,,ივანიშვილმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რომ დღეს იძულებულები ვართ, ვაშაძეს მივცეთ ხმა”

ჩვენ ივანიშვილმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რომ დღეს იძულებულები ვართ, ვაშაძეს მივცეთ ხმა, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატისთვის ხმის მიცემის არჩევანის საჭიროება არა გრიგოლ ვაშაძისადმი პოზიტიური დამოკიდებულების, არამედ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემის სურვილის გამო დადგა.

„სააკაშვილმა პირადად მე მომაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ ივანიშვილმა მომაყენა ორჯერ მეტი შეურაცხყოფა, როდესაც არჩევანი არ დამიტოვა. ყველა მოქალაქემ ეს ყველაფერი ასე უნდა დაინახოს. ჩვენ ივანიშვილმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რომ დღეს იძულებულები ვართ, ვაშაძეს მივცეთ ხმა, ოღონდ იმის გამო, რომ ივანიშვილს არ მივცეთ ხმა და არა იმიტომ, რომ შეიძლება, ვაშაძე მიყვარდეს“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის პერსპექტივა გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება.

„ივანიშვილმა შეუშალა ხელი მესამე ძალის გაჩენის პერსპექტივას იმის გამო, რომ მუდმივად სჭირდებოდა მე ან ისინი. მესამე რომ ყოფილიყო, ივანიშვილს ამ რიტორიკის გაგრძელების საშუალება აღარ ექნებოდა. მესამე ძალას სჭირდება მედია რესურსები, რომლებიც თითქმის არ არსებობს, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი „გადაქაჩა“ ან საპირწონე მხარეს დარჩა, ასევე, ფინანსური რესურსები, რომლებიც ივანიშვილმა ყველგან მოაშთო და პოლიტიკაში აღარ არსებობს და ინტელექტუალური რესურსი, რომელიც უკვე ემოციისგან გამოფიტული და დაცლილია და აღარ შეუძლია მესამე ძალაში მონაწილეობა, ესეც ივანიშვილის დამსახურებით.

მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენასა და გაძლიერებას ხელს შევუწყობ როგორც რიგითი ადამიანის, ისე არარიგითი ადამიანის სტატუსით, იმიტომ, რომ მე არ მინდა, თუნდაც 2020 წლის არჩევნებში ჭიდაობა იყოს გაერთიანებულ ოპოზიციას, იგივე „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებასა“ და მის ფილიალ „პატრიოტთა ალიანსს“ შორის“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა

banner
წინა სტატიაში,,სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი საზოგადოების უდიდეს ნაწილთან, რომლებსაც მისი მმართველობის დროს ცხოვრება დაენგრათ”
შემდეგი სტატია“გუშინ ბილბორდიდან დამალეს, ხვალ რომ პრეზიდენტი გახდეს, ზეგ პრეზიდენტობიდან დამალავენ?” – დავით ბაქრაძე