„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მხარდამჭერებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითი მათთვის გაკვეთილი უნდა გახდეს.
დეკანოიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.
„ღარიბაშვილის საქმე ზეპირად ისწავლონ ივანიშვილის დღევანდელმა მსახურებმა, ჩინოვნიკებმა, ძალაუფლების გამამართლებელმა ფინანსურმა სექტორმა, რადგან მათი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ “უანგარო” სამსახური ივანიშვილისთვის — ასე დასრულდება“, — წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფმა ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა კორუფციის მორიგი საქმის აღიარების მოთხოვნით. ღარიბაშვილის თქმით, ის ხვალ, 18 აგვისტოს, ვრცელ წერილს გამოაქვეყნებს და საზოგადოებას საკუთარ სიმართლეს იტყვის.















