“ივანიშვილს პრორუსული ძალები პოლიტიკურ ფლანგზე აღარ სჭირდება”, – ამის შესახებ განცხადება, “მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელმა და “ოცნების” ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიმ გააკეთა.
ბესელიას შეფასებით, ბოლო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ რესურსები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული, რის გამოც ხელისუფლება იძულებულია, უარი თქვას ძველ პოლიტიკურ პარტნიორებზე და საზოგადოებისთვის ახალი გზავნილები მოამზადოს.
ამ კონტექსტში იგი ყურადღებას ამახვილებს ნეიტრალიტეტის თემის გააქტიურებაზე, რომელიც, მისი თქმით, ეტაპობრივად ტესტირდება და შესაძლოა, უახლოეს მომავალში ოფიციალურ პოლიტიკურ იდეად ჩამოყალიბდეს.
“აღარ სჭირდება, იმიტომ, რომ საკუთარ კონკურენტად დაინახა იმ ფლანგზე, რა ფლანგზეც თვითონ ცდილობს, შეინარჩუნოს პოზიციები. გაუჭირდა ძალიან ბოლო არჩევნები, რომელიც გააყალბეს ყველა თვალსაზრისით და იმდენად გაუჭირდა, რომ მინიმალური სხვაობა ძალიან ცოტა დაიწერეს, მეტი ვერ შეძლეს, იყო რამდენიმე პროცენტი პარტიებს შორის, ვინც რეალურად 2024 წლის არჩევნებზე მოიპოვა უფრო მეტი მანდატი, მაგრამ როცა ციფრები დაწერეს, ამ ციფრებს შორის განსხვავება ძალიან მცირე დაიწერა და ეს იყო ძალიან დიდი გაყალბების ფონზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ რესურსი, რომ გაუყონ საკუთრაი ხმები ამ ტიპის პოლიტიკურ ჯგუფებს, აღარ აქვთ. აღარ იყო საჭირო ისინი და ამიტომ დაიწყო სხვა ტიპის მანევრირება და ახლა დაიწყო ახალი იდეა და ნელ-ნელა ამას აჩვევენ საზოგადოებას – ნეიტრალიტეტის იდეას ტესტავენ. ამას ცოტა ხანში ალბათ გამოაცხადებენ”, – აცხადებს ბესელია.

















