პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლების რეაგირება შეაფასა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან მომხდარის ფორმალური დაგმობა მხოლოდ ფასადურია, რეალური პოზიცია კი თეა წულუკიანმა გააჟღერა.
„როცა თქვენ კობახიძისა და დარახველიძის სიტყვებს ციტირებთ, უნდა იცოდეთ, რომ ისინიც ისე ფიქრობენ, როგორც წულუკიანი. უბრალოდ, ისინი უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ და ფორმალურად დაგმეს მომხდარი. სინამდვილეში, წულუკიანმა ყველას მაგივრად თქვა ის, რასაც ხელისუფლება ფიქრობს პოლიციელთა ძალადობაზე“, — აცხადებს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგის შეფასებით, სამართალდამცავ სისტემაში დაუსჯელობის სინდრომი საფუძვლიანადაა გამჯდარი და ხელისუფლებისთვის მთავარია, ეს კადრები საზოგადოებამ „არ ნახოს“. ხუხაშვილი პარალელს წინა ხელისუფლებასთანაცავლებს და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს სისტემურად არაფერი შეუცვლია.
„ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციას მოქალაქეების მიმართ სააკაშვილის დროს და დღესაც იგივე გრძელდება. როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილს სისტემური ცვლილებების განხორციელება სულაც არ უნდოდა. მეტიც, მოსწონდა ის სისტემა და რეჟიმი, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, თავისთვის უნდოდა და ამიტომაც შეინარჩუნა.
ერთადერთი რაც მან შეცვალა — სააკაშვილის დროს კანონმდებლობას დემოკრატიული ფასადი ჰქონდა და ასეთი ფაქტები ავტომატურად კანონგარეშედ ცხადდებოდა. ახლა ივანიშვილმა ბევრი მიმართულებით უკანონობა დააკანონა, ტროტუარზე დგომაც აღარ შეიძლება. ფაქტობრივად, მან დახვეწა და ამ განუკითხაობას `კანონიერი ფორმა~ მისცა“, — განაცხადა გია ხუხაშვილმა.
















