“ივანიშვილის მმართველობის პირობებში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში არარეალისტურია, დიდი პროექტის იდეა “ლაზიკა” კვლავ სიცოცხლისუნარიანია და მას აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.” – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ
დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სათავო ოფისში საჯარო შეხვედრა და დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით: “ლაზიკა-ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა”, ღონისძიების ფარგლებში პარტიის მიერ მომზადებული ანალიტიკური კვლევის “ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციის ფინანსურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეები” პრეზენტაცია მოეწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები;
“ჩვენ 2012 წლიდან დღემდე “ლაზიკას” პროექტის არგანხორციელებით ხელიდან გავუშვით უდიდესი შესაძლებლობა, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების და დავკარგეთ შანსი ათიათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნის. პროექტი “ლაზიკა” ეს არ იყო მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ეს იყო დიდი იდეა, რომელიც აერთიანებდა ახალი ქალაქის მშენებლობას, თავისუფალ სავაჭრო და ინდუსტრიულ ზონის მოწყობას, სადაც იქნებოდა ბრიტანული სამართალი, ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი, აშენდებოდა ღრმაწყლოვანი პორტი და სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. ყოველივე ეს კი შექმნიდა ათიათასობით მაღალანაზღაურებად და ღირსეულ სამუშაო ადგილს დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში.
დღეს რასაც გვთავაზობს საზოგადოების ნდობისგან გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, არ შედის საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში, ეს არ მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს კეთილდღეობას, დასაქმებას, არ შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, არამედ მოემსახურება მხოლოდ რუსულ ინტერესებს რეგიონში, მათ თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს.
დიდი პროექტის იდეა “ლაზიკა” კვლავ სიცოცხლისუნარიანია და ხელისუფლების შეცვლის შემდგე მას აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ საქართველოს ისტორიული ფუნქციის აღდგენაში, გავხდეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური, ეკონომიკური ცენტრი რეგიონში” – განაცხადა ვასო ურუშაძემ.