„ივანიშვილმა იცოდა, რომ ღმერთად არ ვთვლიდი!“

14677961_1223330067690492_671098113_oრა დაუჯდათ „ოცნებას“, „ნაცმოძრაობასა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს ჭიათურაში ანი მიროტაძის დამარცხება

  

 

თავის დროზე ხმაურიანი ჟურნალისტი იყო. მერე, როგორც საქართველოშია მოდური, ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წავიდა – „ეროვნული ფორუმის“ სახე გახდა. ამასობაში, პოლიტიკურ ავანსცენაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ დიდი ოპოზიციური გაერთიანება შექმნა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაარქვა… „ფორუმი“ კოალიციის წევრი ყველაზე გვიან გახდა. ჰოდა, სწორედ „ფორუმის“ ქვოტით, ანი მიროტაძე მერვე მოწვევის პარლამენტში დეპუტატის სტატუსით შევიდა… წელს ანი ჭიათურის მჟორიტარობისთვის იბრძოდა და თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მეორე ტურში გავიდოდა. ჭიათურაში მეორე ტური, მართლაც, დაინიშნა, მაგრამ „ოცნების“ კანდიდატს შერკინება ანი მიროტაძესთან კი არა, „თავსიუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელთან მოუწევს. რა მოხდა 8 ოქტომბერს ჭიათურაში და რა დაუჯდა „ოცნებას“, „ნაცმოძრაობასა“ და „თავისფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს ანი მიროტაძის დამარცხება? – ყოფილი ჟურნალისტი და ყოფილი დეპუტატი ამ თემაზე “თაიმერთან” საუბრისას ერთობ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და მართალია, ფაქტები არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ არჩევნების ღამეს არათუ, ზოგადად,  ამომრჩეველს, არამედ, მის მომხრეებსაც კი 200-200 ლარი დაურიგეს.   

 

– ანი, რაღაც „ნიუსები“ წავიკითხე და გამწარებული მომეჩვენე. ჭიათურაში, არჩევნებზე რა მოხდა?

– გამწარებული არ ვარ, უბრალოდ, გაუგებარი სიტუაცია იყო… საერთოდ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მათ შორის, წაგებისთვისაც – როცა არჩევნებში მონაწილეობ, იცი, რომ ერთი იგებს, მაგრამ იმდენად სრულფასოვანი კამპანია მქონდა და საარჩევნო ციკლიც  ისე უშეცდომოდ გავიარე, რომ ისეთ შედეგს, როგორიც დადგა, არ ველოდი.

– აბა, რას ელოდი?

– რას და, – უკიდურეს შემთხვევაში, მეორე ტურში გასვლას. არ ვიცი, მეორე ტურში რას ვიზამდი, მაგრამ ეს შედეგი აბსოლუტურად გაუგებარია. მეტიც, არჩევნები, პრატქიკულად, ერთ ღამეში წავაგე!

– ანუ?

– ჩემი ყველა კონკურენტი პროგნოზირებდა, დიდი ალბათობით, მეორე ტური იქნება, რომელშიც ერთმანეთს მიროტაძე და რომელიმე ჩვენგანი დაუპირისპირდებაო.

– „ოცნების“ კანდიდატიც ასე ფიქრობდა?

– დიახ, თუმცა არ ვიცი, ამომრჩეველმა სულხან მახათაძეს მხარი რატომ უნდა დაუჭიროს.

– ამ ლოგიკით, ამომრჩეველს მხარი შენთვის რატომ უნდა დაეჭირა?

– მახათაძე ჭიათურის გამგებელი იყო, თუმცა მის სახელს არაფერი უკავშირდება.

– ვიცი, რომ ჭიათურაში დაიბადე, მაგრამ ამის გარდა, შენს სახელს რა უკავშირდება?

– ამ ქალაქისთვის რაღაც-რაღაცები მაქვს გაკეთებული. ჩემი მთავარი სლოგანი ასეთი იყო – შეჩერდეს ნგრევა და სწრაფად დაიწყოს პროგრესი.

– რაღაც „ნაციონალებისმაგვარი“ სლოგანია, არა?

– არა… იქაურობა ინგრევა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით…

– „ფორუმი“, „ოცნებასთან“ ერთად, ხელისუფლებაში, მინიმუმ, ორი წელი მაინც იყო და არ მესმის, ნგრევაში ვის ადანაშაულებ?

–  დიახ, ვიყავით…

– მერე, ეს ნგრევა რატომ არ შეაჩერეთ?

– რეაქცია, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაღაცებზე მქონდა, მაგრამ ნგრევა რა თქმა უნდა,  ვერ შევაჩერე. არათუ ვერ შევაჩერე, არამედ, ჭიათურაში მანგანეზის მოპოვებამ მასშტაბური სახე მიიღო – იქ სრული ქაოსია.

– ისე, თუ არ მეშლება, მანგანეზთან დაკავშირებით, ივანიშვილის ნათესავი, უჩა მამაცაშვილიც ახსენე…

– არა… უბრალოდ, „ქართული ოცების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სულხან მახათაძე ბიძინა ივანიშვილის დის პროტეჟეა – ისინი თანასოფლელები არიან და არ გამიკვირდება, რომ მეორე ტურში სწორედ მახათაძემ გაიმარჯვოს…

– ანი, „ოცნებას“ მანგანეზის ინტერესი აქვს?

– საერთოდ, ჭიათურაში ყველაფერი მანგანეზის ბიზნესს უკავშირდება, მაგრამ იმაზე საუბარი, კონკრეტულ ვის რა ინტერესები აქვს, ძალიან გამიჭირდება. მართალია, რაღაც ჭორები გამიგია, მაგრამ დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს.

რაც შეეხება არჩევნებს, 8 ოქტომბერს, ღამის პირველის ნახევარზე, დამირეკეს და მითხრეს, „ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კოორდინატორებმა ოჯახებში შესვლა და ფულის დარიგება დაიწყესო.

– ეს რას ნიშნავს?

– მაგალითად, სოფელ ნიგოზეთში, ჩემი მომხრის ოჯახში შევიდნენ.

– რა იცი?

– თვითონ დამირეკა და მითხრა, 200 ლარი დამიტოვეს, მაგრამ ამის გადაღება ვერ მოვასწარი და რა ვქნაო.

– ანუ, „ოცნებისა“ და „თავსუფალი დემოკრატების“ კოორდინატორები ოჯახებში ერთად შედიოდნენ?

– არა, ცალ-ცალკე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემს მომხრეს 200 ლარი „ოცნებამ“ მისცა.

– ანი, მოდი, „ჩავაანალიზოთ“: „ოცნება“ „გულგონთხარა“ იყო, რომ ფულს მაინცდამაინც შენს მომხრეებს აძლევდა?

(იღიმება) არა, ზუსტად იცოდა, სად მიდიოდა.

– იმ ადამიანის ვინაობა იცი, ვინც შენს მომხრეს არჩვნების წინ ფული მისცა?

– მე არა, მაგრამ მან იცის, ვისაც მისცეს.

14699646_1223328394357326_101396153_o

– ფული რა მოტივით მისცეს?

– გიჭირს და აი, გეხმარებითო. მაშინვე მივხვდი, რა პროცესიც დაიწყო, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს ერთეული შემთხვევა იქნებოდა, თან რა უნდა მექნა? – ღამის პირველი საათი იყო.

– პოლიციაში რატომ არ დარეკე?

– პოლიციაში რომ დამერეკა, ფაქტი ხომ უნდა მქონოდა?.. ამის შემდეგ, სხვადასხვა სოფლიდან – დარკვეთსა და რგანიდანაც დამირეკეს. სოფელ ხრეითზე კი, სადაც საოცრებები ხდებოდა, აღარაფერს ვამბობ – ფულის მიცემა ჩემს ნათესავებს დაუწყეს.

– ანუ, ნათესავებმა ფული აიღეს და ხმა არ მოგცეს?

– არ ვიცი, ვინ რა ქნა, თუმცა ხრეითიდან ბევრად მეტი ხმა უნდა წამომეღო… მოკლედ, მივხვდი, რომ ამ პროცესს წინ ვერ აღვუდგებოდი და ამომრჩევლის მორალის ამარა დავრჩი.

– ანი, ფული რომ გქონოდა, შენც დაარიგებდი?

– არა, ფული რატომ უნდა დამერიგებინ? „ფულზე გაყიდული არჩევანი“ ოდესმე ხომ უნდა დავასრულოთ?!

– ისე, საარჩევნო კამპანია რა სახსრებით ჩაატარე?

– ძალიან ცოტა ფული მქონდა… საერთოდ, არჩევნებს, განსაკუთრებით, მაჟორიტარულს ფული იგებს!

– ამის შესახებ მაშინ არ იცოდი, როცა გადაწყვიტე, რომ ჭიათურაში კენჭი მაჟორიტარად გეყარა?

– დიახ, ვიცოდი და სწორედ ამიტომ, წინააღმდეგი ვიყავი, რომ მაჟორიტარული სისტემა დარჩენილიყო. მაშინ, როცა ეს გადაწყდა, „ფორუმი“ ჯერ კიდევ უმრავლესობაში იყო, მაგრამ 87 დეპუტატიდან მაჟრიტარული სისტემის გაუქმებას მხარს მხოლოდ ჩვენ და კიდევ რამდენიმე, ჯამში, ათი დეპუტატი ვუჭერდით… ისე, მე, როგორც ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი ვერ ვიტყვი, საზოგადოება რამდენად კეთილსინდისიერად მოიქცა. თავის დროზე იმდენი დაპირება რომ გავეცით და ვერ შევასრულეთ, საზოგადოებას ჩვენ, რა, კეთილსინდისიერად მოვექეცით?!

– ჰოდა, ჩემო ანი, წარმატებული, გავლენიანი ჟურნალისტი იყავი და რა გინდოდა, ცხოვრება რატომ აირიე?

– არ ამირევია!

– კარგი, რა! „ფორუმში“, რომელსაც წევრებიც კი აღარ ჰყავს, რა უნდა გააკეთო?

–  ჯერ ერთი, „ფორუმს“ წევრები ჰყავს. მეორეც, პოლიტიკური ცხოვრება შეიძლება, პარლამენტსგარეთაც იყოს. ასე რომ, ისევ აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრებ.

– ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ რომელი აქტიური ცხოვრების იმედი გაქვს, როცა ერთიანი პროევროპული პარტიის შექმნის „ფიორუმისეული“ იდეა თითქმის არავინ მიიღო…

– ესე იგი, საზოგადოებას რაღაც ახალი იდეები უნდა შევთავაზოთ. ახალი არჩევნებისთვის, გამოწვევებისთვის მოვემზადებით და ყველაფერს ასე სკეპტიკურად არ ვუყურებ.

– არჩევნებში „ფორუმმა“ ერთი პროცენტი აიღო და ეს, დავიჯერო, ოპტიმიზმის საბაბია?

(იცინის) ერთი პროცენტიც ვერ ავიღეთ და სწორედ ამას ვამბობ, გადასახედია, ამომრჩეველმა უარი რატომ გვითხრა-მეთქი.

– არადა, მახსოვს, „ფორუმს“ ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია, ყველაზე მაგარი და ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი ძალა ვარო. ისე, ერთხანობას, მგონი, ნატო-საც უპირისპირდებოდით და „გირჩმა“ ამტომაც განაცხადა, „ფორუმის“ ერთიანი პროდასავლური პარტიის შექმნის იდეას მხარს არ დავუჭერო… 

– „ფორუმის“ ნატო-სთან დაპირისპირება თავის დროზე გიგა ბოკერის გამოგონილი იყო. „ფორუმს“ ნატო-ს საწინააღმდეგო არასოდეს არაფერი ჰქონია, მაგრამ მაშინ „ნაცმოძრაობას“ სჭირდებოდა, რომ ახლადშექმნილი „ფორუმისთვის“ ეს იარლიყი მიეკერებინა, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა და ასეთი სისულელეები აზრად არასოდეს მოგვსლია და არც მოგვივა.

ისე, ვანო, იცი, ჩემი პლუსი რა არის? – დაცემას არასოდეს ვეგუები, ხოხვაც რომ დამჭირდეს, აუცილელბალდ ავდგები და, სხვათა შორის, ახლაც ასე ვარ.

– ამ ეტაპზე შენი „ფეხზე ადგომა“ ის ხომ არ იქნება, რომ ხელისუფლებამ რამე თანამდებობა შემოგთავაზოს და უცებ „გაოცნებელდე“?

– ამას, ალბათ, იმ პროცესიდან გამომდინარე მეკითხები, რაც სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, მაგრამ რა უნდა შემომთავაზოს?

– რა და, – მაგალითად, ჭიათურის გამგებლის მოადგილეობა, ან რომელიმე მინისტრის მოადგილეობა.

– რა თქმა უნდა, არ დავთანხმდები!

– ანი, რა ამის პასუხია და, იმ ოთხ წელიწადში, რაც დეპუტატი იყავი, როგორც პოლიტიკოსი, შედექი?

– საკუთარ თავზე კარგად ვიმუშავე, მაგრამ რაღაცები დამაკლდა. ამიტომ, მაქვს მიზეზი, რომ პოლიტიკაში დავრჩე და ეს რაღაცები პარლამენტს გარეთ, ასე ვთქვათ, გავიარო.

– ჰოდა, პოლიტკური გამოცდილება ხომ არ დაგაკლდა, როცა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე ინფორმაცია გქონდა და ამის თაობაზე თუნდაც არჩევნების დღესვე საგანეგბო ბრიფინგი არ ჩაატარე?

– ვანიჩკა, ხომ გეუბნები, ფაქტი არ მქონდა და ამაზე ლაპარაკი რომ დამეწყო, ყველაფერს პროვოკაციული დატვირთვა მიეცემოდა.

– მოკლედ, ადამიანისთვის, რომელიც 200 ლარად გყიდის, არაფერს წარმოადგენ, არა?

– ასე ვერ ვიტყვი… როცა 200 ლარად მყიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან უჭირს!

– და შენ, როგორც დეპუტატობის კანდიდატს გქოდა გეგმა, რითიც ჭიათურის მოსახლეობა გაჭირვებას თავს დააღწევდა?

– დიახ, მქონდა და ეს გეგმა ხალხთან ერთად ბრძოლა იყო!

– ჭიათურელების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას გააგრძელებ თუ ხალხზე გაბრაზებული ხარ?

– არა, როგორ შეიძლება, გაბრაზებული ვიყო? ადამიანს რომ არ უჭირდეს, თავის არჩევანს ხომ არ გაყიდის და როგორ შეიძლება, გაჭირვებული მიატოვო? ისე, უკეთესი იქნებოდა, ეს ფული არ აეღოთ, რადგან 200-200 ლარი რაში უნდა ეყოთ? ბოლოს და ბოლოს, მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებიან, მიხვდებიან, რომ არასწორად მოიქცნენ, მაგრამ ყველაფერი ეს უკვე ჩავილილი ამბავია. მოკლედ, ხალხზე გაბრაზებული არ ვარ, რადგან ეს ჩემი ქვეყანაა და თუკი ჩემი ქვეყანა ასეთია, პოლიტიკაში იმიტომაც ვრჩები, რომ ხალხს დავეხმარო, რათა საკუთარი არჩევანი მომავალშიც არ გაყიდოს და მორალურად უფრო ძალიან არ დაითრგუნოს, თორემ ყველაფერს ეს ერთი წაგება არ განსაზღვრავს!

ვანო, ამ არჩევნებით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ამიტომ, მადლობელი ვარ, რომ თავის დროზე მაჟორიტრად კენჭისყრის გადაწყვეტილება მივიღე…

– ამომრჩეველზე სუს-ის მუშაობდა?

– ეს თვალშისაცემი არ იყო, თუმცა არჩევნებამდე ათი დღით ადრე, მუნიციპალიტეტის წარმოომადგენლები ძალიან გააქტიურდნენ – სოფლებში ხალხს ეუბნებოდნენ, თუ მხარს სახელისუფლებო კანდიდატს კი არა, მიროტაძეს დაუჭერ, „სოციალური“ მოგეხსნებაო. ვფქირობდი, რომ ეს მუქარა არ იმუშავებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, სისტემამ, ასევე, გარკვეულმა შანტაჟმა იმუშავა და ის შედეგი დადგა, რომელიც დადგა და რომელი შედეგიც ჭიათურას, მგონი, უკვე არ მოსწონს, მაგრამ რას ვიზამთ – ეს მისი არჩევანია!

– ანი, იმ სამი წლის განმავლობაში, რაც სახელისუფლებო კოალიციის წევრი იყო, „ფორუმმა“ რა გააკეთა, რომ სისტემა, რომელიც „ნაცებმა“ შექმნეს, შეცვლილიყო, ანუ სისტემის არშეცვლაში თავს დამნაშავედ არ გრძნობ?

– ვანო, შენ, რა, გგონა, რომ ფრთები მაქვს და ვამბობ, მე კარგი გოგო ვარ და სხვები ცუდები არიან-მეთქი? ყველაფერ იმაზე, რაც ხდებოდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და პოლიტიკურ ველში ამიტომაც ვრჩები.

– კარგია, პასუხისმგებლობას რომ გრძნობ, მაგრამ სამი წლის განმავლობაში „ფორუმელები“ ჩუმად იმიტომ იყავით, რომ კარგად ცხოვრობდით?

– ჩუმად არ ვყოფილვართ, მაგრამ სხვა თემაა, გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გავლენის მოხდენა რამდენად შეგვეძლო.

– გადაწყვეტილებას ვინ იღებდა?

– უმრავლესობა.

– ვისი კარნახით?

– არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არავის დაურეკავს და დირექტივა არ მოუცია, თუმცა ფაქტია: არაფორმალური მმართველობა არსებობდა. სამწუხაროდ, ეს არაფორმალური მმართველობა ახლა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო!

– „ფორუმი“ „ოცნებას“ რომ არ გამიჯვნოდით, მილიონს ისევ ხომ მიიღებდით?

– რომელ მილიონს?

– რომელს და, – აი, იმ ყბადაღებულ მილიონს, რომელზეც ყველა ლაპარაკობს…

– მილიონი კი არა, ერთი თეთრიც არ მიგვიღია!

– უი, რატომ?

– უარი ვთქვით და ეს ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო!

– ჰო, მართლა, ანი, 2012-ში რატომ გიხაროდათ, რომ მიშას ხელისუფლება შეიცვალა? სხვათა შორის, დეპუტატი გახდი თუ არა, მერაბიშვილთან გადაღებული ფოტო გამოგიქვეყნეს. სხვა რაღაცებიც დაგაბრალეს…

– კიდევ რა დამაბრალეს?

– რა ვიცი, „ოცნებაში“ შეგზავნილი იყოო, თუმცა ამ ბრალდების გამო არ იჩივლე…

– როგორ არ ვიჩივლე – პროკურატურაში საჩივარი მეორე დღესვე შევიტანე, ამ საქმეზე გამომძიებელი ორჯერ თუ სამჯერ შეიცვალა და ეძებენ, ხელი რამეზე მოწერილი მაქვს თუ არა.

– არ გახსოვს, „ნაცების“ დროს ხელი რამეს მოაწერე თუ არა?

(იცინის) ეს ძალიან სასაცილოა! რა უნდა იპოვონ, რაც ბუნებაში არაფერი არსებობს, ან როგორ შეიძლებოდა, იმ გუნდთან რამე ფორმით ვყოფილიყავი, რომელიც ჩემს ქვეყანას და ყველას ანადგურებდა, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, მათ შორის, ჩემს ოჯახსაც.

რაც შეეხება ფოტოს, მინდა, ამაზე ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ეს ფოტოსურათი, ალბათ, ფარულადაა გადაღებული.

– სად?

– კარალეთში, სადაც არ ვიცი, შენც იყავი თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი ჟურნალისტი ვიმყოფებოდით.

– შემიძლია, დავიფიცო, რომ ვანო მერაბიშვილთან ერთად არასოდეს არსად ვყოფილვარ! ასე რომ, მიამბე, კარალეთში რა გინდოდა?

– 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, კარალეთიდნა რუსის ჯარი რომ გავიდა, წამყვანი მედიასაშუალების ხელმძღვანელებს გვთხოვეს, რომ შსს-ში მივსულიყავით. იქ მისულებს გვითხრეს, ბიჭები დემორალიზებულები არიან და კარგი იქნება, კარალეთში წავიდეთ და გავამხნევოთო, მაგრამ გორში რომ ჩავედით, გვითხრეს, რომ იქ შეიძლება, ვანო მერაბიშვილი ყოფილიყო.

– ყველაფერი ეს გავიგე, მაგრამ ის ფოტო სუფრაზეა გადაღებული…

– დიახ… მაგიდა სიგრძეზე იყო გაშლილი და მახსოვს, კუთხეში დავჯექი. ვანო მოვიდა და გვერდით დამიჯდა…

– ვანოს, როგორც შს მინისტრს, რამე უხერხული ჰკითხე?

– ამას გიყვები… თუ არსებობს, ამ შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნება ძალიან საინტერესო იქნება, რადგან მკვეთრი შეკითხვები დაისვა. მახსოვს, ჩემს გვერდით გიორგი უძილაური იჯდა, ჩემს წინ კი, – ბაია ცანავა. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ეს ჩემთვისაც გაუგებარი შემთხვევა იყო და სერიოზული პროტესტიც გამოვხატეთ – წარმოიდგინე, ომი ახალი დამთავრებულია, ყველა გვამი გამოტანილი არაა და ამ დროს, სუფრასთან ჯდები და შს მინისტრთან საუბრობ.

– გახსოვს, თამადა ვინ იყო?

– თენგო გოგოტიშვილი.

 

– ესე იგი, ჩვეულებრივი ტრადიციული სუფრა იყო?

– არა, არა… კარგად არ მახსოვს, მაგრამ მერაბიშვილს შეკითხვა, მგონი, სწორედ გვამების გადმოსვენებაზე დავუსვი. ისე, ის, ვინც ეს ფოტო გამოაქვეყნა, ძალიან არასწორად მოიქცა, რადგან კარგად იცის, იქ რაც ხდებოდა – სამი კი არა, დაახლოებით, 80 ჟურნალისტი ვიყავით, თან იცი, რა მიკვირს? – ეს ფოტო ჩემი ჟურნალისტობის დროსაა გადაღებული და დანაშაულია, ჟურნალისტმა ფოტო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანთან გადაიღოს?

14697278_1223327584357407_175449962_o

– მე თუ მკითხავ, დანაშაული არაა, მაგრამ თუკი კარალეთში 80 ჟურნალისტი იყავით, ფოტო მაინცდამაინც შენ რატომ გამოგიქვეყნეს?

– არ ვიცი… ალბათ, მეტი ვერაფერი იპოვეს…

– იქნებ, შეშურდათ, უცებ დეპუტატი რომ გახდი და „კომპრომატიც“ ამიტომ მოგიძებნეს?.. ისე, „ოცნების“ საპარლამენტო სიაში როგორ მოხვდი? – კახა შარტავამ მართლა თავისი ადგილი დაგითმო?

– „ფორუმის“ სიაში მესამე ვიყავი და კახა შარტავას თავისი ადგლი როგორ უნდა დაეთმო? კახა შარტავამ და რეზო შავიშვილმა სიაზე უარი თქვეს – ეს მათი გადაწყვეტილება იყო და დათმობა რა შუაშია? კახა, რომელიც პარტიის ლიდერი იყო, სიაში მესამე ეწერა და ეს ადგილი მე დამითმო? – ლოგიკა სადაა?!

სიმართლე გითხრა, ამ ფოტოს გამოქვეყნებამ მაინცდამაინც არ დამაზარალა, რადგან ვერავინ დაიჯერებს, რომ ვანო მერაბიშვილთან ერთად სუფრა-სუფრა დავდიოდი და დავქეიფობდი…

– …ანი, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, რომელსაც პოლიტიკაში წასვლამდე ხელმძღვანელობდი, მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდი, რატომ გაყიდე?

– რატომ და, – არ მინდოდა, ჩემთან დაკავშირებული ყოფილიყო.

– „პირველს“ შენი და ხელმძღვანელობდა და შენთან დაკავიშრებული როგორ იქნებოდა?

– გასაგებია, მაგრამ ყველა ინფორმაცია – პოზიტიური თუ უარყოფითი, რომელიც „პირველზე“ გამოქვეყნდებოდა, აუცილებლად მე დამიკავშირდებოდა…

– ხმა დადის, რომ „პირველის“ გაყიდვა „ოცნებამ“ შემოგთავაზა…

(იღიმება) ვაიმე, ასეთი ჭორები თუ დადის, მე და ჩემი ოჯახი რა პოპულარულები ვყოფილვართ!.. არა, ასე ნამდვილად არ ყოფილა… საქართველოში ერთგვარი მოდაა, რომ მედიასაშუალება აუცილებლად პოლიტიკოსს უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ ვთვლი, რომ მედიასაშუალებაზე უარის თქმით საფრთხე „პირველს“ არ შევუქმენი, რომ ობიექტურობიდან გადაეხვია…

– მოკლედ, ანი, ასეა თუ ისე, მაინც არ მეუბნები, 2012 წელს „ნაციონალების“ სახლში გაშვება რატომ გიხაროდა?

– „ნაციონალები“ სახლში უნდა წასულიყვნენ.

– კი ბატონო, მაგრამ სისტემა რატომ არ შეცვალეთ?

– რაღაცები რომ არ მომწონდა და ურჩი დეპუტატი ვიყავი, 2016 წლის არჩევნების ამ შემადგნელობაში ამიტომაც აღარ ვარ.

– ახლა, არ მითხრა, რომ ივანიშვილმა დაგსაჯა…

– არა, მაგრამ  ჩემი სიურჩის გამო მისაღები, ალბათ, არ ვიყავი, თუმცა ამით ვამაყობ! დიახაც, ჩემი სავიზიტო ბარათია, რომ იმას, რისიც არ მჯერა, არ ვემორჩილები!

– ანი, „ფორუმმა“ უღალატა ბიძინა ივანიშვილს თუ პირიქით, ივანიშვილმა უღალატა „ფორუმს“?

– არ ვიცი, ჩვენი მხრიდან ღალატი რაში გამოიხატება.

– მაშასადამე, იქითკენ იხრები, რომ ივანიშვილმა გიღალატათ?

– ესეც არ ვიცი… კოალიციიდან არავის გამოვუგდივართ და ჩვენით წამოვედით. მოკლედ, ამას ღალატს ვერ დავარქმევ, თუმცა თუ ივანიშვილთან დაკავშირებით რამის შეკითხვა გინდა, პირდაპირ მკითხე…

– ივანიშვილს სულ რამდენჯერ შეხვედრიხარ?

– რამდენჯერმე.

–  ხელი ჩამოგირთმევია?

– კი…

– და მაშინ ღმერთად თვლიდი?

– რა თქმა უნდა, არა და მანაც იცოდა, რომ ღმერთად არ ვთვლიდი. თუ რამე არ მომწონდა, ვეკამათებოდი კიდეც.

– ივანიშვილთან, მაინც, რაზე გიკამათია?

– ასე არ მახსოვს, მაგრამ რაღაც-რაღაცებზე მიკამათია და მითქვამს, რომ მის მოსაზრბეას არ ვეთანხმებოდი, თუმცა ჩხუბზე არ გადავსულვართ. ყველაფერი ეს კი ჩურჩულის საბაბი ხდებოდა, აი, მიროტაძე დაუმორჩილებელიაო…

– ანი, შეგძილია, მითხრა, გასულ 4 წელიწადში ფული რომელმა „ოცნებელმა“ იშოვა?

– არ ვიცი. ეს თქვენი, ჟურნალისტების საქმეა…

– მოდი, ჩემი წყარო იყავი და ყველაფრი, რაც იცი, მითხარი…

(იცინის) არ ვაპირებ, წყარო ვიყო, თან მართლა არ ვიცი, ვინ რა იშოვა.

– ერთ სიტყვით, ჭიათურაში ანი მიროტაძის დამარცხება, საერთო ჯამში, რამდენი 200 ლარი დაჯდა?

– ჯამში, რამდენიმე მილიონი.

– ვაუ, „ოცნებისთვის“ ასეთი ფასეული ხარ, რომ შენს დამარცხებაზე ამდენი დახარჯა?

– აქ მხოლოდ „ოცნება“ არ იყო.

– აბა, შენს საწინააღდმეგოდ ხალხს ფულს კიდევ ვინ უხდიდა?

– „ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ და მეორე ადგილზე გასული „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი…

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

 

 

banner
წინა სტატიაში„თბილისობა“ გრძელდება – მერია დღევანდელი ღონისძიებების განრიგს ავრცელებს
შემდეგი სტატიამერკელი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოითხოვს