“ოცნების” სასარგებლოდ დადებული, სავარაუდო ფარული გარიგება – “პირველებმა” სკანდალური წერილი მოიპოვა.
ირკვევა, რომ “ფრონტერას” დამფუძნებელმა, სტივ ნიკანდროსმა კონკრესმენებს სამადლობელო წერილი გაუგზავნა, რომლითაც მადლობას იმ პოლიტიკოსებს უთვლის, ვინც მხარი არ დაუჭირა “ოცნების” არაღიარების მოთხოვნას.
წერილის მიხედვით, ახლა ნიკანდროსის მთავარი თხოვნაა, რომ სახდეპის ავტორიზაციის საბოლოო დოკუმენტიდან კონგრესმენ უილსონის შესწორება “ოცნების არაღიარებაზე” საერთოდ გაქრეს.
თქვენი დაფიქსირებული ხმა კონგრესმენ უილსონის შესწორების წინააღმდეგ, რომელიც მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტის განხილვის დროს, ნათელ გზავნილს აგზავნის ამერიკა- საქართველოს ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობების მხარდასაჭერად.
როდესაც ეს დოკუმენტი საბოლოოდ პლენარულ სესიაზე გავა, პატივისცემით გთხოვთ, მოძებნოთ გზები, რათა ეს შესწორება კანონპროექტის საბოლოო ვერსიიდან ამოიღოთ. არასდროს ვყოფილვარ უფრო ოპტიმისტურად განწყობილი საქართველოს მომავლის მიმართ მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში. ამ შესწორების ძალაში დატოვება არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ამ საერთო მიზნებს, არამედ მავნე შედეგებსაც მოიტანს, იმის გათვალისწინებით, რომ ის ფაქტობრივ დეზინფორმაციას ეფუძნება. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას უილსონის შესწორების წინააღმდეგ თქვენი მნიშვნელოვანი როლისთვის”, – ამბობს “ფრონტერას” დამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი.
ცნობისთვის, “ფრონტერას” “ოცნების” ხელისუფლებასთან საარბიტრაჟო დავა აქვს წაგებული. ტეხასური ნავთობკომპანია ხშირად აკრიტიკებდა ივანიშვილის ხელისუფლებას და საარბიტრაჟო დავის შედეგად 15 მილიონი აქვს გადასახდელი, რომელიც არსებული ინფორმაციით, აქამდე არ გადაუხდია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ “ფრონტერას” დამფუძნებლის წერილით შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ.
“შესაძლებელია, დახურულ კარს მიღმა კონკრეტული შეთანხმებები იქნა მიღწეული” – ამბობს ეკა გიგაური.
შესაძლოა, ამ საკითხით დაინტერესდეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატები. ეს უკვე ამერიკული კანონმდებლობის ქვემდებარე საკითხია. კონკრეტულმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, რა ქმედებებს ჰქონდა ადგილი. ასეთი ცვლილება, როცა მაშინ საუბობდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებზე და ახლა ლობირებენ “ოცნების” სასარგებლოდ, ეს გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, რაღაცაში იყოს საქმე და შესაძლებელია, დახურულ კარს მიღმა კონკრეტული შეთანხმებები იქნა მიღწეული. “ოცნება” უკვე იყენებს დიდი კომპანიის წარმომადგენლებს – იქნება ეს ქართული თუ უცხოური კომპანიები, რომლებიც უკვე ლობირებენ მათ სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ეს დიპლომატიური სამსახური ფაქტობრივად ვერაფერს ვერ შვება”, – ამბობს ეკა გიგაური.
















