ივანიშვილი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას თავზე გადაახია შარლ მიშელის დოკუმენტი. საუბარია იმ შეთანხმებაზე, რომლის საფარქვეშაც შეცუნცულდნენ პარლამენტში ოპოზიციონერები. მანამდე ამბობდნენ, გაყალბებული გზით არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი ფეხი არ იქნებაო.

მას შემდეგ რაც მმართველმა პარტიამ 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გაანულა, ოპოზიციას პროტესტის ნიშნად კისრისტეხით უნდა დაეტოვებინა პარლამენტი, თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყოდა, ნურას უკაცრავად. ოპოზიციონერები უფრო გამეტებით ჩააფრინდნენ სავარძლებს. სკამების მიმართ მათი ასეთი ლტოლვა გასაგებია – ბევრი მათგანი ვეღარასდროს მოხვდება პარლამენტში.

მიშელის დოკუმენტის იავარქმნას დასავლეთი შეშფოთებით შეხვდა. ევროპამ და ამერიკამ მყისიერად გააკეთეს მწვავე განცხადებები. მწვავე განცხადებები მათ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გააკეთეს, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა, თავად მოუწოდეს ოპოზიციას პარლამენტში შედითო. დიდია იმის ალბათობა, რომ დასავლეთს მიშელის დოკუმენტის გაუპატიურების გამოც გადაუვლის ბრაზი.

დასავლეთი სანამ ისევ გაბრაზებულია, დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთნი ამტკიცებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს საბოლოოდ აქცია ზურგი და რუსეთისკენ აიღო გეზი. მეორენი ამტკიცებენ,რომ მმართველ პარტიას 43%-ის აღების იმედი არ აქვს და ამიტომ დახია დოკუმენტი. მიშელის დოკუმენტის თანახმად, „ოცნება“ თუ 43%ზე ნაკლებს აიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილის პარტიას მართლაც არ აქვს 43%-ის აღების იმედი, მაგრამ დოკუმენტი ამიტომ არ გაანულეს. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო „თაიმერს“ უყვება, რომ ივანიშვილს ქვეყანაში კრიზისის გამოწვევა სურს. რაც ვადამდელი არჩევნებით დასრულდება. სანამ საქმე ვადამდელამდე მივა, ივანიშვილს ოპოზიციის და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის “გაბანძება” სურს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს უნდა,რომ დასავლეთს ანახვოს,როგორი უპრინციპოა ოპოზიცია და მათ საკუთარი კეთილდღეობის გარდა სხვა არაფერი აინტერესებს.

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, მმართველ გუნდში ბევრი არ უჭერს ვადამდელის იდეას  მხარს. ისინი ხვდებიან, რომ ივანიშვილი ბევრი მათგანის ჩარეცხვასაც აპირებს. დასასრულს გრძნობენ, მაგრამ “ბელადს” წინააღმდეგობას ვერ უწევენ. ჩვენი წყაროს ცნობითვე, ოპოზიციაში უფრო ბევრი ეწინააღმდეგება ვადამდელს, ვიდრე პოზიციაში.

ვადამდელს დიდად არ უჭერს მხარს გიორგი გახარია. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მას გაქანებული საარჩევნო კამპანია აქვს გაჩაღებული. მასზე ივანიშვილი ისევ გაბრაზებულია. გახარიასთან საუბარს ისევ გაურბის, თუმცა გული აშკარად მოულბა. გუნდს განკარგულება მისცა, ხელი არ შევუშალოთ, ვუყუროთ, ერთი რას იზამსო. ეს ამბავი პრემიერყოფილამდეცაა მისული და ამიტომ დაქრის ქვეყნის მასშტაბით ასე ლაღად.

გახარიასგან განსხვავებით ივანიშვილი უფრო მკაცრია თავისუფალი მედიიის მიმართ. ამის მიუხედავად, თავის გუნდს უფლებას არ აძლევს, ბოლომდე მოგუდონ კრიტიკული მედია.

ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა ირაკლი კობახიძის შეცვლა. ივლისის თვეში პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა აერჩიათ. გადამწყვეტ მომენტში ივანიშვილმა უარი თქვა. კობახიძეზე მას გული აქვს აცრუებული, მაგრამ მიიჩნევს, რომ ახლა ის საჭიროა.
– კობახიძე “კომსომოლკაა”, მაგრამ საარჩევნო საქმეებს კარგად უძღვება, – ასეთია ოლიგარქის პოზიცია.

მისი ქმედებები არჩევნებზე მოსწონს, მაგრამ კობახიძეს ძველებურად აღარ ენდობა. ამის ნათელი მაგალითია თბილისის მერად კახა კალაძის წარდგენა, რომელიც კობახიძემ დააპირისპირა ივანიშვილთან. იყო პერიოდი, როცა ივანიშვილს კალაძის დანახვა არ სურდა და ისიც მილანში აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი მის ჩატარებას მომავალ წელს გეგმავს.

თაიმერი

ექსკლუზივი

banner
წინა სტატიაშიჟიურის წევრობაზე უარი თქვა რეზო თაბუკაშვილმა
შემდეგი სტატიაკონკურს “ლიტერას” პროტესტის ნიშნად მწერალი და გამომცემელი, ზვიად კვარაცხელიაც ტოვებს