ჯანდაცვის სამინისტრო არის გარანტი, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ შეფერხდება

სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ შეფერხდება და არ შეწყდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს დეტალური სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც დღეიდან ძალაში შევიდა.

„სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ გაფიცვით თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ შევთავაზეთ რეალური სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც მათ აქვთ. ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. არჩევანი გაკეთებულია, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. ვართ იმის გარანტი, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ შეფერხდება და არ შეწყდება.

სულ 250 სოციალური მუშაკი მუშაობდა, 180 სოციალურმა მუშაკმა დეკლარირებულად დღეიდან გამოაცხადა გაფიცვა. ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე უკვე გადანაწილდა მათი ფუნქციები. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს გამოსავალი, უპირველესი პრიორიტეტი და ამოცანაა, ადამიანებს, რომლებმაც უნდა ისარგებლონ და სარგებლობენ ამ პროგრამებით, წყვეტა არ ჰქონდეთ. ეს იქნება სრულყოფილი მომსახურება.

მე უშუალოდ მქონდა მათთან კომუნიკაცია. ის პუნქტები, რაც ჰქონდათ წამოყენებული. ნაწილი დაკმაყოფილდა, ნაწილი უკვე შესრულების პროცესშია და ნაწილს სჭირდება დრო. ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს იმაზე, რომ ფუნქციები გადანაწილდა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს.

მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების აქცია დილიდან მიმდინარეობს. ისინი ქვეყნის მასშტაბით სწორედ დღეს გაიფიცნენ და საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს იქამდე ამბობენ, ვიდრე მათი ის მოთხოვნები არ შესრულდება, რომელიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების ზრდას, ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებას, კადრების დამატებასა და სხვადასხვა სერვისების ამოქმედებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, უკიდურესად მძიმეა
შემდეგი სტატიაგორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მოწმეები იკითხებიან