“იზორიამ არ იცის ისე არ იფარება ასეთი საქმეები”- გიგა შენგელიას მამის განცხადება

14801004_1808302372788095_1103706364_nკრწანისის სამხედრო სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მოკლული გიგა შენგელიას მამა რომან შენგელია „თაიმერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ. შენგელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება, გარდაცვლილის სხეულს ზუგდიდის ცენტრში დაასვენებს და საპროტესტო აქციას დაიწყებს.
„უნდა მოხდეს გიორგის ცხედარზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება. აგერ მისვენია ერთი შვილი და მეორეს დასვენებას მე არ ვაპირებ. ოთხის ნახევარზე მოკლეს ბავშვი, რვის ნახევარზე ნახეს. სად იყვნენ მანამდე, თუ სროლა იყო, როგორ ვერ გაიგეს.სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც არ არისო. ასე აწყობდათ მაგათ! ისე, ყველაფერს ხუთ წუთში ნახულობენ. ეს არის კვალის დაფარვა! იზორიამ რომ არ იცის ისე არ იფარება ასეთი საქმეები! ერთი შვილი მომიკლეს მეორე შვილს არავის გავატან. ხვალ დილამდე ველოდები, მერე მე თვითონ გავიტან ჩემი შვილის ცხედარს სახალხოდ ზუგდიდის ცენტრში და დავუჯდები გვერდით. ვანახებ მაგათ, ვინ დამიდგება გვერდით. სხვა გზა არ დამრჩა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად…. ეს არის კვალის დაფარვა. ჩემს შვილს იქ მეგობრები ჰყავდა და სანახავად იყვნენ მისულები. სამი ბავში შევიდა ბაზაში… დააყაჩაღეს და გამოვიდნენ ბაზიდან?! რას მელაპარაკებით?!– აცხადებს „თაიმერთან“ საუბარში რომან შენგელია.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისტალინის შვილიშვილის სარჩელი მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატია“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება ამ გამოკითხვის წარმოება ძმასთანაც”