“ერთადერთი ადგილი, სადაც ივანიშვილის მომავალია, სადაც ივანიშვილი საკუთარ მომავალს ხედავს არის რუსეთი”, – ასე ეხმიანება შაბათის ეთერის გამოძიებას კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიგა ლემონჯავა.
ოპოზიციონერის თქმით, ამის მიუხედავად, ვერც რუსეთი იქნება ივანიშვილისთვის უსაფრთხო, რადგან ავტოკრატებს და დიქტატორებს, რომლებიც კრემლს აღარ სჭირდება, როგორც წესი, არასახარბიელო ბედი ელით ხოლმე.
“ერთადერთი ადგილი, სადაც ივანიშვილის მომავალია, სადაც ივანიშვილი საკუთარ მომავალს ხედავს და სადაც ჩვენც ვხედავთ მის მომავალს, ქართველი ხალხი, არის რუსეთი. სხვა თავშესაფარი ივანიშვილს არ ექნება, ოღონდ ივანიშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რა მოსდისთ ავტორიტარებს, დიქტატორებს, რომლებიც კრემლს აღარ სჭირდება. აი, ასადის მაგალითი არის ძალიან კარგი ივანიშვილისთვის. ასადი, როგორც იცით, რამდენიმე თის წინ მოწამლეს მოსკოვში. ამიტომ, მოსკოვიც არ იქნება უსაფრთხო თავშესაფარი ივანიშვილისთის, – ამბობს გიგა ლემონჯავა.
ცნობისთვის, „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში მოქმედ კომპანიაში „აკვა სფეისი“ საეჭვო ფინანსური აქტიურობა დაფიქსირდა. ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვში აქვს კომპანია „აკვა სფეისი“, რომელიც მისი დისშვილის, კახა კობიაშვილის სახელზეა გაფორმებულია და დაკავშირებულია ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორთან. გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოძიებული 2023–2024 წლების დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის ანგარიშებზე ბოლო ორ წელიწადში დიდი თანხების ბრუნვა დაფიქსირდა, თუმცა რა ოპერაციებს ეხებოდა – დოკუმენტებში არ წერია. „აკვა სფეისი“ ძირითადად უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და გაქირავებაზე არის ორიენტირებული; კომპანიას მოსკოვში ოფისი აქვს და თანამშრომლების რაოდენობაც ექვსამდე გაიზარდა.
















