ივანიშვილის შემცვლელად ამერიკელები ირაკლი ალასანიას განიხილავენ

რა მოსთხოვა აშშ-მ ივანიშვილს, გაზიარებს თუ არა მოსკოვი ვაშინგტონის პოზიციას, რა შეცდომებს უშვებს დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით, ვის შემოსვლას უნდა ველოდოთ ქართულ პოლიტიკაში? -ამ თემებზე “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.

_ სანდრო, თქვენ რამდენიმე თვის წინ “ახალ თაობასთან” საუბარში თქვით, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი ტრაბახობდნენ, ჯერ ეკა ბესელიას მოიშორებდნენ თავიდან და შემდეგ ივანიშვილის ჯერიც დადგებოდა. ეკა ბესელია, ფაქტობრივად, მოიშორეს, შეძლებენ “ოცნების” ლიდერის მოშორებასაც?
_ მოდით, პირდაპირ ვთქვათ ვთქვათ სათქმელი _ ივანიშვილმა ისე გაიხადა საქმე, რომ მას საკუთარი გუნდის წევრები აშანტაჟებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თანამდებობა `ოცნების~ ლიდერის დაშანტაჟების წყალობით შეინარჩუნა.
სახელისუფლებო პარტიაში მისი გადაყენების საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. მას გაზაფხულის ბოლოს უნდა დაეტოვებინა პარლამენტის სპიკერის პოსტი. თანამდებობის შესანარჩუნებლად ის მივიდა პარტიის ლიდერთან და პირდაპირ დააშანტაჟა. შანტაჟმა გაჭრა _ კობახიძემ თანამდებობა შეინარჩუნა.
_ ირაკლი კობახიძეს ივანიშვილი როგორ ან რით უნდა დაეშანტაჟებინა?
_ არ დაგვავიწყდეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე განკარგავდა საარჩევნო თანხებს. პირველად მას ეს საქმე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩააბარეს, მას შემდეგ ის არის ამ თანხების გამანაწილებელი.
მან ივანიშვილს უთხრა, რომ თუ მისი გადაყენების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნებოდა, ის იტყოდა, თუ როგორ იხარჯებოდა არჩევნების წინ ფული. საუბარია ფულის არალეგალურ გამოყენებაზე, თორემ არჩევნებისთვის ყველა პარტია ხარჯავს ფულს და ეს დანაშაულად არ ითვლება.
“ქართულ ოცნებას” და მის ლიდერს ვანო ზარდიაშვილიც აშანტაჟებს. პარტია და ივანიშვილი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც დააშანტაჟა. ცოტა ხნის წინ მისი გადაყენების საკითხი დადგა დღის წესრიგში. მაშინ იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ ყველაფერი ისე არ იქნებოდა, როგორც მას სურს, ის სხვა ნაბიჯებს გადადგამდა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამე იცის და ამის წყალობით დარჩა პოსტზე.
სახელისუფლებო პარტიაში კომპრომატების ომია დაწყებული და კობახიძე-ზარდიაშვილის დაჯგუფება ამით ინარჩუნებს ძალაუფლებას. პარლამენტს თავიდან ბოლომდე ეს კლანი აკონტროლებს.
_ ამბობთ, კობახიძემ, წულუკიანმა და ზარდიაშვილმა ივანიშვილი დააშანტაჟესო,. ‘ოცნების’ ლიდერს მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რომ კომპრომატი კომპრომატის წილ ააფრიალოს, თუ ისეთი უმწიკვლოები არიან, რომ მათი სახელი არ შეიბღალება?
_ უმწიკვლოები როგორ არიან? ვანო ზარდიაშვილი თავად არის მოსიარულე კომპრომატი. ადამიანი ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო და ამაზე დიდი კომპრომატი რაღად გინდათ.
ივანიშვილს ამათზე როგორ არ ექნება კომპრომატები, მაგრამ მათი გამოყენება ეფექტური არ იქნება.
_ რატომ არ იქნება ეფექტური?
_ ამათ შესახებ საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი იცის. მათ იმაზე მეტად მაინც ვერ გასვრი, ვიდრე თავად არიან გასვრილები. ამიტომაც ნაკლებად ეშინიათ კომპრომატების.
თანაპარტიელები ერთმანეთს შანტაჟის ენით რომ ესაუბრებიან, ეს მიუთითებს ერთ რამეზე _ `ქართულმა ოცნებამ~ ლპობის უმაღლეს სტადიას მიაღწია. ლპობის უმაღლესი სტადიის შემდეგ უკვე გარდაცვალება დგება.
ამ პარტიის არაერთ გავლენიან პირთან მქონდა ბოლო დროს შეხვედრები. ჩვენი საუბარი არაოფიციალურ გარემოში შედგა. მათი საუბრებიდან კარგად ჩანს, რომ ისინი უკვე შეეგუვნენ ხელისუფლებიდან წასვლის ფაქტს.
ახლა მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, როდის ან როგორ მოხდება ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორება. იმაზეც საუბრობენ, შეძლებენ კოალიციურ მთავრობაში მოხვედრას თუ ისევე გაქრებიან, როგორც მოქალაქეთა კავშირი გაქრა.
ხშირად მოგვისმენია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ `ოცნება~ ხელისუფლებაში 2030 წლამდე დარჩება. ახლა ამაზე ტვინგადაბრუნებული ქოცებიც კი აღარ საუბრობენ. ყველა ხვდება, რომ `ქართული ოცნება~ დამთავრდა.
_ დიდი წივილ-კივილი მოჰყვა სოციალური ქსელით გავრცელებულ თქვენს განცხადებას, სადაც ამტკიცებთ, რომ ამერიკელებმა ივანიშვილს მოსთხოვეს ხელისუფლება ბოკერიას ფრთას _ “ევროპულ საქართველოს” გადააბაროსო. რამდენად არის ეს ყველაფერი რეალობასთან ახლოს?
_ ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია. დაახლოებით ორი კვირის წინ ივანიშვილს შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კურტ ვოლკერი.
მისი პირით ვაშინგტონმა `ოცნების~ ლიდერს პირდაპირ მიანიშნა, რომ მან უნდა დატოვოს ხელისუფლება. საქართველოში ორი ვადის იქეთ ვერავინ დარჩება ხელისუფლებაში. `ოცნება~ ამ მეორე ვადას ძალიან მალე დაასრულებს და ის უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან.
პარტიის ლიდერს პირდაპირ უთხრეს, რომ მან `ევროპულ საქართველოს~ ხელისუფლება ხავერდოვნად უნდა გადააბაროს. პრემიერის პოსტზე უკვე განიხილება გიგი წერეთლის კანდიდატურა, პარლამენტის თავმჯდომარედ კი დავით ბაქრაძე სახელდება.
_ რომელი დავით ბაქრაძე, “ევროპელი დემოკრატების” თუ აშშ-ში საქართველოს ელჩი?
_ ბოკერიას დავით ბაქრაძე განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. ისიც და გიგი წერეთელიც ხალხს ნაკლებად აღიზიანებენ. ბოკერიას წინა პლანზე არავინ წამოსწევს, მაგრამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ფაქტობრივად, ის იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ `ოცნება~ და მისი ლიდერი ხავერდოვან გადაბარებაზე უარს იტყვიან, მაშინ რევოლუციური სცენარით განვითარდება მოვლენები. ასეთ შემთხვევაში აშშ ივანიშვილს უსაფრთხოების გარანტიებს აღარ აძლევს.
ხელისუფლებას ამერიკელებისთვის შეთავაზებაზე ჯერ პასუხი არ გაუცია. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რას იტყვიან. სამაგიეროდ, ვიცი ერთი რამე _ ამერიკელების გეგმის განხორციელებას ხელს შეუშლის რუსეთი.
_ შეძლებს რუსეთი ამერიკელებისთვის ხელის შეშლას?
_ ვერ გეტყვით. რუსეთსაც და ამერიკასაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე დიდი გავლენები აქვს.
_ ამბობთ, რომ ამერიკელებს უნდათ, რომ ხელისუფლება ბოკერიას გუნდს გადააბარონ. მოსახლეობას “ოცნება” აღარ მოსწონს, მაგრამ  ევროპული საქართველო” დასანახადაც არ უნდა. გამოდის, რომ ქართველ ამომრჩეველს არავინ არაფერს ეკითხება?
_ 2003 წელს, ვარდების რევოლუციის წინაც დაახლოებით ანალოგიური პროცესები მიდიოდა ქვეყანაში. ჯეიმს ბეიკერი საგანგებოდ ჩამოვიდა თავის მეგობარ შევარდნაძესთან და სქემა დაუდო, სქემა იმისა, თუ როგორ უნდა წასულიყო მოქალაქეთა კავშირი ხელისუფლებიდან.
მაშინ ამერიკელები ითხოვდნენ, რომ შევარდნაძეს ძალაუფლება ზურაბ ჟვანიას გუნდისთვის გადაებარებინა. ეს გუნდი საკმაოდ ზომიერი პოლიტიკოსებით იყო დაკომპლექტებული.
სხვათა შორის, იგივე წინადადება მიუვიდა ასლან აბაშიძესაც. მასაც და შევარდნაძესაც პასუხის გასაცემად გარკვეული დრო მისცეს. ამერიკელებმა მაშინდელ ხელისუფლებას ღიად უთხრეს, რომ თუ ჟვანიას გუნდს ძალაუფლებას არ გადააბარებდნენ, მაშინ ხელისუფლებაში ბევრად უფრო რადიკალური სააკაშვილი მოვიდოდა. მისი მოსვლის შემთხვევაში შევარდნაძის გუნდს უსაფრთხოების გარანტიებს არავინ აძლევდა.
ჟვანიას თუ გადააბარებდნენ ხელისუფლებას, უსაფრთხოების გარანტიები იქნებოდა. ასლან აბაშიძე თანამდებობის შენარჩუნებასაც შეძლებდა.
აჭარის მეთაურმა შეთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, შევარდნაძემ კი ორაზროვანი პოზიცია დაიკავა _ მას ამერიკელებისთვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციით დასრულდა. ხელისუფლებაში ჟვანიას ზომიერი გუნდის ნაცვლად გავეშებული სააკაშვილის გუნდი მოვიდა. ამ გუნდმა თითქმის ყველა დაიჭირა. ახლაც ზუსტად იგივე ვითარებაა, თითქოს კალკით გადაიღესო.
მაშინ რუსეთი ისეთი ძლიერი არ იყო, როგორიც ახლა არის, პუტინი ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო და ამერიკელების ნებას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. მაშინ დღევანდელი რუსეთი რომ ყოფილიყო, ვარდების რევოლუცია არ მოხდებოდა.
ვარდების რევოლუცია იმის შესახსენებლად გავიხსენე, რომ 2003 წელს არც ჟვანიას ჰქონდა მაღალი რეიტინგი. ურეიტინგო იყო სააკაშვილიც. ჩვენ ერთად მოგვიწია პარლამენტში ყოფნა და კარგად ვიცი, რასაც ფიქრობდნენ დეპუტატები მასზე.
მაშინ ვინმესთვის რომ გეთქვა, ოდესმე სააკაშვილი იქნება საქართველოს პრეზიდენტიო, გიჟად ჩაგთვლიდნენ, იმდენად ოდიოზური და სასაცილო ფიგურა იყო, მაგრამ ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ასე რომ, დიდ ყურადღებას ნუ მივაქცევთ იმ ფაქტს, რომ ხალხს ბოკერია და მისი გუნდი ეზიზღება.
ბოკერია ადრეც ეზიზღებოდა ხალხს, მაგრამ მან ერთხელ უკვე შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას, ის ქვეყანაში მეორე კაცი იყო და ბევრ რამეს ის წყვეტდა.
სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა. თუ ივანიშვილი ამერიკელების შეთავაზებას არ მიიღებს, ყოფილ პრეზიდენტს რევანშის აღებაში ხელს არ შეუშლიან.
ამ უკანასკნელს რევანშის აღება რამდენიმე შემთხვევაში შეუძლია. მაისში ზუგდიდში მერის ვადამდელი არჩევნები ტარდება. სწორედ მაშინ შეუძლია სააკაშვილის რევოლუციური სცენარის განხორციელება.
_ რატომ გგონიათ, რომ რევოლუციური სცენარი ზუგდიდიდან დაიწყება, რადგან ვარდების რევოლუციაც სამეგრელოდან დაიწყო?
_ არა. ზუგდიდში “ოცნებას’ მერის არჩევნების მოგების შანსი არ აქვს. ერთადერთი, რითიც მას წარმატების მიღწევა შეუძლია, არის მოსყიდვა, ძალადობა და გაყალბება.
მმართველმა პარტიამ თუ ამ მეთოდებს მიმართა, მაშინ საქართველოში რევოლუცია შეიძლება მაისში დაიწყოს. ივანიშვილი ამერიკელებს თუ არ დათანხმდება, შემოდგომაზე რევოლუცია უეჭველი მოხდება.
მგონი, რევოლუცია ისედაც გარდაუვალი ხდება _ მმართველ ფენას აღარ შეუძლია მართვა, ხოლო ჩაგრულ ფენას აღარ სურს ძველებურად ცხოვრება.
`ქართულ ოცნებას~ ნაციონალების ბუად წარმოჩენა ვეღარ გადაარჩენს. ამ მეთოდმა რამდენჯერმე უკვე გაჭრა. მართალია, ხალხს ნაციონალები სძულს, მაგრამ მათი ზიზღით, `ოცნებას~ გვერდით აღარ დაუდგება. ივანიშვილი ზარდიაშვილის, კობახიძისა და ამდაგვარი ოდიოზური ფიგურების ამარა დარჩება. ისინიც პირველები გადახტებიან მშობლიურ ნავში. მხედველობაში ზურაბ ადეიშვილის ნავი მაქვს.
_ ამტკიცებთ, რომ აშშ ითხოვს “ევროპული საქართველოსთვის” ხელისუფლების გადაბარებას. ამ ლოგიკით, ამ პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების გაერთიანებაც ვაშინგტონის მითითებით უნდა მომხდარიყო.
_ არა მგონია, რომ ეს გაერთიანება აშშ-სთან იყოს კავშირში. სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანებში აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება თავისუფალი დემოკრატების ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია.
აშშ-ის გარკვეულ წრეებში ალასანიას პოლიტიკაში დაბრუნება უკვე გადაწყვეტილი ამბავია. ვაშინგტონი ამ ადამიანს ივანიშვილის ერთ-ერთ სერიოზულ ალტერნატივად განიხილავს.
_ არის იმის ალბათობა, რომ ბოკერია და ალასანია ერთ მხარეს აღმოჩნდნენ?
_ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ, არ მინდა, რომ ირაკლი ალასანიამ ეს შეცდომა დაუშვას. მე რატომღაც მგონია, რომ ის უფრო სოლიდურად გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე, ვიდრე აქამდე იყო.
_ პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს ირაკლი ოქრუაშვილიც. შემთხვევით მასთან ხომ არ გაერთიანდება ალასანია?
_ ოქრუაშვილთან გამორიცხულია. ამ ეტაპზე ოქრუაშვილის პოლიტიკაში შემოსვლა მისთვის არ იქნება კარგი. ახლა მას დასაბრუნებლად არც რესურსი აქვს და არც _ სათანადო მხარდაჭერა. მომავალში შეიძლება თავისი სათქმელი მკაფიოდ თქვას, მაგრამ ახლა მისი დაბრუნება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება.
_ აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ პოლიტიკაში შემოდის ლევან ვასაძე. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ლევან ვასაძე უკვე დიდი ხანია, რაც ქართულ პოლიტიკაშია. შეიძლება, ეს ღიად არ ჩანს, მაგრამ ის უკვე მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. რაც შეეხება პოლიტიკაში მის ღიად შემოსვლას, ეს მე გარდაუვალ ამბად მიმაჩნია.
_ ამბობენ, რომ ის პრორუსულად განწყობილ პარტიებს ჩაუდგება სათავეში.
_ ვერ გეტყვით. მე ვასაძეს პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად არ ვთვლი, მაგრამ ის არც ამერიკელების ინტერესების გამტარებელია.
ამერიკელები ვისაც უჭერენ მხარს, უკვე გითხარით. ვაშინგტონმა ასეთი არჩევანის გაკეთებით დიდი შეცდომა დაუშვა.
_ რატომ დაუშვა შეცდომა?
_ იმიტომ, რომ ისინი იმ ძალას უჭერენ მხარს, რომელიც ქართველ ხალხს სძულს. ამერიკელები ლიბერასტებთან და მართლმადიდებლობის მტრებთან ამყარებენ კავშირებს. აქედან გამომდინარე, ხალხი ფიქრობს, რომ ამერიკა ლიბერასტებისა და ქართული ეკლესიის მტრების მფარველია.
ამით დასავლური ღირებულებების მიმართ პატივისცემა იკარგება.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე – სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს, სასამართლო კორპუსმა იგრძნო, რომ დამოუკიდებელია
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: არჩევნებამდე დარჩენილი დრო გახარიასთვის სერიოზული გამოწვევა იქნება