ივანიშვილმა რუსეთს ვასალობა დაუდასტურა, “რუსთავი 2” მკერდით უნდა დავიცვათ – ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებებს აფასებს

რუსეთი ხვდება, რომ მეტი შეიძლება მიიღოს ივანიშვილისგან – ასე აფასებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სერგეი ლავროვის განცხადებასა და მასზე ბიძინა ივანიშვილის მყისიერ პასუხს.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თბილისში 20 ივნისიდან დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების ფონზე, ივანიშვილმა “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთში ბოდიშის მოსახდელად გაუშვა, კრემლში დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მეტის მიღება შეუძლიათ. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ახლა მთავარი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და “რუსთავი 2”-ის დაცვაა.

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაუგზავნა პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში ბოდიშების მოსახდელად დარწმუნდნენ კრემლში, რომ მეტის მოთხოვნაა საჭირო მეტი შეიძლება მიიღონ. ივანიშვილს ექნება არააფიშირებული, არაფორმალური ურთიერთობები რუსეთის ხელისუფლებასთან. ძალიან სახიფათოა ეს. კონსოლიდაციაა საჭირო მთელი დემოკრატიული რესურსის. “რუსთავი 2″ დასაცავია და იმედია ამას შევძლებთ. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, იქ რუსული ბერკეტები არ მახსოვს, რომ ამოქმედებულიყო. აქ უფრო არის ზეწოლა, ზეწოლაა ივანიშვილზე,”
-ამბობს დავით ბერძენიშვილი.

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი ბიძინა ივანიშვილს თავისად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ ბედავს ულტიმატუმის ენით საუბარს.

„თავისად რომ არ ეგულებოდეს ლავროვს “ქართული ოცნების” ხელისუფლება და ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ასეთი ტექსტით ვერ მიმართავდა და ასე ვერ მოითხოვდა დასჯას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის. ვასალობა დაუდასტურა ივანიშვილმა და დაუყოვნებლივ მყისიერად გამოხატა პოზიცია და უპატაკა, რომ ეს დავალება მიღებულია და რომ ყველაფერს გააკეთებენ მის შესასრულებლად. ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება “რუსთავი 2”-ის სასარგებლოდ და ხელისუფლება თუ კიდევ ერთხელ შეეცდება თეთრზე შავის თქმას და მიუხედავად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა საკუთარი ზრახვების განხორციელებას, გადაფორმებას და ა.შ. ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ამ ზრახვებისაგან მკერდით უნდა დავიცვათ “რუსთავი 2“-აცხადებს შავგულიძე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის გარეშე მიიღო
შემდეგი სტატია„ივანიშვილის შიშსაც ფართო თვალები აქვს” – საპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს