ივანიშვილს გამოვიყვანთ მზის შუქზე და გავაშიშვლებთ, ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ შვიდმილიარდიანი ფუღურო

გუშინ ჩვენ ვნახეთ, როგორ კუდამოძუებული, ტყით გაექცა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ დაპირებებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ ხეების გადარგვის საკითხზე ციხისძირში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ერთი ეპიზოდი მოიგეს და საბოლოოდ, ოქტომბერში მოიგებენ ბრძოლას. “ჩვენ ერთი ეპიზოდი მოვიგეთ, ჩვენ მოვიგებთ ბრძოლას. ამ ადამიანს გამოვიყვანთ მზის შუქზე და გავაშიშვლებთ. ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ შვიდ მილიარდიანი ფუღურო. ოქტომბერში ჩვენ გავაფორმებთ საბოლოოდ გამარჯვებას და ვეტყვით მას, რომ რამდენი თანხაც არ უნდა ჰქონდეს ყულაბაში, ის ვერ იყიდის ქართველი ხალხის კეთილგანწყობას”, – აღნიშნა გივი თარგამაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ციხისძირში სამუშაოები შეჩერდა არასამთავრობო ორგანიზაციების, “პარტიზანი მებაღეებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების აქტიულობის გამო. მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას შეუძლია “ოლიგარქის თავგასულობის” შეჩერებაც.

“ეს ბარბაროსობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჰქონდა თავისი ახირებები, ხუშტურები. გარდა ეკოლოგიური ზიანისა, აქ იყო ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და მისი დემორალიზაცია, იყო თავდასხმა საქართველოს კანონმდებლობაზე და შვიდი ადამიანი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ისინი იცავდნენ კანონს. ჩვენ შეგვიძლია ამ ოლიგარქის თავგასულობა შევაჩეროთ. თუ ჩვენ ეს მოვახერხეთ აქ, ამას მოვახერხებთ ხვალ სხვაგანაც და საბოლოო ჯამში წერტილს დავუსვამთ მის უკანონო მოქმედებებს ოქტომბრის არჩევნებზე, რომელზეც ყველანი ერთად “ქართულ ოცნებას” ვეტყვით არას”, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესის შეჩერების მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობა” აქციას – “არ გადამრგო” განაგრძობს. მათ ციხისძირში სადღეღამისო მორიგეობა აქვთ დაწესებული.

banner
წინა სტატიაშიზუდგიდის სასამართლო ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მსჯელობს
შემდეგი სტატიავენეციის კომისიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პარლამენტს ეწვევა