ჯანდაცვის მინისტრი : ცხელ ხაზზე დღეს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული მხოლოდ 100 ზარი განხორციელდა, სასწრაფოს დაგვიანების შესახებ პრეტენზია კი ორი დღეა აღარ დაფიქსირებულა

admin
ავტ.: admin დეკემბერი 7, 2020 12:46

ჯანდაცვის მინისტრი : ცხელ ხაზზე დღეს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული მხოლოდ 100 ზარი განხორციელდა, სასწრაფოს დაგვიანების შესახებ პრეტენზია კი ორი დღეა აღარ დაფიქსირებულა

დღეს, 9 საათის მონაცემებით, გვქონდა 150 ზარი, საიდანაც კოვიდინფექციის მიმართულებით დაფიქსირებული იყო მხოლოდ 100 შემთხვევა, რომლებიც დღეს სტაციონარში განთავსდებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე სასწრაფოს დაგვიანების შესახებ პრეტენზია აღარ დაფიქსირებულა.

„ჩვენ პარასკევის მონაცემებით გვქონდა 631 გამოძახება და 488 მომლოდინე ზარი 112-ში. ასევე, ძალიან ხშირი იყო 112-ში განმეორებითი ზარები, სადაც ფიქსირდებოდა ჩვენი მოქალაქეების სურვილი სასწრაფოს დაჩქარებაზე. ასევე, იცით, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი ცხელი ხაზები, სადაც ვაკვირდებით მოსახლეობის მოთხოვნას, რომლებიც თავიანთ პრეტენზიებს აფიქსირებენ. ბოლო 2 დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით და დღეს 9 საათის მონაცემებით, გვქონდა 150 ზარი, საიდანაც კოვიდინფექციის მიმართულებით დაფიქსირებული იყო მხოლოდ 100 შემთხვევა, რომლებიც დღეს დღის განმავლობაში განთავსებიან სტაციონარში,“ – განაცხადა მან.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რომლებსაც კლინიკებში მომსახურების საფასურის ანაზღაურებას სთხოვენ. ტიკარაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეებმა საკუთარი პრეტენზიები 1505-ზე უნდა დააფიქსირონ.

„კოვიდკომპონენტით ჩვენ მოქალაქეებს აქვთ ყველას უფასო მომსახურება, შესაბამისად, აუცილებელია ასეთი ზარი დაფიქსირდეს 1505-ზე, რომ ჩვენ მივიღოთ ეს პრეტენზია მოქალაქისგან და რეგულირების სამსახურს მიეცეს საშუალება, მასზე მოახდინოს მყისიერი რეაგირება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარდა კოვიდკომპონენტისა, საყოველთაო დაზღვევით მათ მომსახურების დიდ ნაწილზე აქვთ უფასო მომსახურება, თუ არ გავითვალისწინებთ დადგენილებებს, სადაც თანაგადახდა არის 10-20-30 პროცენტი და თუ სხვა შემთხვევებშიც დაფიქსირდა კლინიკის მხრიდან გადახდის ან თანაგადახდის მაღალი მარჟის მოთხოვნა, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, რომ დააფიქსირონ ზარი 1505-ზე და შესაბამისად, გვექნება რეაგირება როგორც რეგულირების სააგენტოდან, ასევე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკებში ფინანსურ ანაზღაურებას,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

admin
ავტ.: admin დეკემბერი 7, 2020 12:46