ივანიშვილს კავშირი აქვს რუსულ ოლიგარქიასთან… საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა პუტინის რეჟიმს – ნავალნის გუნდის წევრი, ვლადიმერ მილოვი

“ბიძინა ივანიშვილს კავშირი აქვს რუსულ ოლიგარქიასთან… საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა პუტინის რეჟიმს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში ალექსეი ნავალნის გუნდის წევრი, ვლადიმერ მილოვი საუბრობს. როგორც მან გადაცემაში “დღის სტუმარი” თქვა, ივანიშვილთან დაკავშირებით, პირველად 90-იან წლებში, რუსეთში გაიგო, როცა ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფლებაში მუშაობდა, თუმცა “არა ბიძინა, არამედ ბორის ივანიშვილი”.

“მისი კომპანია დეფოლტის და ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და დახმარებას ითხოვდა. 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც გავიგე, რომ ის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას გარკვეული კავშირები შენარჩუნებული ჰქონდა. ასევე მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც ის ევტუშენკოვთან საუბრობდა. მას გარკვეული ისტორიული კავშირები აქვს რუსეთთან… რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს კავშირი აქვს რუსულ ოლიგარქიასთან და ჩვენ უნდა ვეძებოთ საფუძველი, რომელიც მას და რუსულ ოლიგარქიას ერთმანეთთან აკავშირებს”, – ამბობს მილოვი.

მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ამჟამად კრემლი საქართველოს მთავრობას ემუქრება და აშინებს.

“ვფიქრობ, რომ კრემლი ახლა ძალიან ცდილობს დაემუქროს და აშინებს საქართველოს მთავრობას, რადგან საქართველო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ის მეზობელი ქვეყანაა. მეორე მხრივ, ვიცით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ძალიან მკაფიო კურსი ჰქონდა ევროპისა და უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. და ფორმალურად, საქართველოს უარი არ უთქვამს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ამიტომ საქართველოს მთავრობის პოზიცია მნიშვნელოვანია, – თქვა მან.

მისივე თქმით, დასავლეთში არავის აქვს ეჭვი, რომ ქართველი ერის მიზანი ევროინტეგრაციაა – “თუმცა, საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს ტოვებენ”.

ვლადიმერ მილოვი ამბობს იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და ვაშინგტონში ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებთან სწორედ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე საუბრობდა.

“…ახლა დავბრუნდი ვაშიგტონიდან, სადაც ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებთან ბევრი ვისაუბრე საქართველოზე და საქართველოს მთავრობის პოზიციებზე. საქართველოს მთავრობისგან უკრაინის და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერას ელოდნენ მიმდინარე პუტინის აგრესიის ფონზე, თუმცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა სანქციებსაც კი არ შეუერთდა და მხარი დაუჭირა პუტინის რეჟიმს… საქართველოს სხვა პოზიცია უნდა დაეჭირა ამ ომთან დაკავშირებით”, – ამბობს მილოვი.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით არ გამოირჩევა, მისი პატიმრობა მიუღებელია – “არ ჩაუდენია ისეთი დანაშაულები, რის გამოც ციხეში უნდა ჩაესვათ. რა თქმა უნდა, ვაღიარებ რომ ეს პოლიტიკური ოპონენტების დევნაა”.

banner
წინა სტატიაში„ლეიბორისტულ პარტიას“ ხალხის გულებიდან ვერანაირი აკრძალვა ვერ წაშლის – ნათელაშვილი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო