იზორია: უწყებაში ფინანსები არათანაბრად იყო განაწილებული, რაც ნატო-ს სტანდარტებისგან შორსაა

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, უწყების ბიუჯეტში თანხები არასწორად იყო განაწილებული და ოპტიმიზაციის ჩატარება სწორედ ამის გამო გახდა საჭირო.

როგორც მინისტრმა 2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თანხების არასწორი გადანაწილება ნატო-ს სტანდარტებისგან შორს იყო.

„ჩვენს უწყებაში ფინანსები ძალიან არათანაბრად და არაპროპორციულად განაწილებული იყო. კერძოდ, ბიუჯეტის თანხების უდიდესი ნაწილი სახელფასო უზრუნველყოფაზე, სოციალურ დახმარებაზე იხარჯებოდა, რაც თითქმის 70%-ს შეადგენდა. ბუნებრივია, ეს ნატო-ს სტანდარტებისგან შორს იყო“, – აღნიშნა იზორიამ.

ამასთან, მისივე თქმით, უწყების მომავალი წლის ბიუჯეტში სახელფასო უზრუნველყოფასა და სოციალურ დახმარებებს 32 მილიონი გამოაკლდა.

„იცით, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გათვალისწინებულია ის, რომ სახელფასო უზრუნველყოფას და სოციალურ დახმარებებს 32 მილიონი მოაკლდა და ის ინფრასტრუქტურასა და მომსახურება-საქონლის შეძენაში გადანაწილდა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის შალვა ჯაბახიძის ინფორმაციით, ომტიმიზაციის ფარგლებში, 209 სამხედრო მოსამსახურეს კომპენსაცია მიეცა, ხოლო 160 სამხედრო კადრების განკარგულებაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარმა ლაგვილავების 6-სულიან ოჯახს სამოთახიანი ბინა გადასცა