ივანიშვილისთვის ყველაფერი ძალიან მძიმედ დასრულდება თუ ის „უგუნურ, უტიფარ და აგრესიულ ქმედებებს“ დროზე არ შეაჩერებს

საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება. აშშ-ში ყველა ის ფიგურა, ვინც ამ რეგიონითაა დაინტერესებლი, ვისაც ქართველი ხალხისადმი ფუნდამენტური ღირებულებითი და პრაგმატული მხარდაჭერა აქვს, შეშფოთებულია იმით, რასაც დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ბანდა ახორციელებს, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, სენატორ როჯერ ვიკერის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილს, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გაასაჯაროვა.

მისი შეფასებით, ივანიშვილისთვის ყველაფერი ძალიან მძიმედ დასრულდება თუ ის „უგუნურ, უტიფარ და აგრესიულ ქმედებებს“ დროზე არ შეაჩერებს.

„დღეს იყო სენატორ როჯერ ვიკერის, კომერციის კომიტეტის თავმჯდომარის და ჰელსინკის კომიტეტის თანათავმჯდომარის წერილი ძალიან მკაფიო გზავნილებით. ეს არის გაგრძელება იმ ტალღის, რაზეც უკვე მთელი ეს პერიოდია ვსაუბრობთ, რომ ივანიშვილის და მისი პოლიტიკური ბანდის ნაბიჯები საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს და აქედან გამომდინარე, აშშ-ში ყველა ის ფიგურა, ვინც ამ რეგიონითაა დაინტერესებული, ვისაც ქართველი ხალხისადმი ფუნდამენტური ღირებულებითი და პრაგმატული მხარდაჭერა აქვს, ამით შეშფოთებულია. ისინი აპირებენ, რომ საერთაშორისო ზეწოლა განახორციელონ იმ უკანონო ნაბიჯების, პოლიტიკური დევნის, ხალხის შეურაცხყოფისა და დამცირების, ქართველი ხალხის ინტერესების დამცირების, სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ვითარების გამო. მე არ ვიცი რა მორიგ სისულელეს მოიფიქრებენ ამ ყველაფრის პასუხად, მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება და ადგილზე ქართულ საზოგადოებასთან გაუცხოებასთან ერთად, ბუნებრივია, ამაზე რეაგირებენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. სადამდე გააგრძელებს ამ უგუნურ, უტიფარ, აგრესიულ ქმედებებს ივანიშვილი, ჩვენთვის რთულია ამის თქმა. რაც შემიძლია ნამდვილად ვთქვა, ეს არის ის, რომ ეს ყველაფერი დასრულდება მისთვის ძალიან მძიმედ თუ დროზე არ შეჩერებს ამ პროცესს. იქამდე გაგრძელდება საზოგადოების პროტესტი ადგილზე და ჩვენი მეგობრების, ჩვენში ვგულისხმობ არა ოპოზიციას, არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქართველი ხალხის მეგობრების და პრაგმატული მხარდამჭერების ზეწოლას საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ყველაფერი კი ცუდად მთავრდება ყველასთვის, ვინც ამ ლეგიტიმური ტიპის დინების წინააღმდეგ მიდის“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია (სარია): პასუხის პასუხი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცილისწამებებს
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია სარია: ჩემი ოცნება არ ყოფილა მღვდლობა…