ჯანა ჯავახიშვილი: რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ? მივყვებით რუსულ სცენარს – ვქმნით ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების, როგორც შუასაუკუნეებში კეთროვნების, სიას

“მსოფლიო სტატისტიკით, ე.წ. “გავრცელებული ფსიქიკური აშლილობები” ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს ყოველ მეოთხე ადამიანს.(ანუ, შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ადაპტაციური აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ფსიქოაქტიურ საშუალებებზე დამოკიდებულების მსუბუქი და საშუალო ფორმები, და ა.შ.)
კონფლიქტით/ომითა და პოლიტიკური რეპრესიებით დაზარალებულ, ეკონომიკურ კრიზისში მყოფ საზოგადოებებში ეს სტატისტიკა კიდე უფრო მაღალია (30% და მეტი). საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანაა.
რა გამოდის – რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი მესამედი ექიმებმა და ფსიქოლოგებმა შსს-ს სპეციალურ სიაში უნდა შეატანინონ. ეს უპრეცენდენტო მასშტაბის დისკრიმინაციაა.
მიმართვიანობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიურ სერვისებში დღეს ისედაც დაბალია და ახლა უკვე საერთოდ გაქრება; უამრავი ადამიანი პროფესიული დახმარების გარეშე დარჩება. გაიზრდება სუიციდის სტატისტიკა.
რატომ გვკლავთ? ასეთი მშვიდობა გინდათ? შფოთვისა და დეპრესიის რომ გვეშინოდეს (რაც დეფინიციის თანახმად, გავრცელებული პრობლემებია!), რომ შსს-ს სიებში არ შეგვიტანონ და არ დაგვჩაგრონ?..
რაც უფრო დაბალია ცხოვრების ხარისხი და მაღალია სოციალური დაუცველობა, მით უფრო მაღალია ფსიქიკური აშლილობების გავრცელება.
რას აკეთებენ საპასუხოდ ცივილიზებული დასავლური სახელმწიფოები? ცდილობენ, რომ გაზარდონ სოციალური დაცვა, შექმნან დასაქმების შესაძლებლობები, დააფინანსონ ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებზე ზრუნვის სათემო სერვისები, ხელი შეუწყონ მათ ინტეგრაციას.
ამის საპირისპიროდ, რას აკეთებს რუსეთი? ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა რეესტრს ადგენს, რომ მოსახლეობის დაშინებისა და ჩაგვრის კიდევ ერთი ბერკეტი შექმნას.
რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ? მივყვებით რუსულ სცენარს – ვქმნით ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების, როგორც შუასაუკუნეებში კეთროვნების, სიას. როდემდე უნდა ვანგრიოთ დამოუკიდებლობის პერიოდში ყოველდღიური შრომით მიღწეული შედეგები? სადამდე უნდა დავეცეთ?” -წერს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში
ოცნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას აპირებს | შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება

banner
წინა სტატიაში“ბრწყინვალე იდეაა, ნამდვილად: ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს…ბრავო, товарищи, ურაააა!” – ზურა სიხარულიძე
შემდეგი სტატია“პრეზიდენტ ზელენსკის გამოკლებით, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია” – ტრამპი