ივერი მელაშვილი – აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, ქვეყნის მხარდამჭერი ვარ

პოლიტიკაში არ ვყოფილვარ და ახლაც შორს ვარ პოლიტიკიდან, – განაცხადა ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მელაშვილი ამბობს, რომ აქციებზე რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად კი არ დადის, არამედ ქვეყნის მხარდასაჭერად.

„ამ საქმის აჟიტირება რომ მოხდა, ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკური შეკვეთა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ძალაუნებურად ვიყავი გამოყენებული ამ ნაწილში. ვამბობ, რომ არ ვარ პოლიტიკოსი, არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, მე ქვეყნის მხარდამჭერი ვარ, ჩვენი სამშობლოს მხარდამჭერი.

ნიკა მელია დაიჭირეს და იქ აქცია მოეწყო, მაგრამ იქ მარტო ნიკა მელიას მხარდასაჭერად და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად არ იყო ხალხი მისული, იქ ხალხი მისული იყო სიმართლისთვის. იმისთვის, რომ დემოკრატიული განვითარება ჰქონდეს ჩვენს სამშობლოს. აღელვებული ხალხი მისული იყო იმის გამო, რომ არასამართლიანად მოექცნენ თუნდაც მელიას და ზოგადად ოპოზიციას. ჩემთვის ახლა მხარდამჭერები არიან სხვადასხვა პარტიები და ადამიანები, მაგრამ მე ამას განვიხილავ, რომ ჩვენ ყველანი, ქართველები, ერთნი ვართ.

მერე რა ვუყოთ, რომ ვიღაცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია? მერე რა ვუყოთ, რომ ვიღაცა „გირჩშია“ ან სხვა რომელიმე ორგანიზაციაში? ჩვენ ყველას სამშობლო და საქართველო გვტკივა. ამიტომ მივდივარ მეც აქციებზე, თორემ მე არ მაქვს ასეთი გადაწყვეტილება მიღებული და არ ვარ რომელიმე პარტიის წევრი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი – გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას