ჯაღმაიძე – დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი Facebook-ზე გუშინ დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან დმანისს “არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონი” უწოდა და თქვა, რომ იქ მცხოვრები ქართველების ეკომიგრანტებად მოხსენიება “სახელმწიფოებრივი დანაშაულია”.

ჯაღმაიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

გუშინ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დმანისში ჩავედი. აი რა ვნახე:

1. გუშინ დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ, ვისაც აწყობდა ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდათ ეს ინციდენტი.

2. ტელევიზიების უმრავლესობა ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ნებსით თუ უნებლიედ, ფაქტიურად იგივე მიზანს ემსახურებოდნენ.

3. იქ მცხოვრები ქართველების “ეკოემიგრანტებად მოხსენიება” არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა, უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, რომელიც ემსახურება ყოფითი ინციდენტის მაშტაბის გაზრდას, მის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას და ისედაც არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას, სწორედ ეს უსამართლობა იყო მოსახლეობის მხრიდან ჟურნალისტებისადმი გამოვლენილი აგრესიის საფუძველიც.

4. ღვთის შეწევნით, მოსახლეობას ეყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს ძალისხმევით, ადგილობრივი სასულიერო პირების ჩართულიბით, მათ შორის საპატრიარქოს მონაწილეობით, ერთმანეთთან ძმური მეზობლობის გარემოში ცხოვრების სურვილმა და საღმა აზრმა გაიმარჯვა ვნებებზე.

დიდი იმედია, ყველამ დავინახეთ, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ყველასთვის, ემოციებს აყოლა, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალის ხელში.

ვუსურვებ მშვიდობას დმანისს და მთელს საქართველოს”,-წერს ჯაღმაიძე.

banner
წინა სტატიაშიმუფტი დმანისის მოვლენებზე – კონფლიქტის აღმოსაფხვრელად მზად ვართ საპატრიარქოსთანაც ვისაუბროთ
შემდეგი სტატიანატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოსა და უკრაინის გენშტაბის მეთაურებიც დაესწრებიან