ქველმოქმედი თუ კრიმინალი – თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს პენსიონერების ძარცვაში ამხელს.
“ტვ პირველისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება “დიდი ტყუილია”.
ხშირად ახსენებს ხოლმე ივანიშვილი თავის ხელწერას, რომ “მე სუფთა ხელებით მოვედი და ა.შ… ივანიშვილმა რუსეთში შექმნა ბანკი – Россииский Кредит, ამავდროულად ის ყოველთვის ამისამართებს ხალხს თავის “ვედომოსტის” სტატიაზე. ანუ, თავისივე ინტერვიუზე აკეთებს რეფერენს, რომ ხალხს აჩვენოს, რომ თითქოს “როგორი სუფთა ხელებით მოვედიო”.
რეალურად, მან რა გააკეთა? – ბანკ Россииский Кредит-იდან აიღო დეპოზიტარების ფული, რუსი პენსიონერების და ხალხის თანხა. ამ თანხით შეიძინა დიდძალი აქტივები, რომლებმაც სწორედ ის გახადა მილიარდერი. შემდეგ ამ ხალხს უთხრა 98-ში, რომ ბოდიში, მე ამ ფულს ვერ გიბრუნებთ, დაგიბრუნებთ 20 წელიწადში გაუფასურებულ რუბლებსო. ამავდროულად კი, ეს მთელი აქტივები თავისთვის დაიტოვა.
ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ეს არის პირდაპირ კრიმინალი დღესაც და მაშინაც. შესაბამისად, ნურავის ნუ ატყუებს თავის სუფთად ნაშოვნ ფულზე”- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის მთელი კაპიტალი რუსი პენსიონერებისთვის ნაძარცვი ფულით არის მოგროვებული:
ის ამბობს, რომ მე ერთადერთი ბანკი ვიყავი, რომელმაც ეს ფული დავარესტრუქტურიზე, მაგრამ მაინც დავუბრუნე პენსიონერებსო. ის ასე რომ აქ მოქცეულიყო, მას ციხეში გაუშვებდნენ, რადგან მას ეს ფული თავისთვის ჰქონდა დახარჯული, თავისი კომპანიების შესაძენად”- დასძინა მან.
“ნოდარ მელაძის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს თღლითობა, რესპოდენტმა დადებითი პასუხი გასცა:
ჩვეულებრივი თაღლითობაა, ყოველთვის ამბობენ ხოლმე, რომ ნუ მეტყვი როგორ იშოვე შენი პირველი მილიონიო. ეს სწორედ ის პირველი მილიონია, რომლის თქმაც ივანიშვილს ასე ძალიან არ უნდა და რასაც ასე საგულდაგულოდ, ამდენი ხანი მალავდა. ეს უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ იმიტომ, რომ როდესაც ამბობს, მე სუფთა ხელებით მოვედი და მე ქველმოქმედი ვარ და კარგი ბიზნესმენი, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს სიმართლე, თუ ვის აძლევს ხმას”- დასძენს ბაჩიაშვილი “პირველებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
გიორგი ბაჩიაშვილმა “ტვ პირველს” უთხრა, მის მიერ გამოთქმული ინფორმაცია ეფუძნება, მის 14 წლიან მუშაობას ბიძინა ივანიშვილთან და მის სტრუქტურებში. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და ეყრდნობა დოკუმენტებს, სხვადასხვა პირად საუბრებს ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან, მის ანალიზს და საჯარო ინფორმაციას. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ამ ინტერვიუში გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები გადაუდებელი ეროვნული ინტერესების საკითხია და არის მისი პირადი პოზიცია და შეხედულებები.
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ Credit Suisse-თან ფინანსური პრობლემის გადაწყვეტას თავად ხელმძღვანელობდა, თუმცა ამის მიუხედავად არ ეთანხმებოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ საქმეში გარე ძალები იყვნენ ჩართულნი:
მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც აღმოაჩინა Credit Suisse-ში თანხის გაფლანგვა, ყოველ შემთხვევაში ივანიშვილის მხარეს; მე არ ვიცი, თავად Credit Suisse-ში ეს როდის აღმოაჩინეს. შევკრიბე საერთაშორისო იურისტების არმია, შეიძლება ითქვას, რომელსაც ვხელმძღვანელობდი. მქონდა ყველა დეტალი ამ საქმის გარშემო და ვიყავი მთავარი მოწმე ორივე სასამართლოში. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის ვხელმძღვანელობდი ივანიშვილისთვის თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ საქმეს. მე ეს არ მივატოვე, მას პირობა მივეცი, ეს ჩემი პროფესიული მოვალეობა იყო, ივანიშვილის სიყვარულით არ გამიკეთებია, ეს ჩემი დაწყებული საქმე იყო და ბოლომდე ისე მივუყვანე, რომ ყველა სასამართლოში, აბსოლუტურად ყველა პუნქტი რომელზედაც მას ნაჩივლი ჰქონდა, დააკმაყოფილა სასამართლომ, ბერმუდამაც და სინგაპურმაც. შესაბამისად, მე ჩემი ყველანაირი პროფესიული და მორალური ვალდებულება ძალიან კაცურად და ბოლომდე შევასრულე.
არცერთი საქმე არ მივატოვე, თანაინვესტირების ფონდშიც ძალიან ძლიერი გუნდი დავუტოვე, რომლითაც ვამაყობ, სათითაოდ ყველა იმ ადამიანით, რომელიც თანაინვესტირების ფონდში მუშაობს. რა თქმა უნდა, Credit Suisse-ის საქმე ბოლომდე მივიყვანე ისე, რომ მსოფლიოში უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტს 10-ით ნული მოვუგე“, – ამბობს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილი აქვე ამბობს, რომ მას ივანიშვილმა უკრაინის ღია მხარდაჭერა ვერ აპატია:
„მე უბრალოდ ივანიშვილის გარემოცვაში ვიყავი ძალიან ცუდი მაგალითი ადამიანის, რომელსაც აქვს თავისი აზრი. მე ვიყავი ერთადერთი ივანიშვილის გარემოცვაში, სხვა არავინ ყოფილა, ვინც უკრაინის ომის დაწყებისას აქტიურად ჩემი სოციალური მედიის მეშვებით დავიწყე რუსეთის აგრესიის დაგმობა და უკრაინის მხარდაჭერა. ესეც ვერ აიტანა ივანიშვილმა, ვერ აიტანა, რომ როდესაც მან საქართველოს გარე პოლიტიკური კურსის მოსატრიალებლად დაიწყო დასავლეთისგან რაღაც მონსტრის შექმნა, გარე ძალებზე და გლობალურ ომის პარტიაზე და მსგავს სისულელეებზე მაქვს საუბარი, ამას თხზავდა ზუსტად მაშინ, როდესაც იწყებოდა რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებები. მე ამაში არ ავყევი და არც დავეთანხმე იმ სიგიჟეში, თითქოს რაღაც გარე ძალები იყო ჩარეული მისი და Credit Suisse-ის საქმეში. თუკი რამე ძალები იყო ჩარეული ამ საქმეში ყველა ძალა იყო ივანიშვილის სასარგებლოდ, რადგან აბსოლუტურად ყველა სასამართლო მოგებული გვაქვს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტია, იურისტების არმიაც ჰყავთ და ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა გაწელონ საქმეები და ამას აკეთებდნენ, რისთვისაც ბევრმა მოსამართლემ გააკრიტიკა, მაგრამ იმის თქმა, რომ ვინმე ამაში ჩარეული იყო, სიგიჟეა“,- ამბობს ბაჩიაშვილი.