ივერი მელაშვილი – უკანონო დავალება არ ყოფილა, ფაქტი არ არსებობს და როგორ უნდა წარუდგინონ ბრალი ზემდგომ პირებს, მინისტრს, პრეზიდენტს, ჩემამდე არ დადის

მეც და ნატალია ილიჩოვა მართლები ვართ, დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში, – განაცხადა ივერი მელაშვილმა საქალაქო სასამართლოში, სადაც დავით გარეჯის საკითხზე ილიჩოვასა და მელაშვილის ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართება.

მელაშვილის თქმით, მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

„ჩვენი არავითარი ბრალეულობა არ არის. მე ვიცი, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის და სიმართლე იზეიმებს ადრე თუ გვიან. მანჯგალაძე კომისიის თავმჯდომარე იყო, მინისტრის მოადგილე და ამავე დროს, სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე. რაც შეეხება ბრალდებას, მე არ ვიცი, რა აქვს პროკურატურას. პროკურატურას თავდაპირველადვე ისეთი ბრალდებები ჰქონდა, რომ ჩემი შთაბეჭდილებები შორს არის აღფრთოვანებისგან, მაგრამ რაც არ არსებობს, ის როგორ უნდა დაამტკიცონ, არ ვიცი“, – განაცხადა მელაშვილმა.

ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბვრალეულობასთან დაკავშირებით. მელაშვილმა აღნიშნა, რომ ზემდგომი პირებისგან უკანონო დავალება არ ყოფილა.

„ეს დეტალებია. რამდენად არის ტექნიკურად შესაძლებელი. დეტალებზე არ არის სწორი, რომ დავიწყოთ საუბარი. რაც შეეხება ბრალეულობას, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ არაკანონიერი დავალება ან რამე მაგდაგვარი არ ყოფილა. თვითონ ფაქტი არ არსებობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და როგორ უნდა წარუდგინონ ბრალი ზემდგომ პირებს ან კომისიის თავმჯდომარეს, მინისტრს, პრეზიდენტს, ჩემამდე არ დადის. თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. თავდაპირველადვე, ეს საქმე რომ იქნა წამოწყებული, მაშინვე ვთქვი და დღესაც ამ აზრზე ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური შეკვეთა და ყოველგვარ კანონს და საღ აზრს აცდენილი ბრალდება“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა საქართველომ? – კოვაქსის განმარტება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს ხვდება