ივანიშვილის პოლიტიკური მტრების ბანაკი

14408113_646050438888480_437002365_o

 

მას შემდეგ, რაც 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების,, პოლიტიკური კოალიცია მოვიდა, ნათელი გახდა, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის, ორიენტაციისა და იდეოლოგიის ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ერთადერთი ნიშნით, სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხებისა და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით შეიქმნა, დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა ერთიანობას და დაიშლებოდა… და რომ სწორედ დაშლილი კოალიციის სუბიექტებით გაძლიერდებოდა ივანიშვილთან დაპირისპირებულთა პოლიტიკური ბანაკი.

რატომ ივანიშვილთან დაპირისპირებული და არა პარტია ,,ქართულ ოცნებასთან,, რომელსაც ოფიციალურად დღეს სულ სხვა თავმჯდომარე და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჰყავს?!

-იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგაც, როგორც პარტია ,,ქართული ოცნების,,  ასევე მთავრობის მმართველ არაფორმალურ ლიდერად დარჩა, რამეთუ ყველასთვის და თავად ივანიშვილისთვისაც ნათელი იყო, რომ მის გარეშე ,,პარტია ქართული,, ოცნება, არაფრის მთქმელი და არავისთვის ანგარიშგასაწევი ძალა არ იქნებოდა ქართულ პოლიტიკურ ველზე… არ იქნებოდა, რადგან ამ პარტიას, კლასიკური გაგებით არანაირი იდეოლოგიური და პოლიტიკური ერთიანობის ნიშნები არ გააჩნია და ხშირ შემთხვევაში არაკომპეტენტური, არაკეთილსინდისიერი და არარეიტინგული კადრებითაა დაკომპლექტებული. დღეისთვის უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას,, დაუპირისპირდება, უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, მის გავლენებს და მის ფინანსებს საქართველოში.

განვიხილოთ ვინ არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ პოლიტიკურ ძალასთან დაპირისპირებაში ყოფნა აქვთ დეკლარირებული…
1. პირველი და უმთავრესი მათ შორის რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი და მისი ,,ნაციონალური მოძრაობაა,, , პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევით ხელისუფლებას იქნა ჩამოშორებული. პარტია, რომელიც მიუხედავად ხელისუფლების დაკარგვისა, დღემდე ყველაზე რეიტინგულ (ყველანაირი გამოკითხვით) ოპოზიციურ ძალად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ამ პარტიას საერთაშორის სტრუქტურებში დიდ მხარდაჭერასთან ერთად, მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება, უმძლავრესი მედიასაშუალება და ფინანსური რესურსებიც გააჩნია – ივანიშვილის პოზიციისათვის ზიანის მისაყენებლად და არჩევნებში შედეგის მისაღწევად.
2. საქართველოს პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი. თავად პრეზიდენტ მარგველაშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან ან ,,ქართულ ოცნებასთანაა,, დაპირისპირებულია, თუმცა ამ დაპირისპირებას თვითონ ბიძინა ივანიშვილი გამუდმებით უსვამს ხაზს და მარგველაშვილის პიროვნულ კრიტიკასთან ერთად, მას თავის ,,ყველაზე დიდი შეცდომად,, მოიხსენიებს. მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილს საკუთარი პარტია არ ყავს, პრეზიდენტი დღეს-დღეობით ყველაზე დიდი პოლიტიკური თანამდებობის პირია, ვინც ივანიშვილთან დაპირისპირებულთა ბანაკში აღმოჩნდა.. მას საკუთარ ადმინისტრაციაში და სხვადასხვა წრეებშიც საკმაოდ ბევრი გავლენიანი მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც მისთვის საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკური ორგანიზაციის ანტურაჟს უზრუნველყოფენ. საერთაშორისო ორგანიზაციებში პრეზიდენტ მარგველაშვილს პროდასავლელ და დემოკრატ ლიდერად აღიქვამენ და მასზე თვდასხმები ცუდ ტონად ითვლება ადგილობრივ არასამთავრობო სექტორშიც. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მომავალ არჩევნებში მხოლოდ არბიტრის როლში შეუძლია გამოვიდეს, შეიძლება ითქვას, რომ მარგველაშვილის ბოლო დროინდელი განცხადებები და გადაწყვეტილებები, ივანიშვილის პოზიციების გასამყარებლად არაა მიმართული.
3. ირაკლი ალასანია და მისი ,,თავისუფალი დემოკრატები… პარტია, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების შემდეგ,, ყველაზე მეტი მინისტრი და მინისტრის მოადგილე ჰყავდა. ბიძინა ივანიშვილი, დღემდე ზუსტად დაუდგენელი მიზეზებით უცნაურად ,,აუხირდა,, ალასანიას და მას ჯერ ,,პწკენა,, დაუწყო, ხოლო შემდგომ თვადაცვის სამინისტროში მისი გუნდის წევრებისათვის შეკერილი ,,კაბელების,, საქმით საბოლოოდ გადაიკიდა. მართალია ბოლო დროს გაკეთებულ საჯარო გამოსვლებში ივანიშვილმა ,,მოფერების,, ელემენტებიც შეურია ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიმართ, მაგრამ საპასუხო რეაქციებიდან ნათელი გახდა, რომ მომავალ პარლამენტში ალასანიას ,,გაცივებული გულის გალღობას,, გაცილებით მეტი დასჭირდება.
4. კიდევ ერთი დიდი თანამდებობის პირი, პარლამენტის თავმჯდომარე – დავით უსუფაშვილი და მისი ,,რესპუბლიკური პარტია,, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ დროს მაგალითის ძალის მქონე პოლიტიკური ძალა იყო, ბოლო დროს მისთვის კრიტიკის კი არა და… პირდაპირ ლანძღვისა და თათხვის ობიექტი გახდა, რითაც ეს პოლიტიკური ძალა სამუდამოდ გადაიმტერა. მართალია ,,რესპები,, საკუთარი რეიტინგის გადამკიდე ,,ქართულ ოცნებას,, – არჩევნებში ,,ბარკალს ვერ ჩამოაჭრიან,, მაგრამ მათ ყოველთვის ჰქონდათ დიდი კავშირები უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებში და დიდი ქვეყნების მთავრობებში, სადაც მათი რეპუტაცია საკმარისია იმისთვის, რომ ივანიშვილი ვიღაც-ვიღაცეებმა ,,ჭორვილური დემოკრატიის მამად,, მოიხსენიონ.
5. კახა შარტავა და გუბაზ სანიკიძის ,,ეროვნული ფორუმი,, … ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან, სადაც მან გუბაზ სანიკიძეს 2012 წელს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებში გახმოვანებული ფრაზა ,,მილიონერი უნდა გავხდე,, წამოაყვედრა… შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბიძინას გუბაზისა და მისი პარტიის ,,ზუბი,, იმ პერიოდიდანვე ჰქონდა… კოალიციის დაშლის შემდეგ ბიძინამ და გუბაზმა ერთმანეთის მიმართ ანტიპათიებს ფარდა ჩამოხადეს და ისინი დღეს დაპირისპირებულ ბანაკებში არიან. ოფიციალური ვერსია, სად, როდის და რატომ გაიარა ,,ფორუმსა,, და ბიძინას შორის ,,შავმა კატამ,, დღემდე არ ,,იგუგლება,, მიუხედავად იმისა, რომ ,,ფორუმის,, რეიტინგი ძველებურად არ ,,გრიმიტობს,, , შარტავა-სანიკიძემ იციან მტერს როგორ ,,გაჰკრან კბილი,,.
6. ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებში, შალვა ნათელაშვილი და მისი ,,ლეიბორისტული პარტია,, უდავოდ ლიდერები არიან ივანიშვილთან ოპონირებისას. ნათელაშვილმა და ივანიშვილმა ,,სამკვდრო-სასიცოცხლო,, ომი, ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გამოუცხადეს ერთმანეთს… ეს ომი ივანიშვილმა დაიწყო, როდესაც ნათელაშვილს სააკაშვილის მიერ მართული უწოდა და ის კოალიციის რიგებში არ მოიაზრა. თუმცა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ნათელაშვილის რეიტინგი დღეს უფრო დიდია ვიდრე 2012 წელს იყო… ამიტომ ნათელაშვილს შანსი აქვს თუ სილას ვერ გააწნავს, პოლიტიკური ,,წკიპურტი,, მაინც უთავაზოს ოპონენტს.
7. ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად, მაგრამ საკმაოდ აქტიურად და მკაცრად აკრიტიკებს ,,ქართულ ოცნებას,, ყველაზე დიდი პრორუსულ ძალად მიჩნეული ,,დემოკრატიული მოძრაობის,, ლიდერი ნინო ბურჯანაძეც… წინასწარ არავინ იცის გაურიგდებიან თუ არა ,,ოცნებას,, – ,,ბურჯანაძე-დემოკრატები,, თუ ისინი პარლამენტში მოხვდებიან, მაგრამ თუ ,,ვამბობთ ლენინს – ვგულისხმობთ პარტიას! ვამბობთ პარტიას – ვგულისხმობთ ლენინს,, პრიციპით მივუდგებით… ,,ქართული ოცნების,, მიმართ მკაცრად კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ვერც ბურჯანაძე ჩაითვლება ივანიშვილის ,,საძმოს,, წევრად.
8. საზოგადოებაში ორაზროვანი დამოკიდებულებაა ახალი პოლიტიკური ძალის – პაატა ბურჭულაძის და მისი ბლოკის ,,სახელმწიფო ხალხისათვის,, მიმართ. ერთნი ამ პოლიტიკურ ძალას ივანიშვილის მართულად მიიჩნევენ, მეორენი – სააკაშვილის მართულად… სიმართლე არჩევნების შემდგომ გაირკვევა, თუ ამ პარტიამ საბოლოოდ არ დაკარგა რეიტინგი და ბარიერი გადალახა… მაგრამ მიუხედავად ამისა, ბურჭულაძე-ივანიშვილის ბოლო დროინდელი ურთიერთბრალდებები, ერთმანეთის ,,შემამკობელი,, ეპითეტები, გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ,,მსოფლიო ბანი,, და ,,ოცნების დირიჟორი,, ძმობის ბანაკს ერთად ვერ დასცემენ.
არის სხვა ბევრი პარტიაც, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილისა და არსებული ხელისუფლების მიმართ ოპონირების რეჟიმი აქვთ დეკლარირებული და შეძლებისდაგვარად ოპონირებენ კიდევაც, თუმცა მათი დღევანდელი რეიტინგი და დაბალი წინასაარჩევნო აქტიურობა, არ გავძლევს საბაბს, რომ მათი განხილვით მკითხველი მოვაწყინოთ… დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს კი, რომლებსაც პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ და რომლებიც ჩვენს განხილვაში ივანიშვილის ოპონენტთა რიგებში ვერ მოხვდნენ, ჩვენი აზრით ,,ქართულ ოცნებასთან,, მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე აქვთ უთანხმოება და საჭიროების შემთხვევაში მასთან კოალიციისთვის მზად არიან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენს მიერ ზემოჩამოთვლილ ყველაზე რეიტინგული 8 ოპოზიციური ძალის ლიდერიდან, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკში მოიაზრებიან, 6 მათგანი – 2012 წელს მასთან კოალიციაში ან მეგობრულ დამოკიდებულებაში იყო. გაიზარდა თუ არა საქართველოში ივანიშვილის პოლიტიკურ მომხრეთა რაოდენობა, ამაზე ყველაზე ზუსტ პასუხს 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გასცემს… რაც შეეხება ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, აქ აშკარაა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მტრების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაში“ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და ამ ზღვარს ნუ გადააბიჯებენ” – დავით სერგეენკო გიგა ბოკერიას პასუხობს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: 5:0-ს მოვიგებთ, 41-იანი ანგარიშები აღარ იქნება