ნამდვილად არავის ეშინია არც კობახიძის, არც ივანიშვილის და არც ბოროტი წულუკიანის – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ოფისთან განაცხადა, საიდანაც რამდენიმე წუთის წინ “ლელოს” ლიდერები აიყვანეს.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, “ქვეყნის ინტერესების გარშემო კონსოლიდაცია და რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებამ რეჟიმი დააბნია და იმ ნაბიჯების გადადგმა მოუწია, რომელიც ძალიან სერიოზულად თავად “ქართულ ოცნებას” დააზიანებს”.
ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება და სანქცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
“ჩვენი ქვეყნის ხსნა, ერთიანობაშია და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს – ეს არის კონსოლიდაცია, შიშით ისედაც არავის ეშინია. ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, სად მიდის ეს ქვეყანა…
დამატებითი სანქციები გზაშია, ამაზე მე და გიორგი ვაშაძე ვსაუბრობდით, რომელიც ხვალ შეიძლება, დააპატიმრონ. დღეს გიორგია, ხვალ მე მექნება შესაძლებლობა, გარეთ ვიყო. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ ხალხთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან”- დასძინა მან.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს – სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს დღეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.