ჯანეზაშვილი:დოლიძის გადადგომით დადასტურდა ყველაფერი, რასაც აქამდე ვამბობდი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღემდე პასუხგაუცემელი რჩება კითხვა მისი დაფინანსების შესახებ.

ჯანეზაშვილის თქმით, დოლიძის მტკიცება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა.

„ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი, ხოლო მისი მხრიდან იმის მტკიცება რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა. სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი თავის დროზე საკუთარი ინიციატივით არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება. პოლიტიკაში წასვლა მისი არჩევანია და მას ამის სრული უფლება აქვს, უბრალოდ საბჭოს წევრობასთან მისი საქმიანობა ამდენი ხნის განმავლობაში იყო შეუთავსებელი და კანონდარღვევა. ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა. სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან, იმედი მაქვს ჩვენ ამას შევძლებთ!“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაკავებული თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ დოლიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დოლიძე-ჯანეზაშვილის დაპირისპირება: „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ახალ პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.

ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აკრიტიკებდა. ის დოლიძეს არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებდა და ახსენებდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი იყოს და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობდეს.

„ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან ჰიპერაქტიურობა მაფიქრებინებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის კლანის კამპანიას“, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია:: ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირონ
შემდეგი სტატია19 წლის სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს