ჯანდაცვის მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს შეხვდა

news
ავტ.: news დეკემბერი 31, 2019 13:27

ჯანდაცვის მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს სამინისტროში უმასპინძლა და უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება პირადად მიულოცა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და პირადად მისთვის, როგორც ექიმისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ყველა შესაძლო, აქტიურ ღონისძიებას მიმართა, რათა დადებითი შედეგი დამდგარიყო.

„პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ბატონი ვაჟას უკანონო ტუსაღობა, ჩვენ ვიყავით ჩართულები. ყველა ჩვენი საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თქმა უნდა, მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გვქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ოჯახთან და ოჯახი მუდმივად იყო ინფორმირებული იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებდით და ეს შედეგი ყველასთვის არის სასიხარულო. კიდევ ერთხელ ძალიან მისასალმებელია, რომ ბატონი ვაჟა ახალ წელს გაატარებს საკუთარ ოჯახთან ერთად. რა თქმა უნდა, პროცესი რთული იყო. როდესაც საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სირთულეებს შეიცავს, მაგრამ ეს სირთულეები წარმატებით იქნა გადალახული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყველა გვერდში დაგვიდგა. ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის, საქართველოს ინტერესები იყო დაცული, ჩვენი მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშივლის ინტერესები დავიცავით და ის თავისუფალია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლება დიდი სიხარულია არა მხოლოდ ექიმის ახლობლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რისთვისაც მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობიდან გასათავისუფლებლად, მათ შორის: სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, საერთაშორისო საზოგადოებას და სამოქალაქო აქტივისტებს.

„განსაკუთრებით ვულოცავთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, რომელმაც ექიმის უკანონო ტყვეობაში ყოფნის დროს მთელ საზოგადოებას სიმტკიცის, ღირსების და შეუპოვრობის მაგალითი აჩვენა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ის ერთიანობა და მხარდაჭერა, რაც მის პატიმრობას მოჰყვა.

news
ავტ.: news დეკემბერი 31, 2019 13:27

Google სტატისტიკა


3,801
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics