,,ჯანდაცვაში მიმართული თანხა ეს არ არის უბრალოდ დახარჯული თანხა, არამედ ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკაში”

ჯანდაცვაში მიმართული თანხა ეს არ არის უბრალოდ დახარჯული თანხა, არამედ ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც გლობალური კონფერენცია “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო” იმართება.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნული სისტემის ძირითად მახასიათებლებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ჯანდაცვაში სულ უფრო ნაკლები რჩება ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება მოაგვაროს ერთმა სახელმწიფომ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გარეშე.
“ძალიან მოკლედ შევეხები ძირითად თეზისებს, რომლებიც გარკვეული გზავნილების სახით მინდა ჩამოვაყალიბო. პირველი – საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელობის დაცვა არ არის რომელიმე ჯგუფის პრივილეგია, არამედ ის წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანის უფლებას. მეორე – ჯანდაცვაში მიმართული თანხა არ არის უბრალოდ დახარჯული თანხა. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში. მესამე – ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებმა გამოკვეთილად აღიარეს, რომ სულ უფრო ნაკლები რჩება ისეთი საკითხები, რომლებიც შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ ერთი სახელმწიფოს დონეზე რაც არ უნდა განვითარებული და მდიდარი იყოს ის. ასე რომ, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გლობალური და ეროვნული ჯანდაცვის პროექტები წარმატებით განხორციელდეს”, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სისტემის კიდევ ერთი სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავისი ქვეყნის ჯანდაცვისთვის ოპტიმალური და სრულყოფილი მოდელის პოვნა.
“არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, რომელმაც შეიძლება თქვას და დაადასტუროს, რომ იპოვა თავისი ქვეყნის ჯანდაცვისთვის ოპტიმალური მოდელი და ეს მოდელი არის სრულყოფილი, რომელიც არ შეიცვლება თუნდაც უახლოესი 10 წლის განმავლობაში. ასეთი მაგალითი არ გვაქვს, ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს გაატაროს ახალი რეფორმები და შექმნას უკეთესი სისტემა, ვიდრე არსებობს. ეს არის ჯანდაცვის სისტემის ძირითადი მახასიათებლები”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატია,,ფინანსების არსებობა აუცილებელია, მაგრამ ის არ წარმოადგენს საკმაო პირობას ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის”