ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი ბავშვის მამამ, ზაქრო გვიშიანმა განაცხადა, რომ უწყება მაქსიმალურად არის მობილიზებული და ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს მოლაპარაკებებს ფარმაცევტულ კომპანიებთან, რათა საჭირო მედიკამენტები ქვეყანაში მინიმალურ დროში იქნას შემოტანილი.
როგორც გვიშიანმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა მშობლების ინიციატივით მოხდა, რათა მხარეებს ინფორმაცია გაეცვალათ.
„იმ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც გადაწყდა, რომ სახელმწიფო ორ მედიკამენტს შეიძენდა, ფაქტობრივად ორი შეხვედრა გაიმართა. დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ინიციატივით მოხდა. მოვიკითხეთ ინფორმაცია. მაქსიმალურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან, მედიკამენტების მინიმალურ დროში მიღებისთვის. ჩართულია მთლიანად სამინისტრო, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვგულისხმობ ელჩებს, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს აღნიშნული პროცედურა.
ასევე ვისაუბრეთ ცალკეული სპეციალისტების დამატებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გავცალეთ ინფორმაციები და საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად არის ჩართული ჯანდაცვის სამინისტრო“,- განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
















