ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI) განცხადებას ავრცელებს, სადაც კომუნიკაციების კომისიის მიერ „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ დაჯარიმებას, ასევე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებად აფასებს.
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებელი ტელევიზიებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევას და ამბების პირადი დამოკიდებულებით გაშუქებას ედავება ისეთი ფრაზების გამოყენების გამო, როგორიცაა: „ივანიშვილის რეჟიმი“, „ოცნების სუსი“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“ და „ოლიგარქის პარტია“. გარდა ამისა, პროკურატურამ „ფორმულას“ მიერ რეჟისორ გოგა ხაინდრავას სავარაუდო კორუფციულ სქემებზე მომზადებული სიუჟეტის გამო, „ცრუ დასმენის“ მუხლით გამოძიება დაიწყო და ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯები 2025 წლის აპრილში მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის ამოქმედებაა, რაც საბოლოოდ არხებისთვის ავტორიზაციის შეჩერებასა და მამხილებლების დაშინებას ისახავს მიზნად:
„კომუნიკაციების კომისია შერჩევითად აგრძელებს ორი კრიტიკული მაუწყებლის შინაარსობრივ მონიტორინგს და აღარაფერს ამბობს პროსამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეარხებზე… წყაროს გამხელის ან დაშინების მიზნით, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არადემოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ხელწერაა. ორგანიზაცია სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ მედიას“, — აღნიშნულია განცხადებაში.















