ჯანეზაშვილი – სასამართლო სისტემას ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება

სასამართლო სისტემას ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება იმისთვის, რომ ის ძალიან მძიმე პრობლემები, რომელიც დღეს სასამართლოშია, რამენაირად დაიძლიოს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქმეთა გაჭიანურება, „კლანური“ მმართველობა, დემოკრატიული პრინციპების არარსებობა და ა.შ, ის პრობლემებია, რომელსაც სერიოზული, ფუნდამენტური მიდგომა სჭირდება.

„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი უმთავრესი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, მაგრამ როდესაც ამაზე ვმსჯელობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში დღეს შესაძლებელია ადამიანი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნოს მამის დახმარებით და ასეთი რამ იყო სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შვილთან დაკავშირებით. ამიტომ, კომპლექსური მიდგომები მნიშვნელოვანი და საჭიროა. დღეს არის სასამართლო სისტემაში სრული სტაგნაცია, თითქმის ყველა მიმართულებით, თუ არ გამოვრიცხავთ ინდივიდუალურ მოსამართლეებს, რომლებიც თავიანთ საქმეს პროფესიონალურად უდგებიან, საერთო ჯამში, სისტემურად არის სტაგნაცია – საქმეთა გაჭიანურება, „კლანური“ მმართველობა, დემოკრატიული პრინციპების არარსებობა და ა.შ. ეს ის პრობლემებია, რომელიც დღის წესრიგშია და სჭირდება ნაბიჯ-ნაბიჯ, სერიოზული, ფუნდამენტური მიდგომა. როგორ განხორციელდება და რა ნაბიჯები გადაიდგმება პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, უკვე მომავლის საკითხია“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა, სწორი იყოს მოსაზრება, რომ უცხოელი ექსპერტების ჩართულობით შეარჩიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, დღეს სასამართლო მოსამართლეებს სათანადოდ ვერ ემსახურება.

„შესაძლებელია, ესეც გამოსავალი იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ საკითხთან მიმართებით ფუნდამენტური მიდგომაა საჭირო. ყველა იდეა საინტერესოა“, – აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი ჯეიმს აპატურაის შეხვდა
შემდეგი სტატიამეზვრიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური ცვლილებაა საჭირო