„ივანიშვილს აუწყეს, რომ მმართველ გუნდს მეზარბაზნეები არ ჰყავს“

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე „ქართული ოცნების“ გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„სერიიდან: პარლამენტი და პარლამენტარები

ახლადდაწინაურებულ ბ- ნ ოხანაშვილს, ალბათ, ჰგონია, რომ ქვას გახეთქავს, ისეთი საიდუმლო გაამჟღავნა.

თუ მომხრე არ იყო ივანიშვილი, როგორ ჩაწერეს სიაში ბესელია? თუ ჩაწერეს, გამოდის, რომ დაითანხმეს. თუ დაითანხმეს, ესე იგი, მომხრე გამხდარა. აბა, მომხრე არ იყოო, რატომ გვარწმუნებს ახალგაკომიტეტთავმჯდომარეებული?

თუ ივანიშვილი რაღაც ეტაპზე არ იყო სიაში ბესელიას ჩაწერის მომხრე, ალბათ, იმიტომ, რომ ხმები ესმოდა თუ გული უგრძნობდა, რომ როცა იქნებოდა, უსიტყვოდ აღარ დაემორჩილებოდა ივანიშვილს ბესელია…

მაგრამ დათანხმება მოუხდა, რადგან, ასევე, ჩემი ვარაუდით, ალბათ, აუწყეს, რომ მმართველ გუნდს მეზარბაზნეები არ ჰყავდა. 

გახსოვთ, ხომ ბ- ნი მდინარაძის განცხადება, ეკა რომ 10 ათასებს იღებდა, მე ხუთასი მქონდაო?!

ა, ბატონო რამხელა სხვაობა ყოფილ კვალიფიკაციაში. 

და ხუთასლარიანი იურისტების ამარა და იმედად ხომ ვერ იქნებოდა მმართველი გუნდი? 

სხვა რა გზაღა ჰქონდა , – დათანხმებულა ივანიშვილიც…

მაშასადამე, ოხანაშვილის სენტენცია, რომ ივანიშვილი არ იყო მომხრე, არის არასწორი.

სწორია ჩემი ვარაუდი და ისტორიული ლოგიკა:  ივანიშვილი იყო მომხრე.

და ბოლოს, ქართული ანდაზა ბ-ნი ოხანაშვილისთვის სამომავლოდ:

სანეკრეს რომ ნახავ, ნახტომიც უნდა მოზომოო.“

banner
წინა სტატიაშიყვითელი მიკროავტობუსები ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებენ – მერის მოადგილე
შემდეგი სტატიავაღიარებ, რომ ვიდეო გადმოვწერე და მეგობრებს გავუგზავნე – ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული