ნათელაშვილი: ივანიშვილის ხელისუფლება პატარა პუტინებია, რომლებსაც ძალადობაზე აქვთ კურსი აღებული

ვიდრე ორი კურდღლის დევნაში ვართ, იქაც და აქაც, ასეთ ფორმატებში „ლეიბორისტული პარტია“ მონაწილეობას არ მიიღებს, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნათელაშვილმა ისაუბრა ოპოზიციური პარტიების კოალიციაზე და უპასუხა შეკითხვას, ხომ არ შეუთავაზებიათ მათთვის რაიმე პოსტი ამ კოალიციაში:

„კი, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ, შეხვედრა გვქონდა ნიკა მელიასთან, შემოგვთავაზა ერთ-ერთ პირველებს ამ ფორმატში მონაწილეობა, რაზედაც დიდი მადლობა გადავუხადეთ. ჩვენი სტრატეგია რჩება უცვლელი. მთელი ძალები უნდა წარიმართოს ხელისუფლებიდან ამ ჯგუფის მოსაცილებლად და ამ ფორმატში კურსი ასაღებია სამთავრობო კოალიციაზე. რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს კოლეგებს. ჩვენი ამომრჩეველი, ვინც მივა უბანზე, ოპოზიციას მისცემს ხმას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციამ გაუშვა უდიდესი შანსი ხელიდან, როდესაც დაარღვია ბოიკოტი, შელაგდა პარლამეტში და გადაარჩინა ოლიგარქი, შეუქმნა მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ახლა ისე მართოს პროცესი, როგორც, სამწუხაროდ, მოეხასიათება. ამიტომ ბევრი რამე გასათვალისწინებელია წარსულიდან, სწორედ არის წინ გასახედი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ე.წ. თბილისის ჩრდილოვან მთავრობაზე საუბრისას, ნათელაშვილმა თქვა, რომ ასეთ შეერთება-დაშლაშია ევროპული დემოკრატიის ძალა.

„საერთოდ, უნდა შევეგუოთ, რომ მრავალპარტიული კოალიცია მსოფლიო პრაქტიკით ნიშნავს შეუთავსებლის შეთავსებადობას, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ იქ გუშინდელი მოსისხლე მტერი პარტიები შეიძლება გაერთიანდნენ, შექმნან კოალიციური მთავრობა და მერე ისევ დაიშალონ. აი, ამ შეერთება-დაშლაშია ევროპული დემოკრატიის ძალა ძირითადად და პრეტენზიები საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გარკვეულ ჯგუფებთან ექნება, მეორე ჯგუფს მეორესთან ექნება და ეს იქნება უსასრულო პროცესი. მთავარია, პარტიები აკონტოლებდნენ ერთმანეთს და არ შეიქმნას ერთპარტიული ჭაობი, რომლის მსხვერპლიც საქართველო გახდა უკვე 30 წელია. იმედია, მრავალპარტიული ფორმატი დაუსვამს წერტილს ამ დამანგრეველ პროცესს“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, როდესაც ოპოზიციამ დაიწყო საუბარი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტზე, რატომ არ გამოჩენილან შეხვედრებზე „ლეიბორისტები“, ნათელაშვილმა განაცხადა: „შეკრებაზე ჩვენ მაშინვე გამოვჩნდებით და აღვადგენთ ფორმატს, როგორც კი პარლამენტში შარლ მიშელისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ შეტყუებული ღირსეული ოპოზიცია დატოვეს თავის სკამებს, გამოვა გარეთ, დადგება ხალხთან – ჩვენ ვიქნებით მათთან. მაგრამ ვიდრე ორი კურდღლის დევნაში ვართ, იქაც და აქაც, ასეთ ფორმატებში „ლეიბორისტული პარტია“ მონაწილეობას არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს“.

ამასთან, შალვა ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე: „ივანიშვილის ხელისუფლება პატარა პუტინებია, რომლებსაც ძალადობაზე აქვთ კურსი აღებული და ამით ინარჩუნებენ ჯერჯერობით ძალაუფლებას. ოღონდ, პუტინისგან განსხვავებით, რომელიც გახლავთ დელიკატურ ურთიერთობებში, ამათ ეს დელიკატურობა ვერ ისწავლეს და სასჯელი მათ მიმართ იქნება ძალიან ულმობელი; ხალხი ასეთ უხეშობას კიდევ დამატებით კვალიფიკაციას აძლევს, როცა ამგვარი ძალა ჩამოვარდება ტახტიდან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წინა სტატიაშიმამუკა წოწერია: 30 ოქტომბერს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება ღირსეული და „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს
შემდეგი სტატიაინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინა გარდაცვალა 42 ადამიანი