ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “FARA”-ს და “მედიის კანონს” მიმდინარე სასესიო კვირაში წარადგენენ.
როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, ამ კვირაში ასევე დაგეგმილია სხვა კანონპროექტების ინიცირებაც, მათ შორის, საჯარო სამსახურში უცხოური დაფინანსების აკრძალვის.
“მიმდინარე კვირაში ასევე დაინიცირდება Fara-ს ამერიკული კანონი, მედიის კანონი, რომელიც ძირითადად ფეიკ ნიუსებს შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული, ასევე დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას, NGO-ების ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი, სსიპების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას.
ამ პროექტების საბოლოო მიღებამდე რჩება მინიმუმ თვე-ნახევარი” – თქვა მამუკა მდინარაძემ.
“FARA-ს ასლი”, მედიის კანონი, მიგრაციის კანონის გამკაცრება – რის დაინიცირებას აპირებს რეჟიმი
ივანიშვილის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის მიერ 5 თებერვალს გაკეთებული განცხადებით, მომავალი 2 თვის განმავლობაში რეჟიმი კანონმდებლობაში ახალ ცვლილებებს დააინიცირებს. მათ შორის:
დაინიცირდება მედიის კანონი ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.
დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული ფარას დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.