ივანიშვილთან მიმართებაში “ოცნების” მხარდამჭერებს იმედი გაუცრუვდათ, რაც პროტესტში გადაიზარდა

წლების წინ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად დაფუძნებული მოძრაობა “აიცავი საქართველო” ისევ აქტიურდება. ამჯერად “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ. იდეა პოეტმა დავით მაღრაძემ დააანონსა, რომელმაც “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “რეაქციაში”  დეტალურად ისაუბრა. მოძრაობის მთავარი ხაზი ყველაზე ხმაურიანი თემა – სასამართლო სისტემა იქნება.

შეუძლია თუ არა მოძრაობას პროცესებზე გავლენის მოხდენა და რატომ ხდება ისე, რომ “ოცნებას” ის ადამიანები უპირისპირდებიან, ვინც წლების განმავლობაში გვერდზე ედგნენ? – ამ საკითხებზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს:
_ მოძრაობა `დაიცავი საქართველო~, რომელიც წლების წინ იყო შექმნილი წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, ისევ აქტიურდება ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს დააანონსა პოეტმა დავით მაღრაძემ. როგორ ფიქრობთ, რა რესურსი აქვს ამ ძალას? შეუძლია თუ არა პროცესებზე გავლენის მოხდენა?
_ მე ვფიქრობ, რომ ამ მოძრაობის გავლენა და ავტორიტეტი ძირითადად არის დაფუძნებული პიროვნებების გავლენასა და ავტორიტეტზე, რომლებიც მის სათავეებთან იდგნენ და დგანან. თუ გახსოვთ, ადრე ამ მოძრაობას ლევან გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობდა. როდესაც მას მოსახლეობის ნაწილში გარკვეული პოპულარობა და ნდობა ჰქონდა. შემდეგ მას შეეცვალა ხელმძღვანელობა. ახლა დავით მაღრაძეა.
ეს მოძრაობა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა, უფრო სწორად, მოწოდებული იყო, რომ ქართული ეროვნული ღირებულებები დაეცვა. ეს იყო ამ ორგანიზაციის ძირითადი რელიგიური ხაზი. აქედან გამომდინარე თუ ეს ორგანიზაცია გააქტიურდება და მასში გაერთიანებული იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საზოგადოებრივი ნდობა და ამ კატეგორიებით დაიწყებენ რეანიმირება-კულტივირებას, შეიძლება მიიმხრონ ჩვენი საზოგადოების ტრადიციულ-კონსერვატიულად განწყობილი ერთი ნაწილი.
_ ხომ არ არის ეს სახიფათო თავად ხელისუფლებისთვის? აქვე მიპასუხეთ, რატომ ხდება ისე, რომ ის პირები, ვინც წლების განმავლობაში იდგნენ “ოცნებასთან” და მას მხარში ედგნენ ინტელექტუალური თუ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, მათი უმეტესი ნაწილი უპირისპირდება?
_ ეს ბევრი მიზეზით არის განპირობებული. იმიტომ, რომ “ოცნების’ შვიდწლიანი მმართველობის მანძილზე “ქართული ოცნების’ მხარდამჭერთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა ერთგვარი იმედგაცრუება განიცადა იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ ძალიან მაღალი მოლოდინები ‘ქართულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. ეს მოლოდინები დიდწილად არ გამართლდა.
მათ შორის სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და კიდევ ბევრი სხვა კომპონენტით. ამიტომ, მათ დაიწყეს ერთგვარი პროტესტის გამოხატვა, მაგრამ ამ პროტესტს არ ჰქონია აქტიური სახე. ეს იყო ერთგვარი ლატენტური პროტესტი. ყველაზე კარგი გამოხატულება ამ ლატენტური პროტესტისა ჩვენ ვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. შესაბამისად, ეს სეგმენტი ჩვენი საზოგადოების და პოტენციური ამომრჩევლის, როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, არის ახალი, მესამე ალტერნატიული ძალის მოლოდინში.
მე ვვარაუდობ, რომ შესაძლოა ამაზე გათვლითაც კი გააქტიურდა დათო მაღრაძე და მის ირგვლივ შემოკრებილი ხალხი.
_ პოლიტიკაში ხედავთ მათ?
_ ისინი ლაპარაკობენ, რომ არ აპირებენ პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ შესაძლოა მათ მხარდაჭერა გამოუცხადონ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ასპარეზზე გამოვა.
_ ანუ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მოლოდინში არიან?
_ შეიძლება მათ თვითონ ჩამოაყალიბონ პოლიტიკური ძალა, ან შესაძლოა ისინი მოლოდინში არიან, რომ ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და ისინი, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა და საზოგადოებაში გარკვეული ნდობით მოსარგებლე ადამიანების ერთობა, მათ გამოუცხადებენ მხარდაჭერას.
სხვანაირად რაში უნდა ვეძებოთ მათი გააქტიურების მიზეზი? მათ სურთ, რომ რაღაცა შეცვალონ უკეთესობისკენ. ამიტომ გააქტიურდნენ. მე ასეთი აზრი გამოვიტანე ბატონ მაღრაძის გამოსვლისგან. შესაბამისად მათ უნდა ჰქონდეთ საზოგადოებრივი ზემოქმედების რაღაც ბერკეტები. ამის ბერკეტი სწორედ პოლიტიკური პროცესებზე ზემოქმედება იქნება.
_ მესამე ძალაზე ხშირად არის საუბარი. გადაჭარბებული მოლოდინები ხომ არ გვაქვს? იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ “ნაცმოძრაობის” მიმართ იყო დიდი მოლოდინები, მერე “ოცნების” მიმართ და საბოლოოდ ეს მოლოდინები ვერ გამართლდა. იგივე მოლოდინი ხომ არ გვაქვს ახლაც?
_ მე ახლა ვერ გეტყვით საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებში რა კონკრეტული მოლოდინებია. ალბათ ამისთვის ცალკე სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება იქნება საჭირო, რათა გავიგოთ, რა კონკრეტული მოლოდინები აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, ან ვის ხედავენ ამ მესამე ძალაში. არც ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში ასეთი კითხვა არ დასმულა.
მაგრამ მე ვთვლი, რომ როდესაც დგება იმედგაცრუება არსებული პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ, ნებისმიერ საზოგადოებაში ჩნდება მოთხოვნა ალტერნატიულ ძალაზე. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.
_ საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტები მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ყველა გახმაურებულ საქმეზეა საუბარი. რა უფრო შემაშფოთებელია, როცა ასეთი ფაქტები მოხვდა ანგარიშში თუ ის, რომ ხელისუფლება ისევ არასამთავრობოებს აბრალებს ამ ყოველივეს?
_ დეტალურად გავეცანი ამ ანგარიშს და ვერ ვიტყვი, რომ ის ასეთი შემაშფოთებელი და კატასტროფულია. უბრალოდ ამ ანგარიშიდან ყველა დაინტერესებულმა მხარემ _ იქნება პოლიტიკური პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ამოიღო ის, რაც მას აწყობდა, უნდოდა და მის ინტერესებს შეესაბამებოდა.
რა თქმა უნდა, იქ არის კრიტიკა, მაგრამ წინა ანგარიშებს თუ გადახედავთ, იქაც არის კრიტიკა. ეს არის რიგითი ანგარიში, რომელიც დაეყრდნო ადგილობრივ სამოქალაქო სექტორის მიერ გაგზავნილ ინფორმაციას. ტერმინებს და შეფასებებს რომ დავაკვირდეთ, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ემთხვევა იმ შეფასებებს და სიტყვებს, რასაც იყენებენ.
_ მიუთითებენ ანგარიშში და პირდაპირ ამბობენ, რომ არასამთავრობოები აკრიტიკებდნენ და ა. შ.
_ კი ბატონო. საქმეც ისაა, რომ არასამთავრობოები აკრიტიკებენო წერია, მაგრამ ვერ გეტყვით, მოიპოვეს თუ არა ინფორმაცია სხვა წყაროებიდან. ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან. ალბათ საჭიროა, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი იმუშაოს იმისათვის, რომ თუ სადმე გადაჭარბებული შეფასებაა, ან ვთქვათ, რამის არასწორი ინტერპრეტაცია, დაეხმაროს მათ სწორ ინტერპრეტაციაში.
თუმცა, არავინ უარყოფს იმას, რომ ის პრობლემები, რაც ჩამოთვლილია, არსებობს და მათ გადაჭრა სჭირდება. თუ მიაქციეთ ყურადღება, აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ რაღაც ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი ნაბიჯები გადადგასო. ანუ, მე პირადად ამ ანგარიშს ასე კატასტროფულად არ შევაფასებდი.
_ რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც გვესმის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, როცა ამას პირდაპირ ეკა გიგაურს და ა. შ. უკავშირებენ, ეს რამდენად ადეკვატურია?
_ ეს განცხადებები ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან მოდის და შეიძლება არ ასახავდეს `ქართული ოცნების~ აზრს. მესმის, რომ მმართველ პარტიაში უარყოფითი დამოკიდებულებაა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფის მიერ. ისინი ამას არც მალავენ. სიმართლე გითხრათ, მათ ადგილას ასეთ პერსონალიზებულ განცხადებებს არ გავაკეთებდი. ეს კარგ ტონად არ აღიქმება საერთაშორისო დონეზე.

 

იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი “ახალი თაობა” 

 

banner
წინა სტატიაშირუმინეთში პროტესტის ნიშნად ერთმეტრიანი ავტომაგისტრალი გახსნეს
შემდეგი სტატიარუსმა სამხედროებმა სოფელ დიცში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს