ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციის სამსახურმა, მინიმალური საათობრივი ანაზღაურების წესის დაცვაზე 2025 წელს, ჯამში, 321 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა – დარღვევა 4 კლინიკაში დაფიქსირდა, რაც ჯამური რაოდენობის მხოლოდ 1%-ია, მაშინ როდესაც, 2023 წელს შემოწმდა 249 კლინიკა.
მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დარღვევა გამოვლინდა 32 დაწესებულებაში, რაც ჯამური ოდენობის 13%-ს წარმოადგენდა.
უწყების ცნობით, 2025 წელს გამოვლენილი მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დარღვევა უკვე აღმოფხვრილია ოთხივე კლინიკაში.
ცნობისთვის, ცვლილება სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების შესახებ 2023 წელს ამოქმედდა. რეფორმის პირველ ეტაპზე მინიმალური სახელფასო ზღვარი დაწესდა ექიმებისა (საათში არანაკლებ 7 ლარისა დარიცხული) და ექთნებისთვის (საათში არანაკლებ 4.4 ლარისა დარიცხული).
მეორე ეტაპზე კი განისაზღვრა შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალისთვის: უმცროსი ექიმი – საათში არანაკლებ 5 ლარისა (დარიცხული); ექთნის თანაშემწე – საათში არანაკლებ 3,5 ლარისა, (დარიცხული) ბებიაქალი – საათში არანაკლებ 4,4 ლარისა (დარიცხული) სანიტარი – საათში არანაკლებ 3 ლარისა (დარიცხული).
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეფორმა ამოქმედებიდან დღემდე 25 000-ზე მეტ დასაქმებულს შეეხო.


















