ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცს მაშველები მთელი ღამე ეძებდნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ჯანდარას ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცს მთელი ღამე ეძებდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შემთხვევის ადგილზე ჩასული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ისინი ადგილზე გაეცნენ საძიებო სამუშაოების მიმდინარეობას.

„საძიებო სამუშაოებში დღის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე ჩაერთო აზერბაიჯანული მხარის მფრინავი აპარატი, რომელიც ძებნას აზერბაიჯანულ მხარეს აწარმოებდა“, – აღნიშნავენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

„მთელი დღე ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის ხუთკაციანი ეკიპაჟი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველო 2020 წელს ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას ადვოკატი, ახალი მოსამართლისგან მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევას მოითხოვს