ივანიშვილმა ამერიკა, ევროკავშირი და რუსეთი გადაიკიდა – გახარია

დასავლელი და ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ფონზე, გიორგი გახარია “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ “დღევანდელი დღე ილუსტრაცია იყო იმისა, თუ როგორი უსუსური და არაფრის მაქნისია “ქართული ოცნება”.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა როგორც შტატები, ასევე ევროკავშირი გადაიკიდა.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პუტინის რეჟიმი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადახედვას არ აპირებს და აღნიშნავს, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ რუსეთის ფედერაციაც გადაიკიდა.

დღეს კარგი დღე იყო იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი უსუსური, არაფრის მაქნისი და არაფრის შემძლეა “ოცნება”. მარტივი რამ მოხდა, დღეს ერთი მხრივ, შტატებმა ელჩის გავლით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ყველაფერს დაარქვეს სახელი და თქვეს, რომ ადამიანი ზრუნავს მხოლოდ თავის ფულზე და ამ ფულის გამო მძევლად ჰყავს აყვანილი ქვეყანა. უხეშად ეს თქვეს. დღეს გამოვიდა ევროკავშირის ელჩი, რომელმაც თქვა, რომ ფორმალურადაც არ შეხვდებიან არავის საქართველოს მთავრობიდან. ამერიკამ თავისი ელჩის, ევროკავშირმა თავისი ელჩის სახით გვითხრა და რუსეთის ფედერაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის სახით გვითხრა, რომ დაივიწყეთ ეს ყველაფერი, ტერიტორიული მთლიანობა.

ივანიშვილმა როგორღაც მოახერხა და გადაიკიდა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რუსეთის ფედერაცია. ეს ყველაფერი არჩევნებამდე 3 კვირით ადრე ხდება, იმ გაუგონარი დაპირებების პირობებში, რომელსაც ასე უხვად იძლეოდნენ ბოლო 1 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი კარგად ხედავს, როგორ უსუსურ მდგომარეობაშია პერსონალურად ივანიშვილი და ის ელიტა, ის ხალხი, რომლებმაც რუსულ კანონს მისცეს ხმა და სიაში არის”, – ამბობს გიორგი გახარია.

banner
წინა სტატიაშიდანიგანი: ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს
შემდეგი სტატიაგახარია: არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლებაში დარჩენა ხელისუფლების დაკარგვის ყველაზე მოკლე გზა იქნება ივანიშვილისთვის