სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება, ოდიშ-აფხაზეთი, სრულიად საქართველო შეძრა ამ შემზარავმა ამბავმა. მართლაც, ძნელია შეეგუო აზრს, რომ დღეიდან ჩვენს გვერდით არ იქნება ჯამბულ ანჩაბაძე – ყოველი სიკეთითა და ღირსებით შემკული ადამიანი, გვარიშვილობით, ბუნებითა და კაცობით – კეთილშობილების განსახიერება, აფხაზეთის სამეცნიერო-შემოქმედებითი ინტელიგენციის ერთ-ერთი კოლორიტული წარმომადგენელი, ცნობილი მეცნიერი-ისტორიკოსი, პროფესორი, საზოგადო მოღვაწე…
ბატონი ჯამბული ანჩაბაძეთა აფხაზ თავადთა წარჩინებული საგვარეულოს ღირსეული წარმომადგენელი იყო, იმ საგვარეულოსი, რომელიც მუდამ ბურჯად ედგა ქართულ-აფხაზურ ისტორიულ ძმობასა და ერთობას, მედგრად იცავდა მშობლიური აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის ნათელი მაგალითია ჯამბულის დიდი წინაპრის – ტარას ანჩაბაძის შვილებისა (ვალერიანი, ვიანორ, ვარლამ, ვლადიმერ და ნიკოლოზ ანჩაბაძეების) და შვილიშვილის – სახელოვანი მეცნიერისა და მამულიშვილის საქართველო-აფხაზეთის დიდი პატრიოტის, ქართული ისტორიოგრაფიის, საზოგადოდ, კავკასიათმცოდნეობის ნამდვილი მშვენების, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლისა და პირველი რექტორის, პროფესორ ზურაბ ანჩაბაძის თავდადებული ღვაწლი.
ბატონი ზურაბი გახდა ჩვენი აწგარდაცვლილი კოლეგისა და მეგობრის პირველი დამკვალიანებელი და მოძღვარი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ეზიარა ჯამბული ისტორიული მეცნიერების საფუძვლებს. ბატონმა ზურაბმა, რომელიც 1973 წლიდან სათავეში ჩაუდგა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს, იმთავითვე მიაქცია ყურადღება ახალგაზრდა ნიჭიერ ისტორიკოსს (რომელსაც წარჩინებით დაემთავრებინა ინსტიტუტი და იმდროისათვის პარტიულ-პოლიტიკური კუთხით საკმაოდ წარმატებული კარიერული წინსვლის პერსპექტივა ჰქონდა), ანდო მას მის მიერვე შექმნილი ისტორიული აფხაზეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის (ეს სტრუქტურა მომავალში კათედრის ჩანასახად მოიაზრებოდა) ხელმძღვანელობა. შემდეგ იყო საქართველო-აფხაზეთის ისტორიის კათედრის შექმნა (1980-1981 სასწავლო წლიდან), რომლის ხელმძღვანელობა თვით უნივერსიტეტის რექტორმა შეითავსა. ჯამბულ ანჩაბაძე გახდა ამ კათედრის წამყვანი წევრი – უფროსი მასწავლებელი, დოცენტი.
ამ დროიდან იწყება ჩვენი აქტიური კოლეგიალური თანამშრომლობა და მეგობრობა, რომელიც თითქმის 45 წელი გაგრძელდა.
მთელი ეს წლები ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით – თანამოაზრენი ისტორიული პროცესების შეფასებაში, განსაკუთრებით თანამედროვე აფხაზეთის ისტორიის პრობლემური საკითხების გააზრებისას (ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ ზურაბ ანჩაბაძის სკოლას წარმოვადგენთ). ჯამბული ძალიან მგულშემატკივრობდა, როდესაც (80-იან წლებში) სეპარატისტულად განწყობილი აფხაზური პროფესურის წარმომადგენლებმა განახორციელეს „ტოტალური შეტევა“ ჩემზე და ყოველნაირად (შესაძლებლობის ფარგლებში) ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას.
ჯამბულ ანჩაბაძის სწორი, პატრიოტული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოზიცია ნათლად გამოვლინდა 1989 წლის გაზაფხულზე, როდესაც ის უყოყმანოდ გაემიჯნა აფხაზ სეპარატისტთა თავხედურ დემარშს და მტკიცედ დადგა საერთო ქართული ინტერესების სადარაჯოზე.
შემდეგ იყო ტრაგიკული სისხლიანი დაპირისპირება, რომელიც დამთავრდა ბნელი ძალების „გამარჯვებით“ და აფხაზეთის მკვიდრი ქართული მოსახლეობის გამოდევნით.
ჯამბულ ანჩაბაძის ოჯახმა მთელი სისასტიკით იწვნია დევნილობის მწარე ხვედრი. ფაქტობრივად, ამ უმძიმესი ვითარების მსხვერპლი გახდა მისი უმცროსი ვაჟი, რომლის ტრაგიკულმა აღსასრულმა დიდი დარტყმა მიაყენა ბატონ ჯამბულსა და მის მეუღლეს – ქალბატონ ეთერის. მაგრამ მათ გაუძლეს ამ ტკივილს. მეტიც, ბატონმა ჯამბულმა ძალა მოიკრიბა და არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომით გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია. მისი პუბლიკაციები საქართველო-აფხაზეთის ისტორიულ წარსულსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი საისტორიო მეცნიერებისათვის. შემთხვევითი არ იყო, რომ ამ სფეროში მის მიერ მიღწეული შედეგები აღინიშნა გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით. ასევე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ჯამბულ ანჩაბაძის კვლევები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე, მათ შორის, პირველ რიგში, 2009 წელს გამოცემული კაპიტალური მონოგრაფია: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ისტორიიდან (1918-1921)“.
ჯამბულ ანჩაბაძის, როგორც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის პიროვნების, აფხაზეთის დევნილი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლის აღიარება იყო 2005 წლის მაისში მისი მიწვევა მიღებაზე თბილისში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან.
ჯამბულ ანჩაბაძისთვის უმძიმესი გამოდგა 2023 წელი, მან გაზაფხულზე დაკარგა თავისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი – საყვარელი მეუღლე, რომელთანაც 62 ბედნიერი წელი გაატარა. ალბათ, სწორედ ამ ტკივილმა მოუსწრაფა მას სიცოცხლე.
წავიდა ბატონი ჯამბული, წავიდა ვალმოხდილი ქვეყნისა და ოჯახის წინაშე…
წავიდა თავაწეული… მას მიჰყვება შვილის, რძლების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების, ძმების, ახლო ნათესავების, კოლეგებისა და მეგობარ-ამხანაგების დიდი სიყვარული და პატივისცემა.
მაგრამ, ამასთან, ჯამბულ ანჩაბაძე წავიდა გულნატკენიც, რადგან ვერ მოესწრო მისი სათაყვანო სამშობლოს გამთლიანებას და მშობლიურ ცხუმ-აფხაზეთში დაბრუნებას.
ჩვენ კი, ვემშვიდობებით რა ძვირფას მეგობარსა და კოლეგას, იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ეს ოცნება მალე ახდება და ის ამას იმქვეყნად უთუოდ იგრძნობს.
ზურაბ პაპასქირი,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი