსაზრებაზე ვრჩებით დღესაც. საარჩევნო სისტემის შესაცვლელად შვიდი წელი ძალიან ბევრია, მაგრამ ვენეციის კომისიას ზეწოლის განსახორციელებლად არ აქვს არანაირი მექანიზმი.

თქვენთან ინტერვიუში ვამბობ და ეს ჩაიწერება საბოლოო დასკვნაშიც, რომ გადადება არ არის კარგი. თუ გადაიდება 2024 წლამდე ახალ სისტემაზე გადასვლა, მაშინ ჩვენ არაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ.

კარგია, რომ 2024 წლიდან ახალ სისტემაზე გადახვალთ. საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა ექნება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პარლამენტში მეტ პლურალიზმს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შვიდი წელი ძალიან ბევრია, განსაკუთრებით საქართველოსთვის, როცა ამ წლების განმავლობაში შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოხდეს. სამწუხაროა, მაგრამ უნდა მივიღოთ ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

 

წყარო: WWW.1TV.GE

banner
წინა სტატიაშიქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი შეიქმნა
შემდეგი სტატიაანა მიქელაძე – ცესკო-ს თავმჯდომარე ანდრეი შევჩენკოს საკითხს შეისწავლის და შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს