“ივანიშვილს ისღა დარჩენია, ქართველი ხალხისგან მოპარული ფული მოსკოვში დააბანდოს”, – ასე გამოეხმაურა ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა შაბათის ეთერის ხმაურიან გამოძიებას.
ოპოზიიცონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გასაქცევად ოკუპანტ ქვეყანაში ფინანსურ ინფრასტრუქტურას იმზადებს.
“ფინანსების გარკვეული შეზღუდვები მასზე უკვე დაწესებულია იმ არსებული ამერიკული სანქციებიდან გამომდინარე, რაც სახაზინო დეპარტამენტმა რამდენიმე წლის წინ დააწესა, მას ასევე ემუქრება ბრიტანული სანქციები და დემოკრატიულ ქვეყნებში ფულის განთავსების შეზღუდვების გათვალისწინებით, ისღა დარჩენია, რომ მოსკოვში დააბანდოს ქართველი ხალხისგან მოპარული ფული და ამით მოიმზადოს მათ შორის ფინანსური ინფრასტრუქტურა შემდგომ ქვეყნიდან გასაქცევად ბაშარ ალასადის მსგავსად”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
ცნობისთვის, „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში მოქმედ კომპანიაში „აკვა სფეისი“ საეჭვო ფინანსური აქტიურობა დაფიქსირდა. ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვში აქვს კომპანია „აკვა სფეისი“, რომელიც მისი დისშვილის, კახა კობიაშვილის სახელზეა გაფორმებულია და დაკავშირებულია ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორთან. გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოძიებული 2023–2024 წლების დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის ანგარიშებზე ბოლო ორ წელიწადში დიდი თანხების ბრუნვა დაფიქსირდა, თუმცა რა ოპერაციებს ეხებოდა – დოკუმენტებში არ წერია. „აკვა სფეისი“ ძირითადად უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და გაქირავებაზე არის ორიენტირებული; კომპანიას მოსკოვში ოფისი აქვს და თანამშრომლების რაოდენობაც ექვსამდე გაიზარდა.
















