სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივნისის თვეში წიწაკა ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა — მისი ღირებულება წლიურად 31%-ით გაიზარდა. ამის ფონზე, მიმდინარე წელს პროდუქტის საიმპორტო ფასი 4%-ით არის შემცირებული.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 686.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 239 ტონა წიწაკა შემოვიდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში — 943.1 ათასი აშშ დოლარის 315 ტონა. შესაბამისად, 2025 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანა 1 კგ წიწაკაში საშუალოდ 2.99 აშშ დოლარს იხდიდა, 2026 წლის იმავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი (გადასახადების გარეშე) 2.87 აშშ დოლარამდე შემცირდა.
საქართველოსთვის წიწაკის უმსხვილესი მომწოდებელი ჩინეთია, საიდანაც საერთო საიმპორტო ღირებულების 40.3% მოდის.
2026 წლის იანვარ-მაისში ტოპ-3 საიმპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:
-
ჩინეთი — 276.9 ათასი აშშ დოლარი (167 ტონა);
-
უკრაინა — 241.3 ათასი აშშ დოლარი (22 ტონა);
-
ინდოეთი — 55 ათასი აშშ დოლარი (25 ტონა).















