საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“თითქმის არასოდეს გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება. მაშინაც კი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, თავს ვთვლიდი ტექნოკრატად და ძირითადად, ეკონომიკურ ან კრიზისის მენეჯმენტის თემებზე განცხადებებით შემოვიფარგლებოდი. მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდება, შეუძლებელს ხდის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ არ გამოხატოს თავისი მტკიცე პოზიცია და არ გააკეთოს სათანადო პოლიტიკური განცხადება.
რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, მოხდა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო – ჯერ არჩევნების ტოტალური გაყალბების გზით და არაკონსტიტუციურად პარლამენტის შეკრებით დაამტკიცა არალეგიტიმური მთავრობა და შემდეგ კი, ამ არალეგიტიმურმა მთავრობამ გამოგვიცხადა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება და კონსტიტუციის კიდევ ერთი მუხლის (78-ე მუხლი) დარღვევით ქვეყნის ევროპული მომავლის შეჩერება. თან ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად ისეთივე სტილში და იგივე სიტყვებით, როგორც თავის დროზე იანუკოვიჩმა გააკეთა უკრაინაში (სავარაუდოდ, სცენარის ავტორი ერთი იყო ორივე შემთხვევაში).
ამიტომ ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც, თუ ვინმეს გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, ენის მოჩლექით და მინიშნებებით კი არ უნდა ილაპარაკოს, ან ის კი არ უნდა თქვას, რომ ეს ჩემი საქმე არ არის და ვინმე სხვამ გააკეთოს განცხადება, ვინმე სხვა გავიდეს პროტესტზე, სხვამ გამოაცხადოს ბოიკოტი – არამედ ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია და გააკეთოს ის, რაც მის შესაძლებლობებშია.
სცენარის ავტორებს მინდა ვუთხრა – საქართველო ბელორუსი არ არის და 28 ნოემბრის ღამემ ეს უკვე კარგად აჩვენა. ყოველგვარი წინასწარი ორგანიზებისა და მოწოდების გარეშე ასობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში . ამ ეტაპზე ოპოზიციის ვალდებულებაა უბრალოდ ხელი შეუწყოს ამ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და შეეცადოს ნაკლები „სადღეგრძელოებით“, ნაკლები საკუთარი ეგოების გამოჩენით, მაგრამ მეტი ორგანიზებულობით, მიზანმიმართულობით და თავდადებით აჩვენოს საზოგადოებას მაგალითი.
საჯარო მოხელეებიც უნდა დაფიქრდნენ მათი პოზიციონირების კუთხით. მესმის, რომ ძალიან რთულია სამსახურის დატოვება მაშინ, როდესაც ოჯახი გყავთ სარჩენი, ან როდესაც გაშინებენ ზემდგომები, მაგრამ ბევრად უფრო რთული იქნება თქვენივე სინდისთან თავის მართლება რამდენიმე თვის, ან თუნდაც დღის შემდეგ, როდესაც მიხვდებით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება დააგვიანეთ. თქვენ დღეს გაქვთ შანსი გახდეთ გმირები და მოიშოროთ იძულებით აკიდებული ის პასუხისმგებლობა, რომლის მონაწილეც ამ კორუმპირებული რეჟიმის დროს გამხდარხართ. არ გაუშვათ ეს შანსი.
დიპლომატიური კორპუსის დუმილი კი ყველაზე ძალიან მაკვირვებს (მივესალმები საგარეო სამინისტროს თანამშრომლების გუშინდელ განცხადებას, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ელჩები მყავს მხედველობაში). თქვენ ხართ ქვეყნის ინტერესების დაცვის პირველი ხაზი. ამ სიტუაციაში დუმილი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და პროფესიის ღალატია. და ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში მყოფ ელჩებს, ყველა ელჩზეა საუბარი. ბევრ მათგანს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი პატრიოტები და პროფესიონალები ხართ. ახლა თუ არ ამოიღებთ ხმას, როდის და ვისგან უნდა დაიცვათ ქვეყანა?
ბიზნესიც კარგად უნდა დაფიქრდეს. კონსტიტუცია-დარღვეულ ქვეყანაში, არალეგიტიმური და იზოლაციაში მოქცეული მთავრობის არსებობის პირობებში რამდენად შესაძლებელია ან ბიზნესის კეთება ან კიდევ ინვესტორების შემოყვანა? მესმის, რომ ბევრი მსხვილი ბიზნესმენი ამ რეჟიმთან სიახლოვით და თანამშრომლობით თავს დროებით დაცულად გრძნობს. მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ მხოლოდ მოტყუებითი დროებითობაა?! მთავრობა კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ არის გასული, კანონიერების ან რაიმე თამაშის წესების ყველანაირი ჩარჩო მორღვეულია რაც სწორედ რუსული ბიზნესის კეთების მოდელია და ამ გარემოში რუსულ ბიზნესთან ჭიდილი გაგიჭირდებათ. არადა ეგ დროც ძალიან მალე მოვა. დარწმუნებული ვარ გპირდებიან ახალი შემოსავლის წყაროებს ჩინეთიდან ან რუსეთის გავლით სანქცირებული პროდუქციის კონტრაბანდის გზით. დამერწმუნეთ – პირველის ინვესტირების წესები სულ სხვა ფორმულის არის – ჩინური კომპანიები არ მისცემენ ფულს ქართულ ბიზნესს სამართავად, როგორც ამას დასავლური პარტნიორები აკეთებენ, არამედ თვითონ იქნებიან ამ ფულის განმკარგავები და ქართული ბიზნესი მხოლოდ მომსახურე რეჟიმში იმუშავებს. ხოლო რაც შეეხება რუსეთის კონტრაბანდის „შავ ხვრელს“ – ეს ხომ ძალიან დროებითია. ამას ხომ ძალიან მალე გამოავლენს ევროპაც და ამერიკაც და შემდეგ რა ტიპის სანქციებში მოყვება ქართული ბიზნესი ძალიან ადვილი წარმოსადგენია.
და ბოლოს – ქოცებიც კარგად უნდა დაფიქრდნენ. ბევრი მათგანი შეიძლება არც ელოდებოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ივანიშვილმა წინასაარჩევნო ინტერვიუში ხომ თქვა, რომ არჩევნების მერე ის „დაალაგებს ურთიერთობებს დასავლეთთან“, ქართული ოცნების ლიდერები ხომ ჰპირდებოდნენ ევროპასთან და ამერიკასთან (მათ შორის „გლობალურ ომის პარტიასთან“ ) „ურთიერთობების გადატვირთვას“? ბევრი ქოცი ხომ სწორედ ამით „იმშვიდებდა“ (იტყუებდა) თავს. მაღალჩინოსანი ქოცების აბსოლუტურ უმრავლესობას ოჯახის წევრები ევროპაში ან ამერიკაში ყავს გაგზავნილი – ზოგი სასწავლებლად, ზოგი სამუშაოდ (არა მოხუცების მომვლელად, არამედ პოსტ-საუნივერსიტეტო გამოცდილების მისაღებად), ზოგიც გასართობად. თვითონ ამერიკას და ევროპას აგინებენ, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი სწორედ ევროპაში და ამერიკაში ასწავლის შვილებს და იქ დადის „საშოპინგოდ“ აქ მოპარული ფულით. დარწმუნებული იყავით, რომ თუ ივანიშვილის რეჟიმი დარჩება, იგივე მდგომარეობა ვერ შეგინარჩუნდებათ… და მერე აუხსენით თქვენ შვილებს, რატომ მოუწიათ მათ ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტებიდან ვორონეჟის და ნიჟნი ტაგილის ინსტიტუტებში გადაბარგება…
რა არის გასაკეთებელი?
– საყოველთაო ბოიკოტი სახელმწიფო სექტორში – რაც შეიძლება მეტმა საჯარო მოხელემ უნდა დაწეროს განცხადება და დატოვოს სამსახური. განსაკუთრებით დიპლომატიურ კორპუსს ეხება ეს.
– საყოველთაო ბოიკოტი კერძო სექტორში – კერძო სექტორი კარგად უნდა დაფიქრდეს რატომ და ვის აფინანსებს? არალეგიტიმურ მთავრობას იმისთვის, რომ მან შეძლოს რობოკოპების რჩენა, რომლებიც მერე ჩვენ და ჩვენ შვილებს უკანონოდ და გადამეტებული ძალის გამოყენებით არბევენ?
– საყოველთაო გაფიცვები – ავტობუსების მძღოლების, სხვა სატრანსპორტო საშუალებების თანამშრომლების გაფიცვები. კერძო სექტორში იმ კომპანიების თანამშრომლების გაფიცვები, რომლებიც მკაფიოდ ემსახურებიან რეჟიმს.
– ყოველდღიური საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქტები – მიტინგები, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და ა.შ.
დიდ კრიზისში ვართ და გამბედავი ნაბიჯებია გადასადგმელი. კრიზისს კარგი მართვა სჭირდება. კრიზისი აუცილებლად ახალ შესაძლებლობებს ბადებს. დარწმუნებული ვარ ეს კრიზისიც ჩვენი ქვეყნის ახალი შესაძლებლობების და ახალი წარმატებების საფუძველი იქნება.” ნათქვამია ნიკა გილაურის განცხადებაში.