ივანიშვილმა გადაწყვიტა, არა მხოლოდ სააკაშვილზე, არამედ ქვეყანაზე იძიოს შური – გიორგი ბოტკოველი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ გორის ჰოსპიტლიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადაყვანა პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ივანიშვილი ცდილობს, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ქვეყანაზე იძიოს შური.

“ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება. მან გადაწყვიტა, ბოლომდე გაანადგუროს ქვეყანა და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე იძიოს შური, არამედ იმ ქვეყანაზე, რომელმაც წარმატებას მიაღწია სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს. დარწმუნებული ვარ, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი უკვე. ამ ქმედებებით ეს ყველაფერი დავინახეთ. თვალს არ დაახამხამებენ, ისე გამოგვასალმებენ ალბათ თითოეულ ადამიანს სიცოცხლეს და ისე მოახდენენ ნებისმიერი ადამიანის რეპრესიას, ვინც ამ ქვეყანაში რაიმე დემოკრატიულ სიტყვას იტყვის”, – თქვა ბოტკოველმა.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მყოფი მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მან აღნიშნა, რომ მოშიმშილეების ნაწილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობის შეწყვეტა მოუწია. პროტესტს ადგილზე 200-მდე ადამიანი აგრძელებს.

“სამწუხაროდ, ყოველდღიურად გვაკლდებიან მეგობრები, ხდებიან ცუდად. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ნაწილის გადაყვანა გვიწევს საავადმყოფოში, ნაწილი რეკომენდაციების გამო, წყვეტს შიმშილობას, თანმდევი დაავადებების გამო, თუმცა აქ მუხტი არ ქრება. 10 დღეა, ეს ადამიანი შიმშილობენ და მათი შინაგანი რწმენა და მიზანია მთავარი – ამ ქვეყნის თავისუფლება”, – თქვა გიორგი ბოტკოველმა.

წინა სტატიაშივოლსკი – პატიმარი როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
შემდეგი სტატიაელისაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომიტეტების სხდომის წინ მოდიან, ოქმს ხელს აწერენ, რომ ხელფასი არ დაექვითოთ, ეს არის ბოიკოტი?