ივანიშვილს უნდა, ხელისუფლება ბოკერიას გადააბაროს

რატომ არის ნიკა მელია ნაცთა შორის ყველაზე ნაკლები ნაცი, ვინ ცდილობდა მის შეცდომაში შეყვანას, ვინ აპირებდა სინამდვილეში პარლამენტში შეჭრას, რა ჩაიფიქრეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებმა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” პარლამენტის წევრი, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ესაუბრება.
_ ალბათ ვერც თქვენ და ვერც საზოგადოება ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ნაციონალები თქვენზე გადაირეოდნენ. არადა, ასე მოხდა, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეთ, ნაცმოძრაობა გადაირია თქვენზე.
_ ნაციონალების გადასარევად არაფერი გამიკეთებია და არც მომავალში გავაკეთებ. ამ შემთხვევაში ნიკა მელიაზე იყო კონკრეტულად საუბარი და ძალიანაც კარგი გავაკეთე, რომ მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დავუჭირე.
მოდით, პირდაპირ გეტყვით, რომ 20 ივნისის მოვლენებში ნიკა მელია მხოლოდ შუაშია გარეული და, თუ დაჭერაზე მიდგა საქმე, მაშინ ჯერ ისინი დაიჭირონ, ვინც ამ ამბების თავში იყო.
ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა და საქართველო ლამის სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, მათზე ხმის ამოღებასაც ვერ ბედავენ. ასე არ შეიძლება.
ხელისუფლება ასევე დუმს იმაზე, თუ რა ზარალი მიიღო ამ ავანტიურიდან საქართველომ.
ხომ იძახიან, რომ რუსეთი ოკუპანტია და მტერია, იმით, რაც თბილისში მოხდა, იხეირა რუსეთმა, აქედან ასეთი დასკვნა უნდა გაკეთდეს _ ეს პროვოკაცია დაგეგმა და განახორციელა მოსკოვმა.
კრემლმა თავისი გეგმა ქართველების ხელით გააკეთა. ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია იმ ხალხის გაშიფვრა, ვინც მოსკოვთან არის ალიანსში.
პირდაპირ და ხმამაღლა ვამბობ, რომ რუსებთან ალიანსში არიან ნაცები ანუ ბოკერიას ხალხი.
_ ბოკერიას ხალხს ახლა “ევროპული საქართველო” ჰქვია.
_ როგორი საქართველოც არ უნდა დაირქვან, ეგენი არიან ნამდვილი ნაცები. ნაციონალურ მოძრაობაში ახლა რომ ნაცები არიან, ეგენი ყველაზე ნაკლები ნაცები არიან და მინდა, რომ ეს ყველამ იცოდეს. ბოკერია და მისი ხალხი კი ნამდვილი ნაცები არიან.
და აი, ეს ნამდვილი ნაცები, ანუ ბოკერიას ხალხი, აპირებდა იმ მძიმე ღამეს არეულობის მოწყობას.
_ ეგენი რანაირად აპირებდნენ, გიგა ბოკერიამ იმ ღამესვე დაგმო ძალადობრივი მოწოდებები. მანვე დაგმო ნიკა მელიას განცხადება.
_ დაგმო, არა? ამ დროს ყველაფრის უკან თავად დგას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს მისი ხალხის ორგანიზებულია. საკუთარი დანაშაულის დამალვის საუკეთესო საშუალება ამ დანაშაულის სხვისთვის დაბრალებაა.
არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ნიკა მელია წააქეზეს, შეცდომაში შეიყვანეს და დღეს ყველაფერს მას აბრალებენ.
_ ვის უნდა წაექეზებინა ნიკა მელია?
_ ბოკერიას ხალხს.
_ მელია პატარა ბავშვია, ვერ მიმხვდარიყო, რომ აქეზებდნენ?
_ ნიკა მელია ბავშვი არ არის, მაგრამ არის ახალგაზრდა. მაგ ასაკში ადვილად შეიძლება, ადამიანი წააქეზო. მეც ზუსტად მაგ ასაკში მაქეზებდნენ.
_ თქვენ ვინ გაქეზებდათ?
_ ბევრი ვინმე მაქეზებდა. ეს 15-20 წლის წინ იყო. ახლა ამის გახსენების დრო არ არის, თუმცა ამის დროც მოვა.
მეც ვყოფილვარ წაქეზებული და ამიტომ კარგად მესმის ნიკა მელიასი. ამ ბიჭმა მართლა გააკეთა განცხადება პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ განცხადების შინაარსსაც ხომ გააჩნია. ამ ახალგაზრდამ თქვა, მშვიდობიანად და აწეული ხელებით შევიდეთ ეზოშიო.
ახლა აქეთ მხარეს გადმოვიხედოთ, აქაც მხოლოდ ერთ ადამიანზე უნდათ ჯოხის გადატეხა. მხედველობაში გახარია მყავს.
_ გახარიამ არ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც მოხდა?
_ დამნაშავე თუ არის, ცხადია, უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ამ გახარიათი რომ დაიწყეთ, უშიშროებას რატომ არ სთხოვთ პასუხს.
_ იმათ რაზე მოვთხოვოთ პასუხი?
_ იმაზე, რომ საქმე აქამდე მივიდა. მომხდარმა საქართველო პოლიტიკურადაც დააზარალა და ეკონომიკურადაც.
ისიც აშკარაა, რომ ვიღაცებს ძალიან არ უნდოდათ, რომ საქართველოს რუსეთთან მოეგვარებინა ურთიერთობები. არადა, ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო. ცოტაც და რუსეთთან საერთო ენას გამოვნახავდით, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაში დაგვეხმარებოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა ერთმანეთს რომ ასწრებენ გავრილოვის ლანძღვას, ეგენი არ იხვეწებოდნენ, მართლმადიდებელი ქვეყნების ასამბლეა საქართველოში ჩატარდესო? არ იცოდნენ, რომ ამ ასამბლეაში რუსეთიც მიიღებდა მონაწილეობას?
ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ წინასწარ ჰქონდათ პროვოკაცია დაგეგმილი. ჯერ შემოიტყუეს და სპიკერის სავარძელში ჩასვეს გავრილოვი და მერე ატეხეს ერთი ამბავი. ეს კაცი სპიკერის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა.
ახლა ვსვამ კითხვას, ვინ წააგო ამით? პასუხსაც თავად გეტყვით _ ქართულმა სახელმწიფომ. ახლა ისიც ვთქვათ, ვინ მოიგო. ვინ მოიგო და იმან, ვინც თეთრ ცხენს შეახტა, მაგრამ თავისი უტვინობით უკან ჩამოვარდა.
_ ქარაგმებით რატომ გველაპარაკებით, პირდაპირ გვითხარით, ვინ შეახტა თეთრ ცხენს?
_ ბოკერიასა და ნაციონალების მეტი ვინ შეახტებოდა. შსს-ს სათანადო რეაგირება რომ არ მოეხდინა, ეგენი უკვე თეთრ ცხენზე ისხდნენ და, დიდი ალბათობით, ხელისუფლების სათავეშიც მოვიდოდნენ.
ამაში მათ ხელი “ქართულმა ოცნებამაც” შეუწყო. ხელისუფლებაში რომ მრავლად არიან ჩანერგილები, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ.
აქ უნდა კარგი გამოძიების ჩატარება. დარწმუნებული ვარ, ქუცნაშვილიც უდანაშაულო აღმოჩნდება, კობახიძეც და გახარიაც. იმ ახალგაზრდებზე საერთოდ არაფერს ვამბობ, 20 ივნისის ღამეს ქუჩაში რომ გამოცვივდნენ.
ნერვები მეშლება ამ უსამართლობაზე – ბავშვები დასახიჩრდნენ, მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს, გახარიას გადადგომას ითხოვენ და ამ ყველაფრის დამგეგმავები განზე, მშრალად დარჩნენ.
კიდევ კარგი, ნიკა მელია დროზე მიხვდა, რომ ბოკერიას გუნდს მისი გამოყენება სურდა და გვერდზე გადგა.
_ სად გადგა გვერდზე?
_ ხომ თქვა, მშვიდობიანად შევიდეთო. მალევე დაინახა, რომ იქ რაღაც საეჭვო პროცესები დაიწყო, გამოეცალა იქაურობას და აღელვებულ ხალხს წინ დაუდგა, ხელებსაც იქნევდა, წინ არ წახვიდეთო. ამას ხმამაღლა არ იტყვის, მაგრამ მას კინაღამ ყულფში გააყოფინეს თავი.
მედიამაც ცოტა აქტიურად უნდა იმუშაოთ ამ მიმართულებით. მაინტერესებს, სად არის ის კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ შევუვარდი პარლამენტში გავრილოვს.
_ იქ ნაცებს არ შეუვარდით?
_ ნაცებსაც შევუვარდი და გავრილოვსაც. რატომ მალავენ იმ კადრებს, სადაც ვყვირივარ, ნაცები და გავრილოვი ერთნი ხართ-მეთქი.
_ თქვენი ჩხუბის კადრები აჩვენეს, მაგრამ იქ ჩანს, რომ რუსულ დელეგაციას იცავთ.
_ რატომ დავიცავდი რუსებს? სპეციალურად გააშუქეს ასე, უნდოდათ, რუსეთუმედ გამოვეჩინე. კარგი იქნება, `ახალი თაობის~ მკითხველმა მინდა იცოდეს, რომ მაგრად ვეჩხუბე გავრილოვს.
_ ჩხუბი რაში გამოიხატა?
_ პირში მივახალე, რაც ახლა საქართველოს პარლამენტში ხდება, მოსკოვის დაგეგმილია და, არ არის გამორიცხული, კრემლმა შენ გაგწირა-მეთქი. ისიც მივახალე, სააკაშვილი თქვენი აგენტია-მეთქი. სხვა რუსებმა კი უარყვეს ეს, მაგრამ მე დოკუმენტურად დავუმტკიცე., კიდევ ბევრი გვარი დავუსახელე გავრილოვს.
_ რუსმა დეპუტატმა რაო?
_ სხვათა შორის, დამეთანხმა.
_ მართალი ხარო, გითხრათ?
_ ეგ არ უთქვამს, მაგრამ თავისი ვიზიტკა მომცა.
_ ვიზიტკა რატომ მოგცათ?
_ მითხრა, თქვენთან მინდა საუბრის გაგრძელებაო. ჩაიწერა ჩემი ნომერიც.
_ გააგრძელეთ საუბარი?
_ ჯერ არ შემომხმიანებია. აი, ასეთი სიტუაციაა. საქართველოში დღეს რაც ხდება, ეს რომ მოსკოვიდან არის დაგეგმილი, ამას ლაპარაკი რად უნდა. ბოკერია და მისი გუნდი სიამოვნებით ასრულებენ მოსკოვის დავალებებს.
_ ამ დროს ბოკერია და მისი გუნდი გამოკვეთილად ვერ იტანს რუსებს.
_ ეგ არის ზღაპარი. რუსების ლანძღვით შექმნილი აქვთ პროდასავლური იმიჯი, სინამდვილეში კი კრემლის დავალებას დავალებაზე ასრულებენ.
ეს გუნდი დასავლეთის სპეცსამსახურებსაც უსრულებს დავალებებს. ისეთები არიან, ქვეყანასაც გაყიდიან, მიწასაც, წყალსაც, ადამიანსაც და საკუთარ სულსაც კი.
ჩვენთან სულ მიდის საუბრები, რომ ბიძინა ივანიშვილი მფარველობს გიგა ბოკერიას. მე ადრეც გითხარით, რომ პირიქით არის საქმე და იქით მფარველობს ბოკერია ივანიშვილს.
_ თქვენს ამ განცხადებას ისეთი ამბები მოჰყვა.
_ სიმართლე ვთქვი და მაგიტომ. ბოკერია საკმაოდ ანგარიშგასაწევი ფიგურაა, მას ბევრი ნაცნობი ჰყავს, როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთში. ამიტომ ვთქვი, რომ ბოკერიაა ივანიშვილის მფარველი.
_ თუ ივანიშვილის მფარველია ბოკერია, რატომ აწყობდა მის წინააღმდეგ შეთქმულებას?
_ რატომ და ჩვეულებრივად. როგორც სააკაშვილმა მოუწყო შევარდნაძეს გადატრიალება. ამას ახლა ეძახიან ფერად რევოლუციას, თორემ ეგ სინამდვილეში ხელისუფლების გადაბარებაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი ბოკერიასთვის აპირებს ხელისუფლების გადაბარებას.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიშსს – პარლამენტთან ღონისძიებაში საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს მონაწილეობა არ მიუღიათ და პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან
შემდეგი სტატიალონდონის ერთ-ერთ ეზოში თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი მგზავრის ცხედარი დაეცა