ივანიშვილმა მეუფე პეტრეს ნაციონალებთან სიტუაციის დალაგება სთხოვა?

სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის ბოლო ვოიაჟს და იქ უხვად გაცემულ დაპირებებს დიდი ალიაქოთი მოჰყვა. ყველა აღიარებს, რომ მილიარდერის კოლხეთის დაბლობზე ჩასვლა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება.
ეს ასეც არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მთავარი მეოცნებეს მოგზაურობის დეტალებს, აღმოვაჩენთ, რომ ის მხოლოდ საარჩევნოდ ხალხის გულის მოსაგებად არ ჩასულა სამეგრელოში.
ოფიციალურად გაკეთდა განცხადება, რომ ივანიშვილი ჭყონდიდელ მიტროპოლიტს შეხვდა. ამ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც მეუფე პეტრე და “ქართული ოცნება” ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში არ არიან.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი არ მალავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან და მის მეუღლესთან ახლობლობდა. მეუფეს და ახალაიების ოჯახის მეგობრობაც ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე ცოტა უცნაურია, რატომ შეხვდა “ოცნების” ლიდერი მეუფე პეტრეს.
მეუფე პეტრემდე მთავარმა მეოცნებემ მეუფე გერასიმე მოინახულა. ამ უკანასკნელს ხშირად სტუმრობს ხოლმე შს მინისტრი გიორგი გახარია.
მმართველ პარტიაში კულუარულ საუბრებში ადასტურებენ, რომ მეუფეებთან შეხვედრები ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება.
“ახალი თაობა” ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წერდა იმის შესახებ, რომ მეუფე გერასიმე აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო პროცესებში, სწორედ მეუფეს დამსახურებაა, რომ არჩევნების წინ მმართველ გუნდში მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დაპირისპირება არ მოხდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მეუფე გერასიმემ დაარწმუნა ირაკლი ჩიქოვანი, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსობას დათანხმებოდა. არადა თავიდან მერობის კანდიდატად სწორედ ჩიქოვანი მოიაზრებოდა.
კორცხელის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრაზე, რომლის ამსახველი ფოტოებიც “ახალმა თაობამ” გამოაქვეყნა, ეპისკოპოსი ჩიქოვანს დაჰპირდა, რომ თუ შტაბის უფროსობას დათანხმდებოდა, 2020 წლის არჩევნებისთვის ის მას მაჟორიტარად გაუწევდა რეკომენდაციას.
მეუფე გერასიმეს ზუგდიდზე სერიოზული გავლენები აქვს და, ბუნებრივია, რომ მოგების წყურვილით აღვსილი ივანიშვილი მას შეხვდა და დახმარება სთხოვა, მაგრამ უცნაურია, როგორ უნდა დაეხმაროს მას ამ საქმეში ჭყონდიდელი მიტროპოლიტი.
კავშირები ზუგდიდში მასაც აქვს, პატივსაც სცემენ. მაგრამ მეუფე პეტრე ახალაიების ახლობელია. ახალაიების ოჯახი კი “ოცნებასთან” ძალიან შორს არის.
და რაც მთავარია, მეუფე პეტრესთან დაახლოებული ნაციონალების მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსია. აქედან გამომდინარე საეჭვოა, რომ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ხალხს თავისი ახლობლის წინააღმდეგ წასვლა ურჩიოს.
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ნაციონალებთან დაახლოებულ მეუფეს მეგობრები “ქართულ ოცნებაშიც” ჰყავს. სწორედ მისი დამსახურებით მოიგო მაჟორიტარული არჩევნები სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ოთარ დანელიამ.
დიდი ალბათობით, მეუფე პეტრესა და ივანიშვილის შეხვედრას ორგანიზება სწორედ დანელიამ გაუკეთა.
მეოცნებეები შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მცირე კომენტარით შემოიფარგლა ივანიშვილის მასპინძელიც.
მეუფე პეტრეს თქმით, შეხვედრაზე სახელმწიფოებრივ საკითხებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ საუბარი არ ყოფილა ზუგდიდში გასამართ ადგილობრივ არჩევნებზე.
მეუფის განცხადებითვე, განხილულ იქნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილის აღორძინება და იქ ეკლესიის აღდგენა.
ამ შეხვედრაზე იყო თუ არა ციანიდის საქმეზე საუბარი, უცნობია. ამის მიუხედავად, ამ თემაზე მეუფე პეტრე პატარა კომენტარს აკეთებს და იმედოვნებს, რომ ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მალე დატოვებს საპატიმროს.
მეუფე იმედს გამოთქვამს, რომ მამა გიორგი მამალაძეს სააღდგომოდ შეიწყალებენ. მეუფე პეტრეს თქმით, თუ გადაწყვეტილება დაგვიანდება, მსჯავრდებულს აუცილებლად მოინახულებს.
– იმედი მაქვს, რომ აღდგომის მადლით, საპატრიარქო გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯს და მალე ვიხილავთ თავისუფლებაზე მამა გიორგის. თუ დღის წესრიგში დადგება და დაგვიანდება მისი გათავისუფლება, აუცილებლად მოვინახულებ, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
როგორც უკვე ვთქვით, მეუფე პეტრესა და ივანიშვილის შეხვედრას ბევრი ჭორი მოჰყვა.
“ოცნებაში” მართალია ამის დაშვება არ უნდათ, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილმა მეუფე პეტრეს ნაციონალებთან და მიხეილ სააკაშვილთან სიტუაციის დალაგებაში დახმარება სთხოვა.
მმართველი პარტიისთვის ზუგდიდის მერის არჩევნების მოგება აუცილებელია, მაგრამ ეს ზედმეტი ხმაურის გარეშე უნდა გააკეთონ. კორცხელიადა აქ აღარ გამოადგებათ, რადგან გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილს მთელმა სამყარომ დაუგმო.

ხიბულას ჭადარი
სამეგრელოში მყოფმა ივანიშვილმა ხობის რაიონის სოფელი ხიბულაც მოინახულა, სადაც პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ისაუბრა. ამან საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, რადგან მთავარ მეოცნებეს აქამდე საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მისი ღვაწლი არ გახსენებია.
აღშფოთებული ხალხი ამბობს, რომ ივანიშვილი ხიბულაში ამომრჩევლის გულის მოსაგებად ჩავიდა. სამეგრელოსა და ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ბევრი მომხრე ცხოვრობს.
მართლა აღმაშფოთებელია, როცა გარდაცვლილ პრეზიდენტს იმიტომ იხსენებ, რომ ხმები მოიპოვო და ამიტომ ჩადიხარ ხიბულაში, მაგრამ, როგორც ირკვევა, მას სხვა მიზნებიც ჰქონდა.
ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო “ახალ თაობას” უყვება, რომ ხიბულაში მყოფმა ივანიშვილმა 104 წლის ჭადარიც მოინახულა. “ახალი თაობა” ამ ჭადრის ფოტოსაც გთავაზობთ.
როგორც ჩვენი წყარო ყვება, ჭადარი, რომელმაც მთავარი მეოცნებეს ყურადღება მიიქცია, ხიბულას სასაფლაოზე დგას.
აღმოჩნდა, რომ ეს მხცოვანი ხე უნიკალურია. მისი დატოტვა ერთი მეტრიდან იწყება, რაც ჭადრებს არ ახასიათებს. აქედან გამომდინარე რა გასაკვირია, რომ მეოცნებე მისით დაინტერესდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხიბულას მოსახლეობა ამ ამბავმა ძალიან შეაშფოთა. ივანიშვილის მონახულებული ხე შუა სასაფლაოზე დგას. ოცნებათუხუცესმა თუ ამ ხის გადატანა გადაწყვიტა, საფლავების ნაწილი უნდა გადაითხაროს.
ივანიშვილი სასურველი ხის ხელში ჩასაგდებად უკან რომ არაფერზე იხევს, ეს ყველამ იცის. ამიტომაც არც საფლავების ამოთხრას მოერიდება, რასაც ხიბულაში დიდი დაპირისპირება მოჰყვება.
ახლა ადგილობრივები თავს მხოლოდ იმით იმშვიდებენ, რომ პირველ მეოცნებეს ხის გადატანის სურვილი არ გამოუთქვამს და ჭადარი მხოლოდ შეათვალიერა.

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიპოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა
შემდეგი სტატიაიყო ფულის გამოძალვის, ნეპოტიზმის, დედოვშინის ფაქტები… როგორ ახერხებთ აიცილოთ პასუხისმგებლობა? – კანდელაკი იზორიას