ივანიშვილის მორიგი სამიზნე გოგაშვილია

ღურწკაია მხოლოდ შუამავალია და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მას სანდრო ბრეგაძემ სუს-ის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის დავალებით გადასცა

ურმით მოსიარულე სამართალმა, შეიძლება მაჩალიკაშვილების ოჯახამდეც მიაღწიოს.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მეათე თვეა, პარლამენტის წინ მდებარე კარვებში ცხოვრობენ და სამართალს ითხოვენ.
შვილმოკლული მშობლები სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ. გოგაშვილი ამჟამად პარტია “ქართულ ოცნებაშია” დასაქმებული. სწორედ იქედან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე შეიძლება პასუხისგებაში მისცენ.
ამ ადამიანის საქმე რომ კარგად არ მიდის, ეს მეოცნებეთა პოზიციიდანაც კარგად ჩანს. ისინი გოგაშვილის მხარდამჭერ განცხადებებს აღარ აკეთებენ.
არადა, რამდენიმე კვირის მასთან დაკავშირებით სკანდალური ამბავი გვამცნეს. სუსი იუწყებოდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდა. ტერაქტი ყოფილი ძალოვანის მამის საფლავზე უნდა განხორციელებულიყო. ამის დამადასტურებლად მოგვასმენინეს შვილმოკლული მამის საუბრის ჩანაწერიც.
ამ ამბავს ხელისუფლებაში დიდი წიოკი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მეოცნებემ დაუჭირა გოგაშვილს მხარი. ისიც მხოლოდ რამდენიმე დღით.
პანკისში ჩატარებულ ოპერაციასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს ყოფილი მაღალჩინოსანი. ამის მიუხედავად, “ოცნების” კულუარებში აქტიურად მიდის საუბარი მის შესაძლო დაკავებაზე.
ეს მითქმა-მოთქმა 4 ივნისს მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა. ამ დაკავების შემდეგ კიდევ ერთმა შვილმოკლულმა მამამ, ზაზა სარალიძემ, თქვა, რომ სამართლიანობა აღდგა. ზაზა სარალიძე კალანდიას დაკავებას 1,5 წელი ითხოვდა.
აღსანიშნავია რომ სარალიძე და მაჩალიკაშვილი თვეების მანძილზე ერთად იყვენენ რუსთაველზე.
როგორც “ოცნებასთან”  დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეები მოგვარდეს.
ორივე საქმე რამდენიმე ანგარიშში მოხვდა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. `ოცნების~ ლიდერს ყველაზე მეტად სახელმწიფო დეპარტამენტი ადარდებს.
პარტია “ქართული ოცნების” ლიდერი ამერიკელებმა უკვე რამდენჯერმე გააფრთხილეს. და სანამ წითელ ბარათს უჩვენებენ, ივანიშვილი რაღაცების გამოსწორებას შეუდგა.
მმართველი გუნდის კულუარებში ამბობენ, რომ მან კატეგორიულად მოითხოვა რუსთაველიდან კარვების გაქრობა.
მაჩალიკაშვილებს იქედან ძალის გამოყენებით ვერ გაიყვანენ. ამას სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვება. ნათია თურნავას და მასთან დაკავშირებული მეჰესეების გამო ხელისუფლებას პანკისელებთან ისედაც დაეძაბა ურთიერთობა. ასე რომ, მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ ძალას არავინ გამოიყენებს.
შვილმოკლულ მშობლებს ნათქვამი აქვთ, რომ მხოლოდ მაშინ დატოვებენ კარვებს, როცა სოსო გოგაშვილი დაისჯება.
გოგაშვილის დასჯა “ოცნებაში” ვიღაცებს ძალიან უნდათ. მათ მაჩალიკაშვილების ამბავი ნაკლებად ადარდებთ. მთავარია, ყოფილი მაღალჩინოსანი განეიტრალდეს, რომელმაც სუსში მუშაობისას ძალიან ბევრი ინფორმაცია მოაგროვა.
მისი დაჭერის შემთხვევაში მაჩალიკაშვილები პროტესტს შეწყვეტენ. დასავლელ პარტნიორებთან ივანიშვილი ამაყად იტყვის, რომ ორივე გახმაურებული საქმე გამოძიებულია.
სამართლიანი კაცის იმიჯი მას ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. წინ საპარლამენტო არჩევნებია. რომლის მოგებაც `ოცნებას~ ძალიან გაუჭირდება – მთავრობაში იციან, რომ ისეთ გაყალბებაზე ვეღარ წავლენ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იკადრეს.
მართალია, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ აშშ-მ აქ მისთვის არასასურველი ელჩო ვერ დანიშნოს, მაგრამ მისი ჩინოსნები ნოტაციების მოსმენას მაინც ვერ ასცდნენ.
შემთხვევითი არ არის, რომ მთავრობის წევრები ერთმანეთის მიყოლებით ჩავიდნენ ამერიკაში.
აპრილში იქ ყველაზე გავლენიან მინისტრ გიორგი გახარიას უხმეს. ქვეყნის მთავარმა შერიფმა იქ ერთ კვირაზე მეტი გაატარა. მის ვიზიტთან დაკვშირებით დღემდე არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება.
ბევრად უფრო გამჭვირვალე იყო თავდაცვის მინისტრის ჩასვლა ვაშინგტონში. ლევან იზორიამ იქ სერიოზული ხელშეკრულება გააფორმა და ამით პოზიციები გაიმყარა.
“ოცნებაში” დიდი ხანია, მიდის საუბარი მის მოხსნაზე. მისი სავარაუდო შემცვლელიც დასახელებული იყო, მაგრამ ამერიკაში გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, მას ასე იოლად ვეღარ მოხსნიან. სხვა თუ არაფერი, ერთ მინისტრზე მაინც უნდა ითქვას, რომ აშშ-სთან არის დაახლოებული.
გახარიას მსგავსად, ვაშინგტონიდან ინსტრუქციებს იზორიაც ჩამოიტანდა. ივანიშვილი თეთრი სახლის გზავნილებს ახლა მამუკა ბახტაძის პირით მიიღებს. მთავრობის მეთაური უკვე გაფრინდა ამერიკაში, მანამდე კი ბრიუსელში ჩავიდა, სადაც უკრაინის ახალი პრეზიდენტი დაიმარტოხელა და ტელეფონის ნომერი გამოართვა. თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრა ჟურნალისტებს – მე და საქართველოს პრემიერმა ტელეფონის ნომრები გავცვალეთო.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა ბახტაძე, აშშ-ს პრეზიდენტთანაც გაცვალოს ტელეფონის ნომრები.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშიშსსმ მასშტაბური კიბერდანაშაული გახსნა – დააკავეს პირები რომლებიც მოქალაქეებს ბანკების მსგავსი გვერდებით ატყუებდნენ და თანხებს ითვისებდნენ
შემდეგი სტატიამართვის მოწმობის გამოცდის საფასური იზრდება