ჯანელიძე ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საკითხზე გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 26, 2018 13:58

ჯანელიძე ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საკითხზე გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესია გახსნა, სადაც დღეს სიტყვით გამოვა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე- ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან და კოლეგა მინისტრებთან.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ისევე როგორც გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე, ისევე როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოხდეს ამ უმძიმეს ფაქტებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. მიხეილ ჯანელიძე ასევე ისაუბრებს საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ხვალ, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ზეიდ რაად ალ ჰუსეინთან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან და გაერო-ს გენერალურ დირექტორთან მიხაილ მოლერთან.” ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 26, 2018 13:58